გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე უწყების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც ხათუნა გოგალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამინისტროში დაუშვებელი ფაქტი მოხდა, კერძოდ, მოქალაქემ გარემოზე მიყენებული ზიანის დაფარვის სანაცვლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი მუკნიაშვილს ქრთამის სახით 30 ათასი ლარი შესთავაზა.
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე 1971 წელს დაბადებული მოქალაქე კახაბერ ტ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის სარგებლობაში არსებული, ქარელის რაიონში მდებარე ხე-ტყის დამზადების სალიცენზიო ფართობის გეგმური შემოწმება ჩაატარეს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს 3209 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი.
წინასწარი მონაცემებით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 850 000 ლარი შეადგინა. ამასთან, მეწარმეს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ჯარიმა დაერიცხა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოქალაქე კახაბერ ტ-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ქრთამის სანაცვლოდ მოსთხოვა შემოწმების აქტში სახელმწიფოსთვის მიყენებული რეალური ზიანის მაგივრად 150 000 ლარის ოდენობის ზიანი დაეფიქსირებინა.
სამართალდამცველებმა კახაბერ ტ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისთვის ქრთამის სახით 30 000 ლარის გადაცემის დროს თბილისში დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).