მთავარი » 2014»ნოემბერი»15 » "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" - სვანიძის ქუჩაზე ძაღლების თავშესაფარში შესაბამისი სტანდარტები დაცულია
16:56:50
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" - სვანიძის ქუჩაზე ძაღლების თავშესაფარში შესაბამისი სტანდარტები დაცულია
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" ინფორმაციით, სვანიძის ქუჩაზე არსებულ ძაღლების თავშესაფარში შესაბამისი სტანდარტები დაცულია. ორგანიზაციის წარმომადგენლები თავშესაფარში გუშინ მივიდნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. როგორც "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის წევრი, თიკო ნიბლოშვილი აცხადებს, სანიტარული პირობები დამაკმაყოფილებელია და ძაღლებს თავშესაფარში კარგად უვლიან.
"მდგომარეობა არის ფანტასტიკური. ასეთი მდგომარეობა იმ თავშესაფრებშიც კი არ არის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. არის სისუფთავე, კარგი კვება და კარგად უვლიან ძაღლებს. ამაზე დიდ საქმეს ადამიანი ვერ გააკეთებს. მიგვაჩნია, რომ აქ კეთდება ძალიან დიდი საქმე. ამ საქმეს წესით ხელისუფლება უნდა აკეთებდეს",-აცხადებს ნიბლოშვილი.
თავშესაფარი სვანიძის ქუჩაზე 2004 წლიდან არსებობს. ამ დროისათვის თავშესაფარში 300-მდე ძაღლი, შვიდი დათვი და ერთი ბელია.
კერძო თავშესაფრის პრობლემები 11 ნოემბერს საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მონაწილე მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც თავშესაფრის მეპატრონე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რამდენიმე მეზობელი თავშესაფრის წინააღმდეგ პირადი გამორჩენის მიზნით ჩივის.
"თავშესაფარს დაუდგა სერიოზული პრობლემა, რადგანაც დაუპირისპირდა საკრებულო. გაუგებარია, რას ერჩის საკრებულო თავშესაფარს. არავისგან ერთი თეთრი არ ამიღია ქალაქს ვუკეთებ ამ საქმეს. მეზობლებმა გამოთქვეს პრეტენზია რომ არის თურმე სიბინძურე, ანტისანიტარია. ეს არ არის სიმართლე, რა პრობლემა აქვს თავშესაფარს მიმითითონ - მოვიდა ვინმე და ნახა? შემოვიდნენ და ნახონ. მიზეზი არის სხვა – მეზობლები, რომლებიც ჩივიან, გამორჩენას ელიან. ერთ-ერთ მეზობელს ყოველთვიურად ვაძლევდი თანხას 2004 წლიდან 200 ლარს, შემდეგ მოვუმატე 500 ლარამდე და ახლა 1000 ლარი მომთხოვა. აღარ მივეცი და ამის შემდეგ დამიწყეს ჩივილი. მეორეს კი უნდოდა, რომ მისი ფართი მექირავა და უარი ვუთხარი. ეს გახდა მიზეზი",-აცხადებს ელიზბარაშვილი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!