ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » მარიამ მეგვიპტელის ხსენება...    

11:52:36
მარიამ მეგვიპტელის ხსენება...

გავიდა დრო. დადგა დიდი მარხვა. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველი კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ლოცვისა და მეტანიების შემდეგ ბერები ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და ფსალმუნის გალობით - „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?" (ფს. 26,1), უდაბნოში გადიოდნენ.

ზოგ ბერს თან მიჰქონდა მცირედი საზრდელი, ზოგი კი მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. ისინი იორდანეს გაღმა გადიოდნენ, ერთმანეთს შორდებოდნენ და ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში.

იმ წელს აბბა ზოსიმეც წავიდა უდაბნოში.

ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამის ფსალმუნებს და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის ჩრდილი გაკრთა. ღირსი მამა შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, პირჯვარი გადაისახა, შიში უკუაგდო, ლოცვის დამთავრების შემდეგ კი იქითკენ გაიხედა და დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები კრავის მატყლივით გათეთრებოდა. აბბა ზოსიმემ გაიხარა ცოცხალი არსების ხილვით და მისკენ გაეშურა.

როგორც კი შიშველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა გარიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და დაედევნა, უნდოდა ახლოს ენახა ის საოცარი განდეგილი. ბოლოს ღონემიხდილი დამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: „რად გაურბიხარ უდაბნოში საცხონებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უძლურს და უღირსს, დამლოცე და მაკურთხე".

უცნობმა უკანმოუხედავად დაუძახა: „მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე,მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისთვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე და კურთხევა გთხოვო".

„სიწმიდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოვებია, ალბათ ამიტომ იცის ჩემი სახელი" - გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და ანაფორა გადაუგდო.

შემოსილი ქალი ღირს მამას მიუახლოვდა: „რამ გაფიქრებინათ, მამაო, დამლაპარაკებოდით მე, ცოდვილ და უგუნურ ქალს? რა უნდა ისწავლოთ ჩემგან, რად დახარჯეთ ამდენი ძალა?"

ღირსმა ზოსიმემ მუხლი მოიდრიკა და კურთხევა სთხოვა მეუდაბნოეს. ისიც მუხლებზე დაეცა. დიდხანს სთხოვდნენ ერთმანეთს კურთხევას. ბოლოს მეუდაბნოემ უთხრა: „აბბა ზოსიმე, შენ გმართებს კურთხევა და ლოცვის აღვლენა, რამეთუ ღირს იქმენ მოძღვრის ხარისხისა და მრავალი წელი ქრისტეს ტრაპეზთან მდგარი სწირავდი უფალს წმიდა ძღვენს".

ამ სიტყვებმა უფრო შეაშინეს ღირსი ზოსიმე: „სულიერო დედაო, ცხადია, შენ უფრო მიახლებიხარ უფალს და მომკვდარხარ სოფლისათვის, რადგან სრულიად უცნობს სახელით მომმართე და მოძღვარი მიწოდე, მაკურთხე, ღვთის გულისათვის".

ბოლოს ღირსმა დედამ წარმოთქვა: „გაკურთხოს უფალმან, მაცხოვნებელმან ყოვლისა სოფლისამან". აბბა ზოსიმემ მიუგო: „ამინ" და ორივენი წამოიმართნენ. მეუდაბნოემ კვლავ მიმართა ზოსიმეს: „რისთვის მოხვედ, მამაო, ჩემგვარ ცოდვილთან? როგორც ჩანს, სულიწმიდის მადლმა მოგიყვანა, რომ ჩემი სულისთვის საჭირო სამსახური გასწიო. მაუწყე, მამაო, როგორ ცხოვრობენ ქრისტიანები, როგორ იზრდება ღვთის წმიდა ეკლესია?"

აბბა ზოსიმემ უპასუხა: „თქვენი წმიდა ლოცვებით უფალმა მომადლა მშვიდობა ეკლესიას და მთელს ქვეყანას. ყურადიღე უღირსი ბერის ვედრება, დედაო, ილოცე ქვეყნისთვის და ჩემთვის, ცოდვილისთვის, რათა ფუჭი არ მექნეს უდაბნოში მწირობა".

წმიდა მეუდაბნოემ უპასუხა: „უფალს სათნო ეყოფა, აბბა ზოსიმე, შენი ლოცვა ჩემთვის და სხვებისთვისაც, რამეთუ ხელდასხმის მადლი გაქვს. მე კი მორჩილებით აღვასრულებ შენს სურვილს და ვილოცებ წმიდა გულით".

მეუდაბნოემ აღმოსავლეთით იბრუნა პირი, თვალები და ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვად დადგა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას ღირსი დედა ჰაერში აიწია. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო.

ზოსიმეს გონებაში კვლავ გაკრთა ფიქრი: „ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?" მაშინ ღირსმა დედამ ის წამოაყენა და უთხრა: „რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა, ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ", შემდგომ კი პირჯვარი გადაისახა. ამის შემყურე და გამგონე ცრემლმორეული ზოსიმე ფერხთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: „გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიდე. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული".

მეუდაბნოემ უთხრა: „მიმძიმს, მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან გამერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისთვის.

ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისა, ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ სიძვისას ვნებას. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.

ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა, მამაო, ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავ-მეთქი ცოდვით დაცემისათვის. ახლა მერწმუნეთ, მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას.

ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილწ საქმეებს ვიქმოდი.

ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ, ნორჩ სულთა წარსაწყმედად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველსმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ - უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლოს ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და შორიახლოს კუთხეში გავჩერდი.

უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო, ავტირდი და სინანულით მუშტი ჩავირტყი მკერდში. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: „ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა; განგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმან ჩვენმან?! შემეწიე, ყოვლადწმიდაო, მომეც ნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ-იქნა უფალი, მოსატევებელად ცოდვათა ჩვენთა, თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანი-ვსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე შობილისა შენისა. ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათაგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, განვალ ამ სოფლისგან და წარვალ, საითკენაც მომიწოდებ".

ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარისკენ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენი.

ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმიდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავლინე.

უცებ შორიდან შემომესმა ხმა: „თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის". ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: „მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე, არამედ შემეწიე". ტაძრის ეზოდან გამოსულს ვიღაცამ სამი სპილენძის მონეტა მომცა. იმ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე.

მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმიდა მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში".

აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს ჰკითხა: „რამდენი წელია, დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?" - „ალბათ ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი".

ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?" - „როცა იორდანე გადმოვლახე, ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მცხუნვარებამ გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ, მცირედს ვღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო". - „მერწმუნე, აბბა ზოსიმე, - განაგრძო ღირსმა დედამ, - ჩვიდმეტი წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს. მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა: მე ხომ ძალზე ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლებით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი დიდებული მყუდროება ისადგურებდა.

როგორ აღვიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავ დღე და ღამ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი.

ასე ვცხოვრობდი პირველი ჩვიდმეტი წელი: ბნელი - ბნელზე, უბედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის".

აბბა ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც - სამოსელი?"

მეუდაბნოემ უპასუხა: ჩვიდმეტ წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებით და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ დღიდან დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს.

აბბა ზოსიმე გააკვირვა მეუდაბნოეს საღმრთო წერილში განსწავლულობამ და ჰკითხა: „სად ისწავლე, დედაო, წმიდა წერილი?" მეუდაბნოემ გაიღიმა და უპასუხა: „მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს (კოლ. 3,16; პტ. 1,21; 1 თეს. 2,13). მთელი ცხოვრება აღვიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს. აღმისრულე, რასაც გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვას, უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს". კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმეს, საიდან იცისო მონასტრის წესი?

მეუდაბნოემ გააგრძელა: „მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაინც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანის ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურაფერს მოუთხრობ, უფალი თვითონ გიჩვენებს დროს".

მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან.

როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი შვიდეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა და გაახსენდა მეუდაბნოეს წინასწარმეტყველება. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა.

მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეასრულა დაპირება: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოეს მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: „როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?" მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: „რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი", თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ, მისი თხოვნით, „მრწამსი" და „მამაო ჩვენო" წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და ცრემლითა და სასოებით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი". შემდეგ ბერს მიმართა: „მომიტევე, მამაო, და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის". შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა. აღტაცებული მამა ზოსიმე სულიერი ზეიმით დაბრუნდა მონასტერში.

გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა. აბბა ზოსიმემ მას ცრემლებით დაბანა ტერფები. ფსალმუნები უგალობა და შესვენებულთა ლოცვა წაუკითხა, ოღონდ ვერ გადაეწყვიტა, დაემარხა თუ არა. უცებ ნახა, რომ წმიდანის შუბლზე დაწერილი იყო: „მამაო ზოსიმე, აქ დამარხე ცოდვილი მარიამის ცხედარი. ევედრე უფალს ჩემი ცოდვილი სულისთვის აპრილის პირველ დღეს".

აბბა ზოსიმე განცვიფრდა: მან იცოდა, რომ წმიდანმა წერა-კითხვა არ იცოდა, ვის უნდა გაეკეთებინა წარწერა?

ზოსიმემ ღმერთი ადიდა, წმიდანის გვამი ცრემლებით დაასველა, შემდეგ კი გაიფიქრა: „როგორ გავთხარო საფლავი მე ცოდვილმა, ხელთ რომ არაფერი მაქვს!" უცებ შორიახლოს ხის ტოტი დაინახა და იმითი დაიწყო თხრა, მაგრამ მიწა მშრალი იყო, არ ემორჩილებოდა. მხცოვანი ბერი წელში გაიმართა და დაინახა, რომ წმიდანის ტერფებს უზარმაზარი ლომი ლოკავდა. შიშმა შეიპყრო, პირჯვარი გადაისახა და ღვთის ნებას და წმიდანის მეოხებას მიანდო თავი. ლომი ბერს მიეახლა, აბბა ზოსიმემ, მას საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე - მონასტერში.

სავანეში მოსულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა.

ასე გადმოგვცეს წმიდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმიდა სოფრონ იერუსალიმელმა (ხს. 11 მარტს) ჩაწერა.



წყაროhttp://www.orthodoxy.ge/index.htm
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1432 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: მეგვიპტელის, მარიამ, ხსენება... | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 chibati   (21.04.2013 23:18:38) [მასალა]
მისი მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    IRAKLIG

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика