საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თევზჭერის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N-423 დადგენილებით დამტკიცებულ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისათვის დაშვებული ბადე-იარაღების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა ე.წ. "ეკრანი."
აღნიშნული ცვლილება განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ეკრანი არის სახლართი ტიპის ბადე, მისი მეშვეობით ჭერა კი ემყარება გახლართვისა და შებოჭვის პრინციპებს. როგორც განვლილმა პრაქტიკამ აჩვენა, თევზაობისას ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ძუა, რომელზეც ეკრანია დამაგრებული წყდება და მასზე დამაგრებული სიმძიმის გამო წყალში იძირება. წყალში ჩაძირვისას ეკრან-ბადეთა ერთობლიობა ქმნიდა სახლართი ბადეებისაგან შემდგარ გროვას წყლის ფსკერზე, რომელიც თევზებისა და წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ის ასევე აუარესებდა წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობას, მასში გახლართული და შებოჭილი მკვდარი თევზების ლპობითი პროცესების მიმდინარეობის გამო. ეკრანები დამზადებულია წყალში უხრწნადი მასალისაგან და წლების განმავლობაში ფსკერზე "ეკრანის" არსებობა ქმნის წყლის ცოცხალი ორგანიზმებისათვის ნორმალური ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური რიტმის დარღვევის საფრთხეს.
შეგახსენებთ, რომ თევზჭერის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 დან-400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებული სასროლი ბადის თევზაობის ტრადიციების გათვალისწინებით, ასევე, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის სწორად განვითარების მიზნით, ზემოთ აღნიშნული ცვლილებით, გაიზარდა სასროლი ბადის პარამეტრები. კერძოდ მისი დიამეტრი 1,20 მეტრის ნაცვლად გაიზარდა 4,5 მეტრამდე.
ვიმედოვნებთ, რომ სასროლი ბადით თევზჭერის ამ ფორმით განვითარება ხელს შეუწყობს ადამიანის სპორტული უნარ-ჩვევების და ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბების პროცესს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებულ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში" შეტანილი ზემოთ აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2014 წლის 24 მაისიდან.
წყარო: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2883
|