რაჭაში, კერძოდ, ლეკნარსა და შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი რაოდენობით ხე-ტყის ჩეხვა სისტემატურად მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია ALLNEWS.GE-ის მოქალაქემ მიაწოდა. თამთა ფაღავას თქმით, ადგილზე დანადგარები მუშაობენ, რომლებიც ტყის კაფვასა და ხის მასალის გადატანას ახორციელებენ. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნა, ტყის ჩეხვა, დაახლოებით, 2012 წლიდან დაიწყო. "მოსახლეობამ ლეკნარისა და შაორის ტბის მიმდებარე ტყის საფარის განადგურების ფაქტი გააპროტესტა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ტერიტორია რომელიღაც კომპანიას ეკუთვნოდა"- განაცხადა თამთა ფაღავამ,- "დანამდვილებით არაფერი ვიცი, თუმცა როგორც გვითხრეს საუბარია "ატუ"-ზე". ALLNEWS.GE დაინტერესდა აქვს თუ არა ადგილი ტყის უკანონო ჩეხვას და რა მიზნით იკაფება ხეები ლეკნარისა და შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კომპანია "ლიცენზიანტია და სოციალურ ჭრებს ახორციელებს". "ასოციაციას, თავისი არსებობის განმავლობაში, განხორციელებული აქვს 80-ზე მეტი დიდი და საშუალო მოცულობის საქველმოქმედო პროექტი. აღნიშნული პროექტების საფუძველზე შექმნილი მატერიალური ფასეულობები პერიოდულად, დასრულებისთანავე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემოდა სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ასოციაცია "ატუ" თავისი ძალებით ახორციელებს მშენებლობებს, რაშიც ხის მასალას იყენებს, რის შეძენაც ბაზარზე საკმაოდ შეზღუდულია. ასოციაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით, პერიოდულად, წერილობით მომართავდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობისთვის საქართველოს მთავრობის წინაშე სამასალე მერქნის გამოყოფის შესახებ"- ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ 2014 წლის 13 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ასოციაცია "ატუ"-მ საბოლოო ჯამში 156 ჰექტარი ფართობის ტერიტორია აითვისა. 2015 წლის 24 აგვისტოს, № 1757 განკარგულების საფუძველზე, მისთვის რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის რეგიონებში ტერიტორიებია გამოყოფილი, სადაც მას 16 824 კბმ ხე-ტყის დამზადება შეუძლია. თამთა ფაღავას თქმით, იმ მომენტისთვის, როდესაც ის ტერიტორიას ტურისტული მიზნით ეწვია, მეწყერი იყო ჩამოწოლილი, ტრაქტორით განადგურებული და ჭაობად ქცეული გზები კი გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა. ამის საპირისპიროდ, ეროვნულ სატყეო სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ტყის კაფვა ჭრის წესების სრული დაცვით მიმდინარეობს, ამიტომ ასოციაცია "ატუ"-სთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება ეკოლოგიურ მდგომარეობას არ გააუარესებს, მათ შორის არც მეწყერს გამოიწვევს. ALLNEWS.GE-კითხვაზე ხდება თუ არა მოჭრილი ხეების ახლით ჩანაცვლება სატყეო სააგენტოში განმარტეს, რომ ტყეკაფები ინიშნება იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი განახლება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ "საქართველოში 9 500 ტყეა გამქრალი, რაც დაახლოებით 4-5 მილიონ ხეს ითვლის. ამავდროულად ეროვნული სატყეო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ საინფორმაციო სტატიაში ვკითხულობთ: "ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე (მსოფლიოს ტყეების დიდი რეგიონები "გამოიმუშავებენ" ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50 %-ს). ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკოლოგიური წონასწორობისა ბიოსფეროში, უდიდესი დამგროვებელი მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასისა".
სალომე აბულაშვილი
მასალის გამოყენების პირობები |