გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - მ.ტ. და მ.ქ, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მოქალაქეებს ჩამოერთვათ და დაილუქა სამართალდარღვევის იარაღები.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.
შეგახსენებთ ასევე, რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი კალმახისა.
|