26-11-2013
კინოლოგი კოტე ქვლივიძე ცხოველებს ისე ზრდის, როგორც მშობელი - შვილებს. ის იმდენად ზრუნავს მათზე, რომ ერთ-ერთმა ძაღლმა მამაც კი დაუძახა. ძაღლების გარდა მის ეზოში სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველსაც ნახავთ. 2 წლის წინ ყორნის ბახალა აჩუქეს და ისიც კი აალაპარაკა - ყოველ დილით ეკითხება, უნდა თუ არა კოტიკოს ყავა? -კოტე, რა პროფესიის ხარ?
-პროფესიით მხატვარი ვარ, მაგრამ ცხოველების სიყვარულით კინოლოგიც გავხდი, ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ორივე საქმეს სიამოვნებით ვაკეთებ. ბავშვობაში თუ სადმე უპატრონო კატას ან ძაღლს ვიპოვიდი, სახლში მივარბენინებდი და ვპატრონობდი. ერთმა კაცმა მითხრა, შენ რომ ჯიშიანი ძაღლი მოგცა, ალბათ აალაპარაკებდიო (იცინის).
- როგორც ვიცი, აალაპარაკეთ კიდეც.
- დიახ, წლების წინ მყავდა ბოქსიორი "ბუბა”, რომელიც მამას მეძახდა. საერთოდ, ბოქსიორებს ყბის ისეთი აგებულება აქვთ, რომ ბგერების გამოცემა შეუძლიათ, თუ რა თქმა უნდა, ხშირი კონტაქტი გექნება მასთან.ცხოველმა უნდა იგრძნოს, რომ გიყვარს, თავის მეგობრად უნდა გიგულოს, უნდა ესაუბრო, როგორც ბავშვს და შეიძლება საკუთარმა ძაღლმა ერთ მშვენიერ დღეს მამაც კი დაგიძახოს. მყავდა მეორე ბოქსიორი - "პერიკო”, რომელიც გინებას ვერ იტანდა და სახლში ან ქუჩაში თუ ვინმე შეიგინებოდა, მაშინვე მისკენ მიიწევდა საჩხუბრად.
- გინება როგორღა შეაძულეთ?
- როცა ვინმე შეიგინებოდა, ვეუბნებოდი, პერიკო, ეცი, შეგაგინა-მეთქი და ასე დაიმახსოვრა. სახლში თუ სტუმრები მყავდა და რომელიმეს გინება წამოსცდებოდა, მაშინვე აიღრინებოდა, ვეტყოდი, პერიკო, დაჯექი, შენთვის არ შეუგინებია-მეთქი და დაშოშმინდებოდა(იცინის).
ბოქსიორები კარგი მცველებიც არიან. ერთხელ "პერი” შინ მარტო დავტოვე, დილის ხუთ საათზე სახლში მძარცველები შესულან, ნივთების ძიებაში კი პერი თავზე წაადგათ და დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ, რაც იქ დატრიალდებოდა. მეზობლებს თურმე ხმაურზე გაეღვიძათ და პოლიცია გამოიძახეს. ბინაზე მისულ სამართალდამცველებს იმდენი სისხლი დახვდათ, რომ დაჭრილებს ეძებდნენ, მაგრამ უიღბლო მძარცველები მეორე სართულიდან გადამხტარან.
პერიმ ერთხელ ჩემზეც იძია შური. სასეირნოდ არ წავიყვანე და რომ დავბრუნდი, წიგნი, რომელსაც ვკითხულობდი, დაფლეთილი დამხვდა. სუნით გამოიცნო, ბოლოს რომელიც მეჭირა ხელში და ის დამიხია.
- ყორანს როგორ ასწავლეთ ლაპარაკი?
- ყორანს "ნუკრი”ქვია, სხვათა შორის უკვე მსახიობია. სერიალ "შუა ქალაქშიც”გადაიღეს. თვითონ ალაპარაკდა, ეს ჩემთვისაც შოკი იყო. როცა ეზოში ვარ, მეუღლე გამოდის და მეკითხება - კოტიკო, ყავა გინდაო? ამ ფრაზას ჩემი მეუღლე თითქმის ყოველდღე მეუბნება. როგორც ჩანს, ”ნუკრიმ”ეს დაიმახსოვრა და ერთ მშვენიერ დი-ლასაც გამოვედი ჩემი ყორანი ”მეკითხება”- კოტიკო, ყავა გინდა? (იცინის) იმ სიტყვებს იმახსოვრებს რაც ხშირად ესმის. იცის ასევე ძაღლების სახელები, მე რომ დავუძახებ "შონის”, ისიც ეძახის, ძაღლი იბნევა, არ იცის, საით წავიდეს, მერე მე ვუბრაზდები, ვეუბნები, ხმა ჩაიგდე - მეთქი და გაბრაზებული ჩხავილს მორთავს.