ზოოპარკის ტერიტორიაზე წარმოუდგენლად რთული სიტუაციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ზოოპარკის ნახევარი ისევ დატბორილია და მაშველები წყალში ნაპოვნი ცხოველების გამოყვანას ნავებით ცდილობენ.
"ტერიტორიაზე ამ დროისთვის აღმოჩენილია 3 გარდაცვლილი, რომელთაგანაც ორი ჩვენი ძალიან სტაჟიანი და გამოცდილი მომვლელი იყო. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი კიდევ ერთი თანამშრომლის ძებნა, თუმცა მისი პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რაც შეეხება ზოოპარკის ბინადრებს, რამდენიმე წუთის წინ ერთი აფთარი ვიპოვეთ, რომელიც სადღაც კუთხეში იყო შეყუჟული. ასევე ვიპოვეთ რამდენიმე პინგვინი, რომლებიც საცურაო აუზის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ასე, ნაწილ-ნაწილ ვახერხებთ ცხოველების პოვნას, თუმცა, სამწუხაროდ, ზოოპარკის ქვედა ნაწილი საერთოდ აღარ არსებობს. არ არის არც ცხოველები, არც ვოლიერები. გადარჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც ზოოპარკის ზედა ნაწილში იყვნენ განთავსებულნი. ძირითადად ესენი არიან ჩლიქოსნები, ასევე თეთრი ლომები და ლეოპარდები, რომლისთვისაც ამ ზედა ტერიტორიაზე ახალი ვოლიერები იყო აშენებული", - განაცხადა მზია შარაშიძემ.
მისივე თქმით, ზოოპარკის ტერიტორიაზე წყლის ნაკადმა ათეულობით მანქანა და მორები ჩ
ამოიტანა. რაც შეეხება დაღუპულ ცხოველებს, როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის შეუძლებელია დაღუპული ცხოველების რაოდენობაზე საუბარი. გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით კი, მისი თქმით, ზოოპარკში მოსახლეობა პერიოდულად რეკავს სხვადასხვა უბნებიდან, სადაც ზოოპარკის წარმომადგენლების გასვლა ხდება.
უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ!!!! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ!!! 595333572!!! - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის განცხადებაში.
წყარო: http://ambebi.ge
|