მთავარი » 2015»მარტი»4 » ტყეში დაკარგული უსინათლო ძაღლი 40 გრადუს ყინვას გადაურჩა
20:27:27
ტყეში დაკარგული უსინათლო ძაღლი 40 გრადუს ყინვას გადაურჩა
ლაბრადორის ჯიშის უსინათლო ძაღლი, სახელად მედერა პატრონთან ერთად ალასკაზე ცხოვრობს. თებერვალში, საშინელი ყინვების დროს, ის სახლიდან სასეირნოდ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. პატრონი ედ დევისი რამდენიმე დღე ეძებდა მას, თუმცა, ძაღლი არსად ჩანდა. ძაღლი სახლიდან გავიდა 6 თებერვალს; იმ დღეს, როდესაც ტემპერატურა -40 გრადუსზე დაიწია. ძაღლის პატრონის თქმით, მედერა ყოველ დღე გადიოდა ეზოს სიახლოვეს, სეირნობდა და ისევ სახლში ბრუნდებოდა, თუმცა, იმ დღეს უკან აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, დევისს თავისი ბინადარის პოვნის იმედი გადაეწურა, რადგან შეუძლებელია, ძაღლი გადარჩენილიყო მსგავსი ყინვების დროს. "ორი დღე ვეძებდი მას, ვფიქრობდი, გაყინული მაინც მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ",- ამბობს დევისი. ერთ დღეს დევისის მეზობელი კონსტანტინ კრულევი ალასკის ტყის გავლით მოტოციკლით მიდიოდა. ტყე რამდენიმე მილით არის დევისის სახლიდან დაშორებული, სწორედ იქ იპოვა მან მეზობლის ძაღლი. "როცა მან გაიგო მოტოციკლის ხმა, ტყის სიღრმიდან გამოვიდა."- ამბობს კრულევი. მამაკაცმა მეზობელს ძაღლის დაბრუნებისთვის 100 დოლარი სთხოვა, რომ ფული ცხოველთა დახმარების ცენტრში გადაერიცხა. დევისი იმდენად გახარებული იყო, რომ ძაღლის დაბრუნებისთვის 250 დოლარი გადაიხადა. მედერამ თავისი "მოგზაურობის" პერიოდში, მხოლოდ 6 კილო დაიკლო. პატრონი გაოცებული იყო, რადგან უსინათლო ძაღლი, სხვა მხრივ, ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!