მთავარი » 2015»იანვარი»6 » ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მურა დათვის აღრიცხვა განხორციელდა
13:39:36
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მურა დათვის აღრიცხვა განხორციელდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა საკვლევ რეგიონში მურა დათვის აღრიცხვის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია.იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“ CNF-ის, UNDP-ის, GIZ-ის და GEF-ის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კვლევას ატარებს ბუნების სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ პროექტში მონაწილე რეინჯერები. პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე, გაიმართა პროექტის პირველი ეტაპის საქმიანობის შეჯამება. მოპოვებული მასალების საფუძველზე, ჩატარდება გენეტიკური ანალიზი და დადგინდება ეროვნულ პარკში მურა დათვის სახეობის რაოდენობა. გენეტიკური მეთოდის გამოყენებით, ბიომრავალფეროვნების მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია სახეობების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ასევე ეკოსისტემაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების სტაბილურობის დასადგენად.
ახალგაზრდა თაობებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტში, ასევე, მონაწილეობდნენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო სპეციალური ეკობანაკები, სადაც მათ ჩაუტარდათ ტრეინინგები. მოხალისე სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი უშუალოდ კვლევის პროცესშიც.
პროექტი 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს დასრულდება. სამომავლოდ, იგეგმება ფოცხვერის, არჩვისა და კეთილშობილი ირმის სახეობების აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ არჩვის აღრიცხვისთვის, პირველად იქნება გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!