როგორც აღმოჩნდა, ნამცეცები არა მარტო ზღაპრებში გვხვდება, არამედ ცხოვრებაშიც, უფრო სწორად - ოთხფეხა არსებებს შორის. ახლახან The Daily Mail-ის ფურცლებზე გამოჩენილი ნამცეცა ძაღლი ნამდვილ სენსაციად იქცა. მინიატურული "მინი", რომელიც იორკშირის ტერიერისა და ჩიხუახუას ნაჯვარია, იმდენად პატარაა, რომ თავისუფლად ეტევა iphone-ის ზედაპირზე. ახალშობილი ლეკვი 30 გრამს იწონის და ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე პატარა ძაღლად ითვლება. ის-ის იყო, მინი ქვეყანას მოევლინა, რომ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება: ლეკვის ფოტო, რომელსაც iphone-ზე სძინავს, კვირის ინტერნეტსენსაციად იქცა და მას თაყვანისმცემლების ჯარიც გამოუჩნდა. მინი თავის და-ძმასთან შედარებით სამჯერ პატარაა და შეუძლია მშვიდად და კომფორტულად ეძინოს ფაიფურის ჩაის ფინჯანში. ჯიბის ძაღლის 29 წლის პატრონმა, ემა უილიამსმა, უსუსური ნაშიერისთვის კვების სპეციალური რეჟიმი გამოიგონა. იმისთვის, რომ ძაღლმა წონაში მოიმატოს, ემა საყვარელ ცხოველს, დედის რძის გარდა, სპეციალურ დამატებასაც აძლევს. "როგორც თოთო ბავშვს, ისე ვუვლი", - ამბობს უილიამსი. იმისათვის, რომ კვების დრო არ გამოეპაროს, ემას ლეკვებთან სძინავს. მზრუნველ პატრონს იმედი აქვს, რომ მინი მალე მოკაჟდება და წონაშიც მოიმატებს. როგორც ჩანს, ემა წარმატების გზას ადგა - ერთ კვირაში მინიმ უკვე 56 გრამს მიაღწია, მაგრამ იდეალამდე ჯერ შორსაა: ამ ჯიშის ლეკვის საშუალო წონა 113 გრამია, ხოლო უკვე მოზრდილი ტერიერის ლეკვი 6,8 კილოგრამამდე აღწევს. საინტერესო ის არის, რომ პატარას უნიკალურობა მაშინვე ვერ შენიშნეს. "მინი მეორე ლეკვი იყო, რომელიც დაიბადა და ამიტომაც თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ის სრულიად ნორმალური სიდიდის იყო - უბრალოდ, პირველი იყო ძალიან დიდი. მაგრამ როდესაც შემდეგი ლეკვებიც გაჩნდნენ, აშკარა გახდა, რამდენად ნამცეცა იყო მინი. დაუჯერებელი იყო, დანარჩენი ლეკვები მასზე სამჯერ დიდები იყვნენ". პატრონისთვის მინი ნამდვილ სიურპრიზად იქცა, ახალშობილის მშობლები - ბელა და ბოდი ხომ სულაც არ არიან პატარები თავისი ჯიშისთვის. ვეტერინარების პროგნოზით, მინის წონა ზრდასრულ ასაკში 450 გრამს არ ასცდება და ის ბრიტანეთის ყველაზე პატარა ძაღლის წოდებას დაიმსახურებს
წყარო: http://marao.ge
|