12-05-2014
ეს ამბავი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მოხდა. ერთ-ერთ მინისტრს აცნობეს, რომ მომავალ კვირას ევროპიდან ჩამოდის მისი კოლეგა დელეგაციასთან ერთად. ქართველი რის ქართველია, სტუმრის დახვედრა და გაოცება რომ ვერ შეძლოს! დატრიალდა ეს ჩვენი მინისტრი, შეაგროვა კოლეგაზე ინფორმაცია და გაიგო, რომ ძალიან უყვარს კურდღელზე ნადირობა. სასწრაფოდ მოიწვია გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და რჩევა ჰკითხა, სად შეიძლებოდა წაეყვანა ევროპელი სტუმარი კურდღელზე სანადიროდ. მათ უთხრეს, ასეთი ადგილი ბევრია, მაგრამ ახლა სეზონი არ არის და ძალიან გაგიჭირდებათ, შეიძლება მთელი დღე გავიდეს და ერთიც ვერ მოკლათო. მასპინძელი საგონებელში ჩავარდა, ვერ გავრისკავო, თქვა და მოიფიქრა - ვიყიდი კურდღლების ფერმაში რამდენიმე ბოცვერს, გავაშვებინებ სადმე და ერთ-ორ საათში ჩვენც მივალთო. მოკლედ, მეორე დღეს, საღამოს, გააჩერეს "პიკაპის" ტიპის მანქანები ტყის პირას და დაიწყეს ნადირობა. გაგიჟდა უცხოელი - ნახევარ საათში ექვსი კურდღელი მოკლა, თან ყველა თითქმის ერთნაირი და საკმაოდ დიდი. სიხარულისგან დაფრინავს კაცი... ნადირობა რომ დაამთავრეს, უცხოელმა ნანადირევი საბარგულზე დაყარა და რას ხედავს - ერთი ზუსტად ისეთივე კურდღელი საბარგულის კუთხეში მობუზული ზის და გაქცევასაც არ ცდილობს. სტუმარი ჯერ გაოცდა, მაგრამ მალე ყველაფერს მიხვდა, მართლა ძAალიან სტუმართმოყვარე ხალხი ყოფილხართო, თქვა და გულიანად გადაიხარხარა.
ზვიად ცაგარეიშვილი, თბილისი