მთავარი » 2014»იანვარი»22 » გამოვლინდა გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტები
13:28:06
გამოვლინდა გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტები
ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე განთავსდა ინფორმაცია ქ. თბილისში დათვის ნაღველის გაყიდვის შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და გამოავლინა მოქალაქეთა მხრიდან ცხოველთა დერივატებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვაჭრეებს ჩამოერთვათ, 6 ერთეული დათვის ნაღველი; დათვის ქონი 1500 გრამის ოდენობით; მურა დათვის ტყავი 4; მგლის ტყავი 5; ხოლო მელიის ტყავი 1 ერთეული, ასევე 9 ერთეული სხვადასხვა ზომის სავარაუდოდ გარეული ღორის ეშვი. ამასთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი აქტი და დაილუქა ჩამორთმეული ნივთები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 854 მუხლის შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებითა და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარამდე. ამასთანავე, მუხლი ითვალისიწინებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციას. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეყვანილ ნადირზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
ამასთან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესაბამისად, ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოს მოპოვების გამო ხდება ზიანის დაანგარიშება, ხოლო საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილ სახეობებზე ზიანის თანხა ხუთმაგდება. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ორი ათასი (2000) ლარითა და მეტით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!