ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რომ XXI საუკუნეში ადამიანს ვარსკვლავებისა და "ხის ცხენის" წყალობის იმედი ჰქონდეს, მაგრამ რადგან საახალწლოდ ცხენების თემა ძალზე პოპულარულია, გადავწყვიტე, უბრალოდ, ეს საოცარი ცხოველები მკითხველისთვის უკეთ გამეცნო და ამ საკითხში კომპეტენტურ ადამიანს, თბილისის ზოოპარკის დირექტორს - ბატონ ზურაბ გურიელიძეს ვესტუმრე.
- ცხენები საოცარი არსებები არიან. მათ განსაკუთრებული თვისება აქვთ, რაც სხვა ცხოველებისგან გამოარჩევთ: ცხენებზე ჯირითი შესაძლებელია. ვისაც ცხენთან კონტაქტი ჰქონია, მის გარეშე ვეღარ გაძლებს. ჭკვიანი, ლამაზი და ყველანაირი სიკეთით დაჯილდოებული ცხოველია.
- ზოოპარკში რამდენი ცხენი გყავთ?
- საკმაოდ ბევრი, განსაკუთრებით - შოტლანდიური პონები, რომლებიც კარგად მრავლდებიან. ისინი მცირე ზომის ცხენები არიან. ყველაზე დიდ სიამაყეს პრჟევალსკის ცხენი წარმოადგენს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა. გავრცელებულია მონღოლეთში.
- ამჟამად, ცხენებიდან ზოოპარკის ყველაზე ახალგაზრდა ბინადარი რომელია?
- წელს რამდენიმე პონი და უცნაური შეფერილობის (ამ შეფერილობას პინტო ჰქვია) ცხენი - ჰარი დაიბადა. ჰარი ჯერ მხოლოდ 5 თვის არის. 2 ზებრა კვიცს ელოდება...
- ჰარი რა ჯიშის ცხენია?
- გაურკვეველი ჯიშის არის. ეს ცხენი მისი უნიკალური შეფერილობის გამო ფასობს. შეიძლება, არაბულიც იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად გაურკვეველი ჯიშის ცხენები არიან...
- მოლურჯო შეფერილობის ცხენები არსებობს?
- არა. "ლურჯა ცხენები" - ასეთი ტერმინი არსებობს. სინამდვილეში, ეს ცხენები დაბადებისას თეთრები არიან, ნაცრისფერი ხალებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი - სულ თეთრდებიან.
- ყველაზე მცირე ზომის ცხენი რომელია?
- ფალაბელი. ეს ჯიში XX საუკუნის 40-იან წლებში, არგენტინელმა მილიონერმა, გვარად - ფალაბელამ გამოიყვანა და ამ ჯიშის ცხენს ფალაბელაც ამიტომ დაერქვა.
- ასეთი მცირე ზომის ცხენი რატომ დასჭირდათ?
- რომ რაც შეიძლება ახლოს ჰყავდეთ: ფალაბელა შინ ჰყავთ ხოლმე. ოთახში დიდი ცხენის მოვლა რთულია, ფალაბელასი კი - შესაძლებელი. მთელ ევროპაში ძალიან პოპულარულია. ჩვენ ფალაბელების წყვილი - ფემოუსი და ფრიდა გვყავს. ფემოუსი საინტერესო შეფერილობის გახლავთ: თეთრია, შავი წინწკლებით. დალმატინელს ჰგავს. ფრიდა კიდევ უფრო მცირე ზომის ფაშატია... ძალიან საყვარლები არიან.
- თუ იცით, საქართველოში ფალაბელა ვინმეს ჰყავს?
- მგონი, ჩვენს მეტს ფალაბელები არავის ჰყავს. რა თქმა უნდა, მსურველები იქნებიან. ყოველ შემთხვევაში, ვინც კი ამ ცხენს ნახულობს, აღტაცებულია. ფალაბელა მოსაფერებელი ცხოველია, სხვა დანიშნულება არ აქვს. მასზე მხოლოდ რამდენიმე თვის ბავშვს თუ დასვამ, მაგრამ ამ ზომის ცხენი როგორ გაიხედნება, არ ვიცი - რამდენიმე თვის მხედრების შესახებ არაფერი გამიგონია. როგორც წესი, მხედრები უფრო გამოცდილები არიან ხოლმე (იცინის). ის დაახლოებით 5.000 დოლარი ღირს. საკმაოდ ძვირად ღირებული ცხოველია.
- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შინ ჰყავთ, ალბათ, მშვიდი ხასიათისაა, ხომ?
- კი, ძალიან წყნარია. ყოველ შემთხვევაში, გაბრაზებული ფალაბელა ნამდვილად არ მინახავს. ძალიან კონტაქტურები არიან. მოფერების უფლებას ყველას აძლევენ. ეს ცხენი დიდი ზომის ძაღლისხელაა. შესაბამისად, ავი რომ იყოს, ძაღლივით საშიში იქნება.
- ცხენების მოვლა რთულია?
- მიუხედავად ძლიერი ფიზიკური მონაცემებისა, საკმაოდ ნაზი ცხოველები არიან. მათ დროული კვება, სეირნობა, წყლის მიწოდება, დაბანა, დავარცხნა, გაწმენდა, პარაზიტების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მკურნალობა სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს რთულია. არსებობს თითქოს პრიმიტიული დაავადებები, რომლებიც შეიძლება, მოუვლელობის გამო ცხენს განუვითარდეს და დაიღუპოს. ამიტომ ცხენის მოსავლელად დიდი ყურადღებაა საჭირო. გარდა ამისა, მათ უამრავი რამ სჭირდებათ: ნალების დაჭედვა, ჩლიქების მოვლა...
- ნალების დაჭედვა ცხენისთვის მტკივნეულია?
- არა, მაგრამ ზოგ ცხენს არ უყვარს. მაგალითად, დიდი პრობლემები შეგვექმნა, რომ ერთ-ერთი ცხენი - ალმა "დაგვეჭედა": არ უნდოდა და არაფრით ჩერდებოდა. უმეტეს შემთხვევაში, ამ საქმეს 1 კაცი აუდის. ჩლიქი სახეცვლილი ფრჩხილია. უნდა დამუშავდეს, მკვდარი უჯრედებისგან გასუფთავდეს, შემდეგ კი ნალების დაჭედვა ხდება. თუ ცხენს საჯირითოდ არ ვიყენებთ, ნალების დაჭედვა აუცილებელი არ არის, მაგრამ ჩლიქების მოვლა ყოველთვის საჭიროა, რადგან შეიძლება, დასკდეს...
- ცხენებმა კბენაც იციან...
- კი. ასეთი შემთხვევა მქონდა: დაახლოებით 20 წლის წინ მყავდა ცხენი, რომელსაც თურმე ვიღაცები აწვალებდნენ. როცა მასთან წყლის დასადგმელად შევედი, ვერ გაიგო, ვინ იყო შესული და სახეზე მიკბინა. ცხენის ნაკბენში სასიამოვნო არაფერია... წიხლის სროლაც იცის. შეუძლია, ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს. არსებობს წესები, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ცხენს. თუკი წესებს დავიცავთ, პრობლემა არ შეგვექმნება. ზოოპარკში "პონი-კლუბი" გვაქვს, სადაც ბავშვებს ყველა ცხენზე ჯირითის სწავლა, ცხენთან ურთიერთობა შეუძლიათ. გარდა იმისა, რომ ჯირითი სპორტის სახეობაა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად მოქმედებს - ბევრ დაავადებას ებრძვის. ჩვენთან დანერგილი არ არის, მაგრამ ჰიპოთერაპია - ცხენებით მკურნალობა არსებობს. ცხენებთან კონტაქტი ასევე, დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობილებაზე.
- შეგიძლიათ, მარტივი წესები ჩვენს მკითხველებსაც გაუზიაროთ?
- ცხენს უკან არასოდეს დაუდგეთ, რადგან მისთვის ძირითადი იარაღი - უკანა ფეხებია. მკვეთრი მოძრაობები არ უნდა გააკეთოთ. ცხოველს ყოველთვის ალერსიანად უნდა მოეპყროთ. გახედნას რაც შეეხება, ზოგი ადამიანი პირდაპირ ამხედრდება ხოლმე, ზოგი - ამხედრებამდე ცხენს დიდხანს ესაუბრება, ზოგი - ჯერ სიმძიმის ტარებას აჩვევს... ჩემი აზრით, რაც უფრო ნაკლებად ვიჩქარებთ და ცხოველს ფრთხილად მოვეპყრობით, ნაკლებ სტრესს მივაყენებთ, რაც ალბათ, გაცილებით უკეთესია.
- რომელიმე ცხენს თავისი ქცევით, ხასიათით თუ გაუოცებიხართ?
- 2 ცხენი მყავდა. ჩვენთვის, პატრონებისთვის, ორივე ძალიან მშვიდი, წყნარი ცხოველები იყვნენ, რომლებზეც ჩვეულებრივ, ვმხედრდებოდით და მთაშიც კი დავდიოდით. მათგან ერთ-ერთი - უცხო ადამიანებს დასაკბენად დასდევდა. მეორე არ იკბინებოდა. სამაგიეროდ, ტლინკებს ისე ყრიდა, რომ ახლოს არავის იკარებდა.
- მათი ასეთი ხასიათი რამ განაპირობა?
- რა ვიცი, ასეთი ხასიათი აღმოაჩნდათ... საერთოდ, ცხენის ხასიათი ადამიანის გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდეს. გააჩნია, ცხენისგან რა გინდა - წყნარად სეირნობა თუ სწრაფად სიარული? ფიცხი ცხენებიც არსებობენ.
- ყველაზე მშვიდი და ფიცხი ცხენები რომელია?
- ყველაზე ფიცხად ახალთექური ცხენები მიიჩნევიან. დიდი ზომის მტვირთავი ცხენები გაცილებით მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან.
- ცხენების საყვარელი სასუსნავი რა არის?
- შაქარი ძალიან უყვართ, რაც მათთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. ამიტომ უმჯობესია, ვაშლი ან სტაფილო ვაჭამოთ, რომლებიც ასევე, ძალიან უყვართ. პურის ნატეხებიც მოსწონთ. ცხენების ძირითადი საჭმელი - ქერი, შვრია ან თივაა. ჭამამდე აუცილებლად წყალი უნდა დალიონ, თორემ მერე პრობლემები ეწყებათ.
- სხვადასხვა ჯიშის ცხენს აქაურ ჰავასთან შეგუება არ უჭირს?
- რელიეფთან შეგუება უფრო უჭირთ. მაგალითისთვის, ქართულ თუშურ ცხენს დაგისახელებთ, რომელიც მთაში ცხოვრებასაა შეჩვეული და იქ სასიარულოდ იდეალური ტრანსპორტია. მას ვერც ერთი მანქანა ვერ შეედრება. გამძლე, ჭკვიანი ცხენია. ისეთ ადგილებში გავლაც კი შეუძლია, სადაც ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, რომ ჯიხვის გარდა, რომელიმე არსებამ გაიაროს. თუშური ცხენი ჩვენი ეროვნული სიამაყეა, მაგრამ სამწუხაროდ, მათი შენარჩუნების პრობლემა გვაქვს. ზომით დიდი ცხენი არ არის და ინგლისური ან არაბული ცხენისგან განსხვავებით, სისწრაფით არ გამოირჩევა. სუფთა ჯიშის თუშური ცხენის პოვნა რთულია. ინგლისური და არაბული ცხენების შენარჩუნება მნიშვნელოვანწილად სპორტმა განაპირობა.
- ზოოპარკში თუშური ცხენი გყავთ?
- არა, მაგრამ სადმე თუ ვნახეთ, ძალიან გვინდა, რომ გვყავდეს.
- დღეს საქართველოში დოღი თუ იმართება?
- ხშირად, განსაკუთრებით - მთაში: დოღის გარეშე არც ერთი ადგილობრივი დღესასწაული არ ჩაივლის. ტრადიციული ინგლისური "გლუვი" დოღებისგან იმით განსხვავდება, რომ მთაში იმართება და ხშირად "უბელო" (უუნაგირო) ცხენებს იყენებენ. მთაში რთული რელიეფია და ცხენის ჭენებაც ბევრ სირთულეს უკავშირდება. ასევე საინტერესო ქართული საცხენოსნო სპორტის სახეობებია: ცხენბურთი, ისინდი, ყაბახი... ასე თუ ისე, ჯერჯერობით ცხენბურთი შენარჩუნებულია (დასავლეთ საქართველოში), დანარჩენი - ნაკლებად. ცხენბურთი ძალიან საინტერესო სანახაობაა: მხედრების 2 ჯგუფი სპეციალური ჩოგნებით ბურთს თამაშობს. ეს ცხენის ფლობის ფანტასტიკური ტექნიკაა. ისინდის დროს, მხედრები შუბებით იბრძვიან, ყაბახის არსი კი შემდეგია: ზემოთ სამიზნეა დადებული. ცხენიდან მშვილდ-ისარი უნდა ისროლო და სამიზნე ჩამოაგდო... საცხენოსნო სპორტი ყველგან პოპულარულია. ჩვენი ცხენბურთი გაცილებით რთულია, ვიდრე ინგლისური პოლო.
- ცხენები რამდენ ხანს ცოცხლობენ?
- დაახლოებით 25 წელს, მაგრამ ცხადია, ბოლომდე ისეთ ფორმაში ვერ არიან, რომ მათზე ჯირითი შესაძლებელი იყოს. გარკვეული ასაკის შემდეგ ცხენი უნდა დაასვენო. როცა დასვენებულები არიან, შეიძლება, კიდევ უფრო დიდხანს იცოცხლონ. მეც მიმაჩნია, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ უფლება აქვთ, მშვიდად იცხოვრონ.
- ზოოპარკის ბინადარი ცხენებიდან განსაკუთრებულად განებივრებული რომელია?
- აქ ყველას ძალიან კარგად უვლიან, მაგრამ არიან ფავორიტი ცხენები: ლამაზი და ეფექტური ახალგაზრდა ულაყი - ტორნადო, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლებს ძალიან მოსწონთ, ასევე - შოტლანდიური პონი, სახელად - წვიმა. ფალაბელები დამთვალიერებლების დიდ სიმპათიას იმსახურებენ...
- ამჟამად საკუთარი ცხენები თუ გყავთ?
- 2 ცხენი მყავს: ანგლოარაბული ჯიშის ბემბი, რომელიც უკვე 20 წელს გადაცილებულია და საჯირითოდ აღარ ვიყენებ - "პენსია" დაიმსახურა და იღებს კიდეც, სხვა ცხენებთან ერთად ბალახობს, სეირნობს... მეორე - ახალგაზრდა ცხენია, რომელსაც სპირიტი ჰქვია. ჩემთან უცნაური შემთხვევის შედეგად მოხვდა: ერთი ადამიანი მოვიდა და მითხრა, - ცხენი დამეხრჩო, რომელსაც კვიცი დარჩა და მისი გაზრდა მიჭირსო. ეს კვიცი ავიყვანე... ახლა უკვე დიდი და ძალიან კარგი ცხენია.
- პატრონსა და ცხენს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ?
- გამონაკლისი არაბული და ახალთექური ცხენებია, რომლებიც ადამიანს ძალიან ეჩვევიან. საერთოდ, ეს თვისება ცხენს ნაკლებად ახასიათებს. უფრო თავისუფალი ურთიერთობები აქვს ანუ - ცხენისთვის ადამიანი ის არ არის, რაც - ძაღლისთვის. ერთ ცხენთან რამდენიმე ადამიანს თანაბარი კონტაქტი შეუძლია. ეს მათი გონებრივი პოტენციალის გამოხატულება აბსოლუტურად არ არის. ალბათ, მიზეზი ის არის, თუ როგორ ცხოვრობდნენ ბუნებაში და რა ქცევები აქვთ შემორჩენილი.
- ბატონო ზურაბ, ახალ წელიწადს ზოოპარკში რას გეგმავთ?
- ახალი ცხოველების ჩამოყვანას: ლეოპარდების, სხვადასხვა მაიმუნის... ეს პროცესი თებერვლიდან უკვე დაიწყება.
- ვიცი, რომ ჟირაფის ჩამოყვანას ბევრი ელოდება...
- ერთადერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ ჟირაფს სპეციალიზებული სადგომი სჭირდება. როგორც კი ავაშენებთ, ჩამოვიყვანთ. თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები ჟირაფსაც ძალიან მალე ნახავენ.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”