თუ თოვლი არ იქნა, კურორტი ვერ გაიხსნება," _ გვეუბნებიან ხულოში. იგივეს ამბობენ აჭარის მთავრობასა და "გოდერძის რესორტში", რომელიც უღელტეხილზე სამუშაოებს აწარმოებს. გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის კურორტის გახსნა ახალ წლამდე იგეგმება. გოდერძის უღელტეხილზე აშენებულ 3- სართულიან სასტუმროს ჯერ სახელი არ აქვს. სასტუმრო ძველი მეტეოსადგურის შენობაშია გახსნილი და როგორც კურორტის ხელმძღვანელი, ვაჟა დიასამიძე გვეუბნება, სავარაუდოდ, სასტუმროს "მეტეოს" დაარქმევენ: "სასტუმროში ღამისთევა 70 ლარიდან იქნება შესაძლებელი. მომსახურე პერსონალი ადგილობრივები იქნებიან, ძირითადად რესტორან "შკერნალის" მომსახურე პერსონალი, რომელსაც მინიმალური გამოცდილება მაინც აქვს. ამ რესტორანს სტუმრობს პრეზიდენტი მაღალმთიან აჭარაში ვიზიტის დროს. მხოლოდ მზარეული არ იქნება ადგილობრივი," - გვეუბნება დიასამიძე.
კურორტის ხელმძღვანელი შიშობს, რომ შესაძლოა გზების გაუმართაობამ პრობლემები შექმნას. დიდთოვლობის შემთხვევაში, თუ გზის დროული გაწმენდა არ მოხდა, ჩაიკეტება საავტომობილო გზა, ტურისტებს კი გადაადგილება საბაგირო გზის გონდოლებით მოუწევთ. ეს კი დისკომფორტს შექმნის. დღეს მოქმედი საბაგირო 2 კილომეტრი სიგრძისაა. იგეგმება მეორე საბაგიროს გაკეთებაც, რომელიც მთაზე ავა.
კურორტის აშენება ქვეყნის ბიუჯეტს 15 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. გათვალისწინებულია მისი დაფინანსება მომავალ წელსაც 8 მილიონი ლარით. გარდა სასტუმროსი, იგეგმება 3 კოტეჯის მშენებლობა. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია საბაგიროს ქვედა სადგურთან.
მთავრობა და გოდერძის უღელტეხილი ბუნების იმედადაა. კურორტზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი თოვლია. სამუშაოები თითქმის დამთავრებულია. გოდერძის უღელტეხილზე ტურისტს მხოლოდ ერთი სასტუმრო და საბაგირო გზა, 40 თხილამური და ერთი სნოუბორდი დახვდება.
საბაგიროთი სარგებლობა კი დღიური 25 ლარი ჯდება.
კურორტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა. მოგვიანებით კი, ხულოს მუნიციპალიტეტს გადასცა, თუმცა, 2012 წლის 30 ნოემბერს, ხულოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, კურორტი კვლავ ფინანსთა და ეკონომიკის სამონისტროს გადაეცა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გოდერძის უღელტეხილზე ყოფილი მეტეოსადგურის შენობა და დამხმარე ფართი შეადგენს 10 639 კმ.მ. ხოლო არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართი 42128 კვ.მ. შენობა ნაგებობებისა და მიწის საბაზრო ღირებულება 205 868 ათასი ლარია.
გეგმის მიხედვით, კურორტი ზაფხულშიც იფუნქციონირებს. ჯერჯერობით კი, კურორტისათვის მთავარ პრობლემად საკმარისი ოდენობის თოვლი და დიდთოვლობის შემთხვევაში _ გზის გაწმენდითი სამუშაოების დროული შესრულება რჩება.