ძაღლის გავრცელებული, ნაცნობი ჯიშების გარდა, არსებობს საკმაოდ ბევრი უჩვეულო ჯიშიც, რომლებიც განსაკუთრებულ გარემოსა და შესასრულებელ ამოცანებს შეეგუვნენ . რამდენიმე მათგანი ათასობით წლის განმავლობაშიც არ შეცვლილა.
გამორჩეული ძახილი კუნძულ ახალ გვინეაზე (ჩრდილოეთი ავსტრალია) ბინადრობს უჩვეულო ტიპის ველური ძაღლი, რომელიც ნაწილობრივ მოშინაურებულად ითვლება. ახალგვინეური მომღერალი ძაღლი ცნობილია თავისი განსაკუთრებული ხმოვანი სიგნალებით, რომელიც ჰგავს იოდლს (სიმღერის მანერას ხმოვანი რეგისტრების სწრაფი ცვლით). როგორც კი ძაღლი ძახილს დაიწყებს, სხვა წევრებიც აჰყვებიან. მათ ძალზე ეფექტურად შეუძლიათ ტონის სიმაღლის შეცვლა, კარგად ეხერხებათ მიბაძვა _ როდესაც სხვა ძაღლები აყეფდებიან, ისინიც ყეფას იწყებენ.
უჩვეულო ქცევა ახალგვინეური მომღერალი ძაღლის რამდენიმე ქცევა სრულიად უნიკალურია და სხვა ჯიშებში არ გვხვდება (მაგალითად, როდესაც ყურადღებას ითხოვენ, თავს სწრაფად გვერდზე გადაწევენ), რაც ადასტურებს, რომ ისინი დიდხანს არსებობდნენ იზოლირებულ გარემოში. ნახევრად ველურ ახალგვინეურ მომღერალ ძაღლებს, გამოკვლევების თანახმად, მგლებთან შედარებით ნაკლებად ახასიათებთ ხროვებად ცხოვრება, თუმცა ნადირობა შესანიშნავად ეხერხებათ, ამასთან ბუნებით უფრო აგრესიულები არიან თავისივე ჯიშის ძაღლების მიმართ. ამ ჯიშის ძუები ხროვაში დომინანტები არიან – ეს კიდევ ერთი უჩვეულო თვისებაა. ნამდვილი შინაური ძაღლებისგან გამოირჩევიან მკვეთი კბილების ზომით, რომელთაც ხორცის ლუკმებად დასაქუცმაცებლად იყენებენ, რათა ადვილად გადაყლაპონ. ახალგვინეური ძაღლის კბილები შესამჩნევად დიდია, რაც დამახასიათებელია ძაღლი- სებრთა გარეული წარმომადგენლებისთვის. ამ ჯიშის ინდივიდები ძირითადად ახალ გვინეაში ცხოვრობენ, თუმცა არც ისე მრავლად. რამდენიმე მათგანი ჰყავთ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
ნათესაობა დნმ ანალიზის თანახმად, ახალგვინეური მომღერალი ძაღლი ყველაზე მეტად ენათესავება დინგოს, რომელსაც, სულ მცირე, 5000 წლის წინ ცალკე ხაზად გამოეყო. შინაური ძაღლებიდან კი ყველაზე ახლოს დგანან ზოგიერთ აზიურ უძველეს ჯიშთან.
ძველი იაპონური ჯიში ძაღლების როლი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა – მათ სხვადასხვაგვარი სამუშაოს შესრულება დაიწყეს, თუმცა თავდაპირველად ბევრი მათგანი მონადირეებად ჰყავდათ. ახალგვინეურ მომღერალ ძაღლთან საერთო გენეალოგიის მქონე ერთ-ერთი ჯიშია იაპონური აკიტა, რომლის დახმარებითაც, XVII საუკუნეში, იაპონიის მმართველი ფენა კუნძულ ჰოკაიდოზე დათვებზე ნადირობდა. შემდგომ ეს ჯიში ძაღლების ორთაბრძოლისთვის გამოჰყავდათ. ამჟამად კი აკიტა ჰყავთ მოდარაჯედ, პოლიციურ ძაღლად და გაჰყავთ გამოფენებზე.
გადაშენების საფრთხე გადაშენების საფრთხე უფრო ემუქრება სპეციალიზებულ მუშა ჯიშებს, თუმცა ბოლო დროს შესამჩნევად გამრავლდა მათი წარმომადგენელი _ პორტუგალიური წყლის ძაღლი, რომელსაც საერთო გენეალოგია აქვს სტანდარტულ პუდელთან. ამ ძაღლს წინათ ალგარვეს (პორტუგალია) სანაპიროზე ამუშავებდნენ გემებზეც: წყალში თევზის ქარავანს შენიშნავდა თუ არა, ყეფით აცნობებდა მეთევზეებს, ასევე აფრთხილებდა გემებს _ ნისლში ერთმანეთს არ დასჯახებოდნენ.
სახელგანთქმული ჯიში XX საუკუნის 60-იანი წლებისთვის პორტუგალიური წყლის ძაღლის 50-მდე ინდივიდიღა იყო დარჩენილი. ახლა ისინი გაცილებით მრავლად არიან ამავე ჯიშის ძაღლის _ ბოს წყალობით, რომელიც საყვარელ ცხოველად შეარჩიეს პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ოჯახმა.
ხეზე ნადირობა კუნჰაუნდებს აქვთ ძაღლისთვის სრულიად უჩვეულო რამდენიმე მონადირული თვისება. აშშ-ში გამოყვანილი ეს ჯიშები, რომლებიც სხვა ქვეყნებში იშვიათად გვხვდება, ხშირად ნადირობენ ენოტებზე. თუ ცხოველმა ხეზე აასწრო, ისინი ძირს რჩებიან, უყეფენ, ხტებიან და ხეზე ასვლას ცდილობენ, ამიტომაც მათ მეხეურ ძაღლებსაც უწოდებენ. ეს სანადიროდ გაწვრთნილი კუნჰაუნდის (მარჯვნივ) ქცევაა.
ფრთხილად! ახალგვინეური მომღერალი ძაღლები იმდენად მარჯვენი არიან, რომ ცოცვასა და ხტუნვაში კატებს ტოლს არ უდებენ; ასე რომ, საიმედოდ შემოღობეთ ეზო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!