ბიძამ შეამჩნია დაუოკებელი სწრაფვა ღვთისაკენ და, მშობლებთან საუბრის მერე, მღვდლის ხარისხში აღამაღლა ნიკოლოზი. მალე თავად იერუსალიმში წავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად, თავისი სამწყსო კი ახალხედასხმულ მღვდელს ჩააბარა. ნიკოლზი გულმოდგინედ შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პირადი ღვაწლიც კიდევ უფრო გაამკაცრა: ლოცვა გააძლიერა, ახალგარდაცვლილი მშობლების დანატოვარი ქონება კი გაჭირვებულებს დაურიგა. თან გულმოდგინედ უგდებდა ყურს მისთვის მიბარებული მრევლის გულისცემას, რომ რამე არ გამოჰპარვოდა და ბოროტს არ წარეტაცებინა ვინმეს სული.
ერთხელ შეიტყო, რომ ღირსეული გვარის შვილს მთელი თავისი ქონება დაეკარგა და გადაეწყვიტა, ლუკმაპური თავისი სამი ქალიშვილის მეძავობით ეშოვა. იმავე ღამეს ესტუმრა იმ ოჯახს და ოქროთი სავეს ქისა შეუგდო ოთახში სულიერ სიგლახაკემდე მისულ მოხუცს. მან ცოტა ხანი ოჯახიც შეინახა და უფროსი ქალიშვილისათვსი მზითვის შეძენა და მისი გათხოვებაც შეძლო. კიდევ ორჯერ ესტუმრა წმინდა ნიკოლოზი ჩუმად იმ ოჯახს და დანარჩენი ორი ქალიშვილიც დააბინავებინა გზაარეულ მამას (სწორედ აქედან იღებს სათავეს ევროპელი სანტა-კლაუსის ტრადიცია).
ამასობაში წმინდა ნიკოლოზის ბიძაც დაბრუნდა. ნიკოლოზმა მას გადააბარა სამწყსო და ახლა თავად გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. გადმოცემით, იერუსალიმის წმინდა ტაძრის კარი წმინდა ნიკოლოზის მიახლოებისთანავე თავისით გაღებულა. დიდხანს დაჰყო იერუსალიმში, მაგრამ აუცილებელი იყო სამშობლოში დაბრუნება და ისიც დაბრუნდა. სიონის მონასტერში განმარტოვდა და ლოცვას მიეცა, მაგრამ, უფლის გამოცხადების შემდეგ, გადაწყვიტა, ლუკიის მთავარ ქალაქში, მირონში, წასულიყო და იქ ეღვაწა. ღვთის განგებით, სწორედ მაშინ გარდაიცვალა მირონის მთავარეპისკოპოსი. ახალი მწყემსთავსრის ასარჩევად შეკრებილ ეპისკოპოსთაგან ერთ-ერთს ხილვა ჰქონდა: დამდგარიყო ეკლესიის კართან და , ვინც პირველი შევიდოდა, სწორედ მისთვის დაესხათ ხელი. ნიკოლოზმა ის ღამე ლოცვაში გაათენა, გამთენიისას კი ეკლესიისაკენ გაეშურა. იქ მისვლამდე იხილა, როგორ უწვდიდა ღვთისმშობელი ომოფორს. კართან დადარაჯებულმა ეპისკოპოსმა სახელი ჰკითხა და როდესაც მოისმინა, ნიკოლოზიაო, გაუხარდა-ეს სწორედ ის სახელი იყო, რომელიც ხილვით ემცნო მას, შეიყვანა ნიკოლოზი ტაძარში და იქ მყოფთა თანდასწრებით ღვთის ნება განუცხადა მას. ასე დაიწყო წმინდა ნიკოლოზის მღვდელმთავრობის მძიმე გზა-სავალი. სიყვარულითა და ღვთის მოშიშებით შეუდგა ამ გზას და ღირსეულადაც განვლო იგი. ქრისტეს სახელისა და თავისი მრევლის პატრონობისათვის დიოკლეტიანეს დევნაც აიტანა და საპყრობილის უმძიმესი პირობებიც. არსად დაცემულა-ყველგან ადიდებდა უფალს და განამხნევებდა მრევლს. მერე წმინდა კონსტანტინეს მმართველობასაც მოესწრო და აღდგენილ და განახლებულ ტაძრებსაც.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!