26-10-2015
ოჩხი - თევზების "სასაფლაო""თუ ბრაკონიერობას აღმოვფხვრით, საქართველოს მდინარეებში თევზი ულევად იქნება"
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქარელის რაიონში, ახალსოფელში, მდინარე მტკვრიდან 14 ბრაკონიერული ხელსაწყო - ოჩხი ამოიღო. ასე ჰქვია უზარმაზარ საბურავს, რომელსაც ერთ მხარეს თუნუქის ფურცელს ამოაკრავენ, შიგ ქვებს ჩააწყობენ, მავთულებით გადააბამენ რამდენიმე ასეთივე ოჩხზე და მდინარის ფსკერზე დაალაგებენ. თევზების სიკვდილის მანქანას მსხვილი გვარლით ნაპირზეც ამაგრებენ, რომ წყალმა არ წაიღოს. იმის გამო, რომ საბურავში ქვები აწყვია და წყლის დინება არ იგრძნობა, წყალი თბება და თევზიც გამოსაზამთრებლად შედის, ბრაკონიერები კი ასე იოლად დაჭერილი თევზით ხელს ითბობენ.
ერთ დიდ ბორბალში 30-50 კგ თევზი იბუდებს. ზამთარში, განსაკუთრებით კი - საახალწლოდ, კილოგრამი მდინარის ცოცხალი 30 ლარადაც კი იყიდება...
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსი ნოდარ კაცაძე:
- ოჩხებს სექტემბრიდან ალაგებენ მდინარეში და ნოემბრის შემდეგ ამოაქვთ. მსხვილ გვარლს, რომელზეც საბურავების ჯაჭვია დამაგრებული, სატვირთო ავტომობილზე ან ტრაქტორზე დაამაგრებენ და ისე სწრაფად ქაჩავენ წყლიდან, რომ თევზი საბურავიდან გამოსვლას ვერ ასწრებს. ქარელისა და კასპის რაიონებსა და ბორჯომის ხეობაში ბრაკონიერობა პროფესიად აქციეს და ყველა ხერხით ცდილობენ მდინარეში თევზის განადგურებას. ხშირია როგორც ოჩხების, ისე ელექტროსაჭერი აპარატურის და სახლართი ბადეების ამოღების ფაქტები.
გაოგნებული ვართ, რომ მოსახლეობას არ ესმის, რას სჩადის. ოჩხების დაგება ჩვენი ტრადიციააო, მითხრეს ბორჯომის ხეობის სოფელ ცხრაჯვარში. წინათ ქალს რომ ვათხოვებდით, მზითევში ოჩხებს ვატანდითო. საბურავის ოჩხი განახლებული ტექნოლოგიაა. ძველი ოჩხები ქვისგან კეთდებოდა. ქვებს ისე ალაგებენ, რომ წყლის დინება არ იგრძნობოდა, ჩადებდნენ უზარმაზარ ფაცერს და ზამთრის პირზე უამრავი თევზი ამოჰყავდათ. მერე აღმოაჩინეს, რომ საბურავებით უფრო მეტი თევზის დაჭერა შეიძლება. კანონმდებლობით, თუ ფაქტზე არ დაიჭირე, ფოტო და აუდიოფაქტებით არ გაამყარე მხილება, შესაძლოა, ბრაკონიერი სასამართლომ გაათავისუფლოს...
- ბრაკონიერებს არც შეგონება ესმით, რომ ბუნება შვილებს უნდა შეუნახონ?
- მათ არ ესმით, რას ნიშნავს გარემოს დაცვა და არც ის, დღეს რომ ასე ანადგურებენ თევზს, ხვალ გასაყიდი კი არა, ოჯახის სამყოფიც აღარ იქნება. არც ის ესმით, რომ საბურავი აბინძურებს მდინარეს, წამლავს წყალს. ახლა ოჩხებზე ვნადირობთ, რომ ბრაკონიერებს ხელი მოეცაროთ. სხვა შემთხვევაში მათი დაჭერა ბაზრებსა და რესტორნებში შეიძლება, სადაც თევზი სარეალიზაციოდ მიაქვთ, მაგრამ იქ ფინანსური სამსახური უნდა ერთვებოდეს - ჩვენ უფლება აღარ გვაქვს, იქაც ვიბრძოლოთ. ვცდილობთ, საქმე სავაჭრო წერტილებამდე არ მივიდეს და თევზის განადგურება არ დასცალდეთ.
ვთხოვთ მოსახლეობას: ეს ქვეყანა თქვენი შვილებისთვის ხომ გინდათ?! მოეშვით მავნებლობას და თუ სხვა მავნებლობს, ან გადააფიქრებინეთ, ან დაგვიძახეთ, თორემ კრიტიკულ ზღვარს მივუახლოვდებით. თუ ბრაკონიერობას ამოვფხვრით, საქართველოს მდინარეებში თევზი ულევად იქნება.
ბრაკონიერებს შეწირული ალბინოსი კალმახები
ორი წლის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ ცნობილი ტელეარხის - "სტრიმის" ავტორები და წამყვანები სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკები. გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. როგორც მათი მასპინძლებისგან, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის