მოტოციკლეტის და ექსტრიმის მოყვარულები 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე", ყველაზე გრანდიოზული მოტოშოუს "მოტო მანიას" სანახავად შეიკრიბნენ. შოუში მონაწილეობა შვიდმა სპორტსმენმა მიიღო. "მოტო მანია" საქართველოს ექსტრემალური სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა გახსნეს. დამწყებმა ქართველმა რაიდერებმა მაყურებელს 10-წუთიანი საჩვენებელი ბლოკი წარუდგინეს, ხოლო რაც შემდეგ დინამო არენაზე მოხდა სრული სიგიჟე იყო - უცხოელმა სპორტსმენებმა საოცრებები მოახდინეს, ურთულეს და უძნელეს ილეთებს საოცარი სიზუსტით და მოხერხებულობით ასრულებდნენ. სტუმარ რაიდერებს შორის იყვნენ stunt Riding-ის რუსეთის ჩემპიონი და freestyle- ში მსოფლიო ჩემპიონები.
"მოტო მანია" დაგეგმილზე ბევრად დიდხანს გაგრძელდა, "დინამო არენაზე" შეკრებილი მაყურებელი ემოციებს ვერ მალავდა.
საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა რუსეთიდან ჩამოსულმა ცნობილმა ბაიკერებმა, სხვადასხვა ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორებმა მიიღეს. მათ შორის იყო წარმოშობით ქართველი, მოსკოვში დაბადებული მარატ კანკაძე, რომელმაც ფანტასტიკური ტრიუკები მოტოციკლზე ჩოხაში გამოწყობილმა, გურული ფოლკლორის ფონზე შეასრულა.
მოტო ექსტრემალი, კასკადიორი მარატ კანკაძე 1972 წელს მოსკოვში დაიბადა. ქართული წარმოშობის სპორტსმენი მრავალი ჯილდოს მფლობელია სტანტრაიდინგში, მათ შორის: 2009 წლის რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 2010 წლის Moscow Stunt Jam-ის გამარჯვებული ნომინაციაში "ყველაზე თავზეხელაღებული ტრიუკი".
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!