2020 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მგლისა და ტურის პოპულაციების დათვლას და შემდგომ მონიტორინგს განახორციელებს.
ამის შესახებ უწყების 2020 წლის გეგმებშია ნათქვამი. ამასთანავე, სააგენტო გეგმავს, საქართველოს წითელი ნუსხის, ურბანული და დეკორატიული მცენარეთა გამოყვანას; ნაკადულის კალმახის გამრავლებას და ბუნებში გაშვებას; მგლისა და ტურის ზემოქმედების შესწავლას ველურ ბუნებასა და შინაურ ცხოველებზე - განხორციელდება მგლისა და ტურის პოპულაციების დათვლა და შემდგომი მონიტორინგი. შესწავლის შედეგად, გამოიკვეთება პოპულაციების სამომავლო რეგულაციების შესაძლო მასშტაბები და დადგინდება კვოტირებების რაოდენობა; განხორციელდება კრწანისის ტყეპარკის შეღობვის სამუშაოები, ტბორების (ჯამში 27 ჰა) აღდგენა და დათევზიანება, „წითელი ნუსხის“ დენდროექსპოზიციის მოწყობა. ასევე, 1000 კვტ. მზის ელექტრო სადგურსა და პარკის შიდა განათების მოწყობა, საირიგაციო სისტემის აღდგენა.
სააგენტო გააგრძელებს მუშაობას სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების მიმართულებით. კერძოდ: 2020 წელს, დასრულდება მუშაობა „სანადირო სახეობების აღწარმოებისა და მართვის შესახებ“ კანონზე, რომლის მიზანი, მონადირეთა ჩართულობით და თანამედროვე სამეურნეო პრინციპების გამოყენებით, სანადირო სახეობათა მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევაა. კანონი ახლებურად უდგება სამონადირეო სალიცენზიო მეურნეობების, ზოგადად ნადირობის, ტრადიციული ბაზიერობის, სანადირო სახეობათა აღწარმოებისა და საზოგადოებრივი სავარგულების მართვის საკითხებს;
სააგენტო იმუშავებს სახეობათა აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის დაგეგმვაზე, სალიცენზიო ფართობების იდენტიფიცირებასა და სალიცენზიო პირობების შემუშავებაზე სახეობათა და ჰაბიტატების კუთხით;
გაგრძელდება მუშაობა მონადირეთა და მეთევზეთა სერტიფიცირების, სხვადასხვა სახეობის ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ავტორი: ინგა მურუსიძე
წყარო: http://bm.ge
|