ამ სტატიაში ელიზაბეთ კოლბერტი იმ ადამიანთა ძალისხმევაზე მოგითხრობთ, რომლებიც წლებია სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ შეუნარჩუნონ სამყაროს ესა თუ ის სახეობა. ზოოპარკები კი შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგნენ: ისეთი ცხოველები იყოლიონ, რომელთა ნახვაც გვსურს, თუ ისეთები, რომლებსაც ვეღარასოდეს ვნახავთ? დოქტორმა ტერი როთმა (ცინცინატის ზოოპარკის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ცხოველების კონსერვაციისა და კვლევის ცენტრის დირექტორი) 2004 წელს ზოოპარკში დაბადებული სუმატრული მარტორქის - სუჩის ხელოვნური განაყოფიერება სცადა და ეს სუჩის საშვილოსნოს ყელის ჩახლართულ ნაკეცებში გრძელი, ვიწრო მილის შეყვანით გააკეთა. 1875 წელს, როდესაც ცინცინატის ზოოპარკი გაიხსნა, ბუტანიდან ბორნეომდე ტყეებში მობინადრე მარტორქების რიცხვი მილიონს აღწევდა. დღეს მსოფლიოში ასზე ნაკლები ინდივიდიღაა შემორჩენილი. მათგან სამი: სუჩი, ჰარაპანი და ანდელასი ძმები არიან. ისინი ცინცინატის ზოოპარკში დაიბადნენ. ექვსი წლის წინ ანდელასი სუმატრაზე გაამგზავრეს. იქ, უეი კამბასის ეროვნულ პარკში მას ნაშიერი ეყოლა. ამ სახეობის გადასარჩენად როთი 16 წელია იბრძვის. მთელი ეს დრო მან ტყვეობაში მყოფი ცხოველების სისხლის ნიმუშების შეგროვებას, ჰორმონების ტესტირებასა და ულტრაბგერითი კვლევების ჩატარებას მიუძღვნა. ანალოგიურ მდგომარეობაშია განადგურებას გადარჩენილი სხვა სახეობებიც. მათი სია თანდათან იზრდება. ველური ბუნების არეალი მცირდება და ზოოპარკი უფრო მეტად იძენს თანამედროვე კიდობნის - უკანასკნელი თავშესაფრის ფუნქციას. ამერიკულმა ზოოპარკებმა თავიდანვე დაიწყეს ცხოველთა კონსერვაციაზე მუშაობა. მე-19 საუკუნის ბოლოს ცინცინატის ზოოპარკი წარუმატებლად შეეცადა მოხეტიალე მტრედის გამრავლებას, რადგან ამ ფრინველის რაოდენობა მკვეთრად მცირდებოდა. უკანასკნელი მოხეტიალე მტრედი „მართა" 1914 წელს ზოოპარკში მოკვდა. ახლა მისი მხოლოდ მემორიალი შემოგვრჩა. ერთი მონაცემის მიხედვით, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სულ 325 ველური ბიზონი იყო დარჩენილი. ბრონქსის ზოოპარკმა სახეობის გადასარჩენად ტყვეობაში გამრავლების სპეციალური პროგრამა წამოიწყო. ჩიკაგოს ზოოლოგიური საზოგადოების ბიოლოგ-კონსერვაციონისტი რობერტ ლეისი ამბობს, რომ ზოოპარკებს პრიორიტეტების განსაზღვრისას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ: იყოლიონ დიდი ბეწვიანი არსებები, რომლებიც დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობენ, თუ ამ თანხებით აუდიტორიის ინტერესის მიღმა დარჩენილი პატარა ქმნილებები გადაარჩინონ? ზოგიერთი ამტკიცებს, რომ 21-ე საუკუნეში სიტუაცია იმდენად მძიმდება, რომ ზოოპარკებმა მთლიანად უნდა გადახედოს თავიანთ მისიას. რატომ უნდა დაიხარჯოს რესურსები იმ სახეობებზე, რომლებიც დაუხმარებლადაც მშვენივრად გრძნობენ თავს? ასეთი პროგრამები საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ეს პროგრამები დიდი ქალაქების ზოოპარკებში ხორციელდება, თუმცა ამ საქმიანობაში უკვე პატარა ზოოპარკებიც ჩაერთნენ. ქალაქ ბლუმინგტონის (ილინოისის შტატი) მილერის პარკი-ზოოპარკი ერთ-ერთი ყველაზე პატარაა აშშ-ში აკრედიტებულ ზოოპარკებს შორის. აქ გაამრავლეს წითელი მგელი. ახლა ფიქრობენ, როგორ გაამრავლონ მაუნტ გრეჰემის წითელი ციყვის სახელით ცნობილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ციყვის ქვესახეობა. ჩვენი ჟურნალის ოქტომბრის ნომერში ე.წ. „გაყინული ზოოპარკის" შესახებაც შეიტყობთ. აქვე გეტყვით, რომ ის კონსერვაციის უკანასკნელი მცდელობის მიღწევად განიხილება. |