საქართველოში მგელი დევნას განიცდის. მას ბრალდება ყველაფერი - ის რაც ჩაუდენია და ისიც, რასთანაც კავშირი არ აქვს. სწორედ ამ მტრობის გამო, ხშირია მგლების ოჯახის დახოცვა, ლეკვები კი ან იღუპებიან, ან ჩვენთან, ზოოპარკში ხვდებიან.
სოლიტარული ცხოველებისგან განხვავებით, რომელთათვისაც საკვების მოპოვება თანდაყოლილი ქცევაა, მგლებს ნადირობის დასწავლა სჭირდებათ. თუკი 3 თვის ასაკამდე, დედა და მამა მგელმა, ლეკვს ნადირობა არ ასწავლა, მან შესაძლოა ვერასდროს ინადიროს.
თითოეულ ხროვას ნადირობის სპეციალიზებული მეთოდი აქვს. ეს ჯგუფური მოქმედებაა, სადაც ყველა მონაწილეს თავისი როლი აქვს. ამიტომაც, ძნელია ადამიანმა ასწავლოს მგელს ნადირობა. ეს ართულებს ბუნებაში მათ დაბრუნების პროცესსაც.
„ადამიანის ცნობიერებაში მგელი ბოროტმოქმედია. თუმცა, რეალურად, ის ჩვეულებრივი ცხოველია, რომელიც გადარჩენას და საკვების მოპოვებას ცდილობს. თუკი ბუნებაში არ არის საკმარისი რაოდენობის საკვები და მგელი ტყეში უპატრონოდ მიშვებულ საქონელს ნახავს, რა თქმა უნდა მის მოპოვებას ეცდება“.
სწორედ აქედან იწყება ის კონფლიქტი, რაც საქართველოში დღემდე საკმაოდ მძაფრად იგრძნობა. პერიოდულად გაისმის ხოლმე მგლის განადგურების მოწოდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას და რა მიმართულებით განვითარდება ეკოსისტემა ბალანსის დარღვევის შემთხვევაში.
შინაური საქონელი, რომელიც ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე იმყოფება ტყეში, მგლისთვის ადვილი მოსაპოვებელია. ძნელია მტაცებელს „აუხსნა“, რატომ არ შეიძლება ძროხის შეჭმა.
„როცა საქონელს პატრონობენ და ძაღლების სახით დაცვაც მიჰყვება, გაცილებით ნაკლებია ზარალი. ამიტომაც, თუკი ჩვენს ქონებას მივხედავთ და ტყეებშიც გაიზრდება ჩლიქოსანთა რაოდენობა, რაც ასევე ადამიანის ზემოქმედებით არის შემცირებული, კონფლიქტიც აღარ იქნება ასეთი მწვავე“.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!