უილიამ დამპყრობლის მიერ ინგლისში ჩამოყვანილი სერიოზული გამომეტყველების მქონე ბლადჰაუნდი ლიტერატურასა და ლეგენდებში შევიდა, როგორც მეძებარი ძაღლის არქეტიპი. ეს ძაღლი მსხვერპლს არასოდეს კლავს. ბლადჰაუნდის წინაპრები VIII საუკუნეში ბელგიაში ცხოვრობდნენ. ამ ძაღლს ფლამანდიურ მეძებარსაც უწოდებენ. მას შეუძლია აიღოს ნებისმიერი სუნი, ადამიანისაც კი, რაც იშვიათად ახასიათებთ ძაღლებს. მგრძნობიარე, წყნარი და მორცხვი ბლადჰაუნდი თავისი პატრონის ერთგული ხდება და კარგად ეწყობა როგორც ადამიანებს, ასევე სხვა ძაღლებსაც. ის იშვიათად ავლენს სიავეს. მაგრამ თუ რომელიმე სუნით დაინტერესდება, უმართავი ხდება და ბრძანებებს აღარ ემორჩილება. ჯიში მიდრეკილია მეტეორიზმისკენ, ამიტომ აჭამეთ დღეში ორ-სამჯერ და ცოტ-ცოტა.
იმისათვის, რომ ზრდასრულ ბლადჰაუნდს კვალის აღების ჩვევა კარგად განუვითარდეს, მისი წვრთნა უნდა დაიწყოთ ადრეული ასაკიდან. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისკენ მიდრეკილების გამო ბლადჰაუნდი ლეკვობიდანვე უნდა უზრუნველყოთ რბილი საწოლით, რომ სახსრებზე კოჟრები არ გაუჩნდეს.
ბეწვი
მოკლე და სქელი, ერთიანად წითური ან ჩალისფერი, შავი ან ღვიძლისფერი ლაქებით.
ტანი
გრძელი და ღონიერი; ის უფრო ამტანად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია.
კუდი
გრძელი და ვიწრო.
თვალები
ძირითადად, მუქი ან ღია თაფლისფერი.
ცხვირი
ტყავისებრი, შავი ფერის, დიდი, ღია ნესტოებით.
სახე
გრძელი და ფართო, დიდებულებისა და ღირსების გამომხატველი გამომეტყველებით. როცა თავდახრილია, კანი ეშვება და ნაკეცებად ეკიდება, განსაკუთრებით შუბლსა და ლოყებზე.
კანი
მოშვებულია. მისი ფართობი ტანის ზედაპირის ფართობს გაცილებით აღემატება.
ფეხები
წინა ფეხები აქვს სწორი და დიდი, უკანა ფეხები – მეტად დაკუნთული.
თათები
ძლიერი და გამოკვეთილი თითების სახსრებით.
იცით, რომ...
ბლადჰაუნდი "სისხლის მეძებარს" ნიშნავს, მაგრამ ეს სახელი უფრო მიანიშნებს მის არისტოკრატიულ წარმოშობაზე, რადგანაც იგი დღემდე შემონახული სუფთა სისხლის ძაღლია.
მისი ბეწვის მოვლა ადვილია მაგარი ჯაგრისით. აბანავეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. გაწმინდეთ უხეში პირსახოცით ან ნატით, იმისათვის, რომ ბეწვმა იპრიალოს.
ცოტა გასაკვირია, რომ სერიოზული, დაფიქრებული გამომეტყველების ბლადჰაუნდი, მულტფილმებისა და ფილმების ისეთი პერსონაჟების გვერდით აღმოჩნდა, როგორიც არიან: პლუტო – მიკი მაუსის საყვარელი ძაღლი, ჰაკლბერი ჰაუნდი და სხვ. ბლადჰაუნდებს უყვართ სირბილი და ესაჭიროებათ ბევრი ვარჯიში. გაშლილი მინდორველი, სადაც ერთმანეთში ირევა სხვადასხვა სურნელი, ამ ძაღლს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
მონაცემები:
წარმოშობა – ბელგია
მთავ. დანიშნულება – კვალის აღება
ტემპერამენტი – წყნარი, მგრძნობიარე
სიც. ხანგრძლივობა – 8-10 წელი
მოვლა – მინიმალური
ვარჯიში – ინტენსიური
მოდარაჯე – არაეფექტური
ხვადი
41-43 სმ;
10-12 კგ
ძუ
38-41 სმ;
9-10 კგ