სასწავლო პროგრამა ჩატარდა კინოლოგიური პროექტის ფარგლებში, რომელიც 2013 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია ჩატარდა. სწავლება ორ ეტაპად წარიმართა: პირველი ეტაპი, სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიმდინარე წლის 17 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხუთმა თანამშრომელმა. აღნიშნული ვიზიტი ტრენერთა ტრენინგსაც მოიცავდა. სწავლების მეორე ეტაპი აშშ-ში გადამზადებული ინსტრუქტორების მიერ საქართველოში, სხვადასხვა სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამმა თანამშრომელმა მიიღო.
ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების, აგრეთვე, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები დაესწრნენ. გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო პროგრამა ჩატარდა კინოლოგიური პროექტის ფარგლებში, რომელიც 2013 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს.