გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, ცვლილებებია ტერიტორიების, ვადების, მოსაპოვებელი ინდივიდების სახეობების რიცხვის გაზრდის და თითოეული სახეობისთვის მოპოვების დღიური ლიმიტების განსაზღვრის კუთხით.
კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა.
შესაბამისად, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე.
ცვლილების თანახმად, სანადირო ობიექტებად დამატებით განისაზღვრა შემდეგი სახეობის გადამფრენი წყალმცურავი ფრინველები: კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია.
ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გადამფრენ წყალმცურავ ფრინველთა დღიური მოპოვების განსხვავებული ოდენობების დადგენა, სახეობებისა და ნადირობის ტერიტორიების მიხედვით, ნაცვლად ფიქსირებული დღიური მოპოვების ოდენობისა (ყველა სახეობის წყალმცურავი ფრინველის საერთო რაოდენობა 8 ცალი).
სხვა (არა წყალმცურავ) ფრინველებთან დაკავშირებით, ნადირობის წესები არ შეცვლილა.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს საიტზე.