დედაქალაქის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის განცხადებით , ცხოველების მოვლა-პატრონობის მართვის წესთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება.
როგორც დედაქალაქის საკრებულოდან გვაცნობეს, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ "იმედის" არხზე, გუშინ გადაცემა "იმედის კვირაში" გავრცელებული ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, გადაცემის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მას "იმედის" ჟურნალისტი დაუკავშირდა, რომელსაც დეპუტატმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფრომაცია მიაწოდა, თუმცა ბუხრაშვილის თქმით, მისი არც ერთი განმარტება გადაცემა "იმედის კვირაში" არ გაჟღერებულა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნულ წესთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება.
"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო გუშინ, გადაცემა "იმედის კვირაში" გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოსდა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია, დაჩქარებული წესით აპირებს ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესში, ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდინებისა და ევთანაზიის გამოყენებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა იმისა, რომ მე, გადაცემის ეთერში გასვლამდე პირადად ვესაუბრე ჟურნალისტს, გადაცემის მსვლელობის დროს, საკრებულოს პრესამსახურის ხელმძღვანელი ,,იმედის კვირის" პროდიუსერს დაუკავშირდა და საზოგადოების ზუსტი ინფორმირებისათვის ჩემი პირდაპირ ეთერში ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც მან უარი მიიღო.
მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის მერიიდან საკრებულოში მიმდინარე წლის 2 მარტს შემოვიდა, რის შემდეგაც წარმომადგენლობით ორგანოში არაერთი სხდომა გაიმართა.
გარწმუნებთ, რომ აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისა და გადაწყვეტილების ინციატივით გარემოს დაცვის ან რომელიმე სხვა კომისია არც ერთ სხდომაზე არ შესულა", _ აცხადებს ბუხრაშვილი.
მისივე თქმით, პირიქით, გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში მოწვეული იყო არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ პროექტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
მისივე განცხადებით, პროექტის საბოლოო ვერსია ჯერ არ დამტკიცებულა. "შესაბამისად, აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული საკითხით გულწრფელად დაინტერესებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო არა მხოლოდ ძაღლების, არამედ თბილისის ტერიტორიაზე, ურბანულ გარემოში მცხოვრები ყველა ცხოველის უფლებებს თანაბრად იცავს", _ განაცხადა ბუხრაშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ წესი, რომელიც საკრებულომ უნდა მიიღოს, ძველი წესის გაუქმებას განაპირობებს, რომელიც საკრებულომ 2012 წლის 31 აგვისტოს მიიღო. "მინდა შევახსენო ჩემს ყოფილ კოლეგას, ქალბატონ ინგა გრიგოლიას, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იგი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახლდათ", _ აღნიშნა ბუხრაშვილმა.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ საკითხი საკრებულოს სხდომაზე, მე-9 ოქმის შესაბამისად, მესამე საკითხად იყო გატანილი.
"აღნიშნულ სხდომაზე, რომელსაც ინგა გრიგოლიაც ესწრებოდა, მიღებული იქნა პროექტი, რომლის მეცხრე მუხლი "ცხოველების მოკვდინებით" სათაურდება და გვეუბნება, რომ მოკვდინებას ექვემდებარებიან ის ცხოველები, რომელთაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ ადამიანისათვის საშიში დაავადება. მუხლში ასევე ნათქვამია, რომ ცხოველის მოკვდინება დასაშვებია ვეტერინარის მიერ ცხოველთა თავშესაფარში და უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით.
დოკუმენტი ერთხმად, ოცდათოთხმეტი ხმით არც ერთის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული ", _ განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.