გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მიიჩნევს, რომ მწერებს მნიშვნელოვანი საკვები ღირებულება გააჩნიათ და მათი საკვებად გამოყენება შეიძლება.
ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 2 მლრდ ადამიანი სხვადასხვა პერიოდულობით ხოჭოებს, კალიებსა და ჭიანჭველებს ჭამს.
"ეძებეთ მწერები, ისინი პროტეინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა",- განაცხადა რომში FAO-ს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ურსულა მიულერმა საკუთარი მოხსენების პრეზენტაციისას. მისი თქმით, მწერები ნოყიერი საჭმელია, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის შიმშილისგან ხსნა შეუძლია.
"მწერების მოგროვება და მათი გაშენება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს და შემოსავალს
მოიტანს, მას წარმოების გაზრდის პოტენციალიც აქვს",- დარწმუნებულნი არიან კვლევის ავტორები.
მათი ინფორმაციით, ადამიანები მილიონობით სახეობის მწერიდან საკვებად 1900-ზე მეტს იყენებენ.
მწერებიდან ყველაზე პოპულარული ხოჭოა (მათ მწერების მოყვარულთა 31% იყენებს), მას მოსდევს ჭიაყელები (18%), ფუტკრები, კრაზანები, ჭიანჭველები (14%), კალიები და ციცინათელები (13%).
"ბევრი მწერი მდიდარია ცილებითა და ცხიმებით, ასევე კალციუმის, რკინისა და თუთიის მაღალი შემცველობით",- ნათქვამია მოხსენებაში.
მაგალითად, საქონლის ხორცში შემავალი რკინა 100 გ მშრალ წონაზე 6 მგ-ს შეადგენს, მაშინ როცა კალიაში იგი 100 გ მშრალ წონზე 8-დან 20 მგ-ს შეიძლება მიაღწიოს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.