გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2010-2020 წლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ათწლეულად გამოაცხადა. სტატისტიკით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასული წლის მხოლოდ 9 თვეში 288 ადამიანი დაიღუპა. ავტოავარიების რიცხვი ზაფხულში, საკურორტო სეზონზე იმატებს. უახლოეს მომავალში, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. ამ საკითხზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე გვესაუბრება:
- ახალი რეგულაციებით მოხდება საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირების - როგორც მძღოლების, ისე ფეხით მოსიარულეების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მაქსიმალურად ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს; ზოგიერთ ნორმას ჩვენი კანონმდებლობა აქამდე არ იცნობდა, კერძოდ, შემოდის გარემოსთან ურთიერთობის ახალი წესები, - იკრძალება ავტომანქანების რეცხვა ტბებში, ზღვებში, წყალსაცავებში, მდინარეებსა და მათი ნაპირებიდან არანაკლებ 10 მეტრის დაშორებით, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ეკრძალებათ გზის საფარისა და მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება; უსაფრთხოებისთვის, გზებზე სარემონტო სამუშაოებისას დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუშებს დიდ მანძილზე ადვილად შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმელი უნდა ეცვათ. კანონპროექტში კიდევ უფრო კონკრეტდება წესები სატრანსპორტო საშუალებებით ბავშვთა გადაყვანის თაობაზე, რაც ზაფხულში აქტუალურია: ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ჯდომით, ფეხზე დგომით - აკრძალულია. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავავარძლით, მოტოციკლით და მოპედით, ასევე მოტორიზებული კვადროციკლით, თუ მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. 3 წლამდე ბავშვის გადაყვანისას, სავალდებულოა საბავშვო ეტლის ან სავარძლის გამოყენება, ამ ასაკის ბავშვი შეიძლება მოთავსდეს უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაშიც, იმ პირობით, თუ მას მხოლოდ ერთი ბავშვი უჭირავს.