საქართველოში არსებული 44 წყალსაცავიდან რამდენიმე თბილისშია, მათ შორის, თბილისის ზღვა, ლისის ტბა და კუს ტბა. თითოეულს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, - თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილებია.
თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა (სამგორის წყალსაცავი), რომელიც აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავიც გახლავთ, ივრის ზეგანზე, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. თავის დროზე მლაშე ტბების - ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას შეიქმნა. ამ სტატუსით ფუნქციონირება 1953 წლიდან დაიწყო. ამ პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი იყო.