მრავალი წელია, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებებისთვის გერმანულ კომპანია "ადიდასს" ამერიკული "ნაიკი" ებრძვის. ეს ბუნებრივიცაა, ამერიკელებს ძლიერი პოზიციები აქვთ სპორტის სხვა სახეობებში. მაგრამ შეჯიბრებათა დიდი ნაწილი, სადაც "ნაიკი" ლიდერობს, აშშ-შია პოპულარული. გზა ევროპისკენ კი ფეხბურთზე გადის, მაგრამ ის "ადიდასის" საბრძანებელია.
"ადიდასის" დამაარსებელი ადოლფ დასლერი 1900 წლის 3 ნოემბერს დაიბადა გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ ჰერცოგენაურახში, ღარიბ ოჯახში. მამა მცხობელი იყო, დედა კი სამრეცხაოში მუშაობდა. ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ინფლაცია და უმუშევრობა მძვინვარებდა. ომის დამთავრებამ კი მძიმე ვითარება პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა - ფრონტიდან დაბრუნებული ათასობით ჯარისკაცი სამუშაოს ეძებდა. სწორედ მაშინ დაიწყო დასლერის ოჯახმა ფეხსაცმლის კერვა.