ხორციელად შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი25 (7.01) დეკემბერიმაცხოვარი
სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა
იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა
ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ
პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ,
საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ. თითოეულ
ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული
ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები
იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში - იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში
ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა
თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე
ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს
წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ
თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა.
უმტკივნეულოდ ნაშობი ჩვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად გაახვია
სახვევებში და ბაგაში მიაწვინა, „რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას"
(ლკ. 2,7). შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები „ველთა
დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა".
ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ,
რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა
ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი,
ქალაქსა დავითისსა" (ლკ. 2,10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი
სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. მათ შემდეგ ახლად
გაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით „მოგუნი აღმოსავალით
მოვიდეს იერუსალიმად. თაყუანისცემად მისა" (მთ. 2,1-2) და, როცა იხილეს
ყრმა მაცხოვარი, „დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა
მათთა, და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური" (მთ. 2,11): ოქრო -
როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც ადამიანს. ქრისტეშობის
დღესასწაულს ეკლესია პირველი საუკუნიდან აღნიშნავს. მოციქულთა კანონებში
ვკითხულობთ: „შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს
აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის
შობით". IV საუკუნიდან როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიები მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
აკაკი მინდიაშვილიხორციელად შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი„დიდება ყოვლის შემოქმედს! დიდება მისა მცნებასა!.. დიდება ქვეყნად მაცხოვრის ხორციელ მოვლინებასა!.." აკაკი. „შობა"
25 დეკემბერს (ახალი სტილით - 7 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაული წმ. ეკლესიამ პირველსავე საუკუნეში დააწესა მოციქულთა მიერ: „დაიმარხენით, ძმანო, დღენი სასწაულებისანი, და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, დღე ქრისტეს შობისა"; „დაე, დიდის ზეიმით აღნიშნავენ ხოლმე კაცთა დღე ქრისტეს შობისა, რამეთუ დიდი მადლი მიენიჭებათ ადამიანებს ღვთის სიტყვის (ე.ი. ძე ღვთისას, ქრისტე-ღმერთის) განხორციელებით ქალწულისაგან მარიამისა, ქვეყნის სახსნელად მსახურებისათვის"; „შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისაგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით". მაგრამ უფალს დღესასწაულებში სურს არა მხოლოდ ჩვენი გარეგანი, ფიზიკური, არამედ შინაგანი და სულიერი მონაწილეობა, არა სხეულის „გალაღება", არა უზომო გადაღლა, დამძიმება და დაუნდობელი ექსპლუატაცია სულისა და სხეულისა ლხინითა და სიმთვრალით, ჭამა-სმითა და ცეკვა-თამაშით, არამედ გულის ცოდვათაგან განწმენდა სინანულის საიდუმლოში (აღსარებაში), ზიარება უფლის პატიოსან სისხლთან და უხრწნელ ხორცთან (რომელიც წმიდა ევქარისტიის საიდუმლოში მართლმორწმუნეებს ღვინისა და პურის სახით ეძლევათ), შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, უანგარო, კეთილ საქმეთა კეთება, „ღვთის სიტყვის" შესწავლა, წმინდა ღმერთშემოსილ მამათა ნააზრევის შეთვისება და ასეთნაირად ჩვენი სულის ღვთისა და ზეციური სამოთხისაკენ ამაღლება. ნაცვლად ამისა, სამწუხაროა, რომ საუფლო დღეები საერო დღესასწაულთა მსგავსად „კუჭის" დღესასწაულებად ვაქციეთ და არა „დღესასწაულებად სულისა", რაც დიდად არისხებს ღმერთს ჩვენს მიმართ: „თქვენი... ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით" (ესაია 1, 14); „მძულს , მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვსუნთქავ თქვენს ზეიმებში" (ამოსი 5, 21). ქრისტეშობის წინა კვირეულებში მართლმორწმუნე ადამიანები საშობაო დღესასწაულის სამზადისში არიან - სულსა და სხეულს განიწმენდენ ლოცვითა და მარხვით, ხშირი აღსარებებითა და ზიარებებით, ღვთისა და მოყვასისადმი მსახურებით და ა.შ. ჩვენი ერის უპირატესი ნაწილი კი უმარხველად და ულოცველად, ცოდვათაგან განუწმენდელად, ძველი ცოდვებითა და ახალი ცოდვებით დამძიმებული ხვდება ???ულს, პირველი იანრვრიდან მოკიდებული საშობაო დღემდე - შვიდ იანვრამდე - არათუ ინახავენ მარხვას, ყოველდღიურად, შეიძლება ითქვას, დღე და ღამ ზღვარგადასულად მიირთმევენ და სვამენ. ყოველივე ეს ნიაღვარივით ედება მთელს საქართველოს (უნდა ვიფიქროთ, რომ ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმ ფიზიკური, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ზვავებისა და მეწყერებისა, რაც საქართველოს მოსახლეობას რისხვად ატყდება თავს). უმრავლესობა ამაოდ ფიქრობს, რომ უმარხველობა და ულოცველობა დასაშვებია და მარხვა-ლოცვის გარეშე ცხოვრება არ წარწყმედს სულს კაცისას, რომ ყოველივე ეს ადამიანური ფანტაზიის ნაყოფია და არა მცნება და კანონი ღვთისა. ეს აზრი რომ შორსაა ჭეშმარიტებისაგან, - ამოწმებს და ადასტურებს თვით ღვთის წიგნი - ბიბლია, - როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა! ასე მაგალითად: რაფაელ მთავარანგელოზი მიმართავს ტობიას: „სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებითა და სამართლიანობით" (12, 8); ივდითის წიგნში ღმერთი იოაკიმის, უფლის დიდი მსახურის პირით გვამცნობს, რომ იმ შემთხვევაში შეისმენს დიდი მსახურის პირით გვამცნობს, რომ იმ შემთხვევაში შეისმენს ჩვენს ვედრებას, თუ მარხვასა და ლოცვებში ვიქნებით; წმ. იონა წინასწარმეტყველის წიგნიდან ვგებულობთ, რომ ცოდვებში ჩაძირული ნინეველების მიმართ ღვთის მრისხანება მათ მიერ მხოლოდ მარხვის დაცვამ შეაჩერა; წმ.მოსე წინასწარმეტყველს უფალი რომ ეხილა, ორმოცი დღე და ღამე მარხულობდა; თვით იესო ქრისტემაც ამდენივე იმარხულა, რითაც მაგალითი დაგვიტოვა, როგორ მივსდიოთ მის გზას, როგორ ვძლიოთ სატანას, - მამას სიცრუისას და ბოროტებისას; ქრისტემ გვასწავლა, რომ არსებობს ისეთი სნეულებანი და ავადმყოფობანი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიკურნება; ლუკა მახარებელმა წმინდა წიგნიდან („საქმე მოციქულთა") გვაუწყა, რომ მოციქულები ყოველთვის მარხულობდნენ; ქრისტესშობის შემდგომი ჩვენი ერის ორიათასწლოვანი ისტორიაც გვიმოწმებს, რომ ჩვენი წინაპრები მუდამ ერთგულად ინახავდნენ მარხვას და ლოცვებში სუნთქავდნენ. ბოლოს და ბოლოს, პირველმა ადამიანებმა - ადამმა და ევამ სწორედ ღვთის მიერ დაწესებული მარხვის მცნების დარღვევის გამო დაკარგეს სამოთხე და მას შემდეგ ადამიანთა მთელი მოდგმის მიწიური ცხოვრების უმთავრეს შინაარსად იქცა უმარხველობით დაკარგული ამ სამოთხის დაბრუნება, რის ერთ-ერთ საშუალებასაც ლოცვასთან შეერთებული მარხვაც წარმოადგენს. არამომარხულეთ შევახსენებთ ღვთის რჩეული მოციქულების მიერ დაწესებულ საღმთო კანონს: - ვინც დიდ მარხვას არ ინახავს, მთელი წელი არ მარხულობს ოთხშაბათს და პარასკევს, განკვეთილ იქნას ეკლესიიდან. ერთ-ერთ წმ. საეკლესიო კრებაზე კი ღმერთშემოსილმა მამებმა დაადგინეს: „ვინც იძულების გარეშე დაარღვევს მარხვას, შეჩვენებულ იყოს". ამრიგად, ყოველი კეთილგონიერი და მართლმორწმუნე ქრისტიანის ვალია არა მარტო საუფლო დღესასწაულებისათვის, არამედ მთელი მარადიული ცხოვრებისათვის საკუთარი სულისა და სხეულის წმ.საეკლესიო საიდუმლოებებით, უფლის მცნებების, მათ შორის, წმ.მარხვისა და ლოცვის დაცვითა და შესრულებით მომზადება, სულისა და სხეულის განწმენდა. ამასთან, საჭიროა არა მარტო ხორციელ-ფიზიკური, არამედ სულიერი მარხვაც, რადგან სულს თავისი მავნე საკვები აქვს: სიცრუე, განკითხვა, ფუჭმეტყველება, შური, დიდების მოყვარეობა, ცილისწამენა, მიუტევებლობა და მისთანები. ერთი სიტყვით, როცა ვმარხულობთ, როცა საუფლო დღესასწაულის შესახვედრად ვემზადებით, უნდა მოვერიდოთ და გავექცეთ ყველაფერს, რაც მიუღებელია ღმერთისათვის და საზიანო - ჩვენი სულისათვის. ღვთის დადგინებული დღესასწაულის დროს შევიგრძნობთ, რომ მარტო მოკვდავი სხეული კი არა გვაქვს, არამედ უკვდავი სულიც, რომ აქ, დედამიწაზე, მგზავრები ვართ და არა მისი მუდმივი მკვიდრნი, რომ ჩვენი მარადიული სამშობლო ზეცაშია და არა მიწაზე; სადღესასწაულო დღე მიწიურ საზრუნევებსა და ამქვეყნიურ ინტერესებში ჩაფლულებს შემოგვაბრუნებს ღვთისა და სულიერი ღირებულებებისაკენ, შინაგანი განახლებისა და აღორძინებისაკენ, ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთმიტევებისაკენ, გამოსწორებისა და უანგარო კეთილი საქმეებისაკენ; სადღესასწაულო დღეები რომ არ ებოძებინა უფალს, როგორც წყალობა, მთლიანად ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვან, ნაცრისფერ დინებასა და წარმავალ საზრუნავებში ჩავიძირებოდით ღვთის სრულ დავიწყებამდე და ასეთი შემთხვევაში უფალი ჩვენს მიმართ იგივეს გაიმეორებდა, რასაც წარღვნამდე ადამიანების მიმართ წარმოთქვამდა: „არ დარჩება ჩემი სული ადამიანებში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი" (დაბადება 6, 3). მაშ ასე, გავიხსენოთ, რას მოგვითხრობს წმინდა სახარება ქრისტეშობის სასწაულებრივი და საკვირველი დღესასწაულის შესახებ: - იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო, რათა ჩაწერილიყოი მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წარმოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ. იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგაზე მწოლარეს. და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი, აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". როდესაც ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა იქ, რაც უფალმა გვაუწყა. სწრაფად მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაზე მწოლიარე ყრმა. დანახვისთანავე უამბეს იმის შესახებ, რაც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე... დაბრუნდნენ მწყემსები, თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ (ლუკა 2, 1-20). როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი (მოგვები) აღმოსავლეთიდან... ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მოვიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო... როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან. დაემხნენ და თაყვანი სცეს მას: გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური (მათე 2. 1, 9, 11). ქრისტეს შობა უფრო დიადი, გასაოცარი და ღრმა საიდუმლოა, ვიდრე ღმერთის მიერ მთელი სამყაროს არაფრისაგან შექმნა. მალე ორი ათასი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ღმერთი შობად მოვიდა და წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის სწავლებით, იმად იქმნა, რაც მანამდე - ადრე არასოდეს არ ყოფილა: ღვთაება კაცად იქცა და ღმერთადვე დარჩა. ჩვენს განსაზღვრულ ადამიანურ გონებას არ ძალუძს შობის ამ საიდუმლოს შეცნობა და გაცნობიერება, თუმცა შეიძლება მისი „რწმენის თვალებით" დანახვა და დაჯერება. შობა ღვთისა, განხორციელებული ადამიანთა მოდგმის - ცოდვების, შეჩვენებისა და სიკვდილისაგან გამოსყიდვისა და ცხონებისათვის, ესოდენ საკვირველი და მიუწვდომელი, მხოლოდ სული წმიდის მადლმა იცის. ღმერთი ჭეშმარიტი იშვა ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ქალწულისაგან ხორცი შეისხა და განკაცდა, მაგრამ ისე, რომ თავისი ღვთაებრიობა არ დაუკარგავს. ის შვა ქალწულმა მარიამმა, რომელიც შობამდეც, შობის დროსაც და შობის შემდგომაც მარადიულ ქალწულად დარჩა, - ამიტომაც ეწოდა დედას ღვთისას - მარადისქალწული. ფიზიკური, ბუნებითი კანონების თანახმად გათხოვილი დედაკაცი დაფეხმძიმდება და ბუნებრივად შობს ძეს, მაგრამ როცა შეუღლებისა და ქორწინების გამოუცდელი ქალწული უქმროდ შობს საკვირველ ძეს - ღვთაებრივ ყრმას - და შობის შემდგომ ქალწულად რჩება, - ეს მოვლენა ყოველგვარ ბუნებრივ კანონებზე მაღლა დგას და ჩვენი ადამიანური შემეცნების საზღვრებს სცილდება. ჩვენ მხოლოდ განცვიფრება თუ შეგვიძლია ამის გამო და ზეციურ ანგელოსთა დასთან ერთად შესხმა ხოტბისა და წარმოთქმა სასიხარულო გალობისა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". შობის ამ გასაკვირველ დღეს უხილავი ღმერთი ხილული გახდა, - ყველაფერი მიიღო ადამიანური - სული, სხეული, თვისებები - გარდა ცოდვისა, რათა ესწავლებინა გზა ჭეშმარიტებისა, გზა ზეციურ სასუფევლამდე ამაღლებისა. ადამმა მოინდომა ღმერთს დამსგავსებოდა და იმ სიმაღლიდან დაეცა, რომელზედაც იდგა, ამიტომ ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი განეღმრთო და აემაღლებინა. ღმერთმა ამ სასწაულებრივი შობით თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ თავისივე ქმნილებისაგან - ქალწულ მარიამისაგან - სხეული შეიმოსა, ხორცი შეისხა, რათა ამგვარად ცოდვით დაცემული, მომაკვდავი, ხრწნადი ადამიანური ბუნება (სხეული) მკვდრეთით აღდგომის შემდგომ უხრწნელებით შეემოსა, განეახლებინა და ზეცამდე აეყვანა; ჩვენი უსაზღვრო სიყვარულის გამო ღმერთი ყრმად იშვა, რათა ცოდვას დამონებული ადამიანები ღვთის შვილებად გადავიქცეთ; ის, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, მპრყობელი და მეუფე მთელი ხილული და უხილავი ქვეყნიერებისა, ცათა შინა დიდებით მჯდომარე მარჯვენით მამისა, ჩვენი ხსნის მიზნით უბადრუკ გამოქვაბულში - საქონლის სადგომში იშვა და ცხოველთა ბაგაზე მიიწვინა; ჩვენი სხეული შეიმოსა, რათა თავისი სული მიენიჭებინა; პატარა ქალაქ ბეთლემში იშვა, მაგრამ დედამიწის ყველა კუთხეში მიღებულ იქნა. იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნება, ორი არსი შეერთდა - ღვთაებრივი და ადამიანური, შეერთდა განუყოფლად და ერთმანეთში შეურევლად. იესო ქრისტეში ორი ნებაა - ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ ისე, რომ ერთმამეთს არ ეწინააღმდეგებიან, - ადამიანური ნება ღვთაებრივ ნებას ემორჩილება. ერთი სიტყვით, უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცია, ანუ ღმერთკაცია. ჩვენ არ შეგვიძლია მისი ხორცშესხმისა და განკაცების საიდუმლოს ჩავწვდეთ, მაგრამ თუ კეთილგონიერებას გამოვიჩენთ, იმას კი მოვახერხებთ, აღმოსავლელ ვარსკვლავთმრიცხველების (მოგვების) მსგავსად უღმესი მოწიწებითა და კრძალვით მუხლი, გული, სული და გონება მოვიკრიბოთ ქრისტეს წინაშე, რომელიც გუშინ, დღეს და ხვალ ერთი და იგივეა უკუნითი უკუნისამდე და ოქრო, გუნდრუკი და მური ჩვენც ძღვნად მივუტანოთ მას. მართალია, მოგვებმა უფალს, როგორც მეუფეს, ოქრო მიართვეს - ყველაზე ძვირფასი ლითონი, მაგრამ წმ. დავით მეფე და წინასწარმეტყველი, „ფსალმუნების" ავტორი აცხადებს, რომ სიტყვა ღვთისა ყოველ ოქროზე უძვირფასესია. ამიტომ თუ ყოველდღიურ წესად მივიღებთ ღვთის სიტყვის - საღმრთო ბიბლიური მოძღვრების შესწავლას და ჩვენი ცხოვრების ამ მოძღვრების მიხედვით გამოსწორებასა და წარმართვას შევეცდებით, ამით მაცხოვარსა და მხსნელს ჩვენსას ისეთ ოქროს მივართმევთ, რომელიც მისთვის ყველანაირ ოქროზე ძვირფასი იქნება. ვარსკვალვთმრიცხველებმა ოქროსთან ერთად ღვთაებრივ ყრმას ღვთისათვის სათნო და მოსაწონი სამადლობელი ძღვენი - გუნდრუკიც მიართვეს. თუ დღენიადაგ სამადლლობელ ლოცვებს შევსწირავთ უფალს, ჭირშიც და ლხინშიც, მწუხარებაშიც და სიხარულშიც მუდამ მადლიერებით ვიქნებით აღვსილნი მის მიმართ, ვინც ჩვენი ხსნისა და გადარჩენისათვის იშვა, - ყოველივე ეს უფრო მეტად მოსაწონი ძღვენი იქნება უფლისათვის, ვიდრე გუნდრუკი, მოგვთაგან მიძღვნილი. და ბოლოს, ვარსკვლავთმრიცხველებმა ყრმა იესოს მიუტანეს მურიც, რაც მიანიშნებდა მწუხარებაზე, სიმწარეზე, ტანჯვასა და სიკვდილზე. თუ მწუხარება, გლოვა, სინანული და ტანჯვა გვექნება ჩვენი ცოდვების გამო, თუ მოვკვდებით ცოდვებისათვის და გავცოცხლდებით სიწმინდისათვის, ქრისტესათვის, სწორედ ეს იქნება ღვთისათვის ჩვენგან შეწირული „მური". ქრისტე იშვა პატარა ქალაქ ბეთლემში, რითაც აღსრულდა მესიასთან დაკავშირებული ძველი აღთქმის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც მიქა წინასწარმეტყველის პირით ღვთის მიერ ქრისტეს შობამდე 900 წლით ადრე გამოითქვა. საერთოდ, ძველი აღთქმის წმინდა წიგნებში, რომლებსაც სული წმიდის შთაგონებით ღვთისგან გამორჩეული ადამიანები წერდნენ, მაცხოვრის შობასთან და მისი მიწიური ცხოვრების სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით 60-ზე მეტი დიდი წინასწარმეტყველება და 270-მდე მითითებაა, რომლებიც მხოლოდ ერთ პიროვნებაში - უფალ იესო ქრისტეში - განხორციელდნენ. „ბეთლემი"ქართულად „პურის სახლს" ნიშნავს, და მართლაც, აქ იშვა ქრისტე ღმერთი - „პური ჩვენი არსობისა", „პური სიცოცხლისა", ის, ვინც თავისი თავის შესახებ ბრძანებს: მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არ მოსწყურდება (იოანე 6, 34-35). „საიდუმლოთა საიდუმლოში" - ეკლესიური ცხოვრების გულში - წმ. ზიარებაში პურისა და ღვინის სახით, რომელიც სინამდვილეში ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი (სხეული) და სისხლია, ხდება მისტიური ზიარება მართლმორწმუნე ადამიანებისა უშუალოდ ღმერთთან, ერთმანეთთან, მთელს კაცობრიობასთან და ყოველივე იმასთან, რაც კი არსებობს ქრისტეს მეშვეობით სული წმიდაში. ზიარების ანუ ევქარისტიის პური ქრისტეს სხეულია, ხოლო ქრისტეს სხეული - ევქარისტიული პური: ამ დროს ორივენი ერთდებიან. იგივე ითქმის ევქარისტიაში მონაწილე ღვინისა და ქრისტეს პატიოსანი სისხლის შესახებ: როცა მოციქულები ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დაამტვრია, მისცა მოწაფეებს და თქვა: აიღეთ, ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათაა მისატევებლად (მათე 26, 26-28). ამიტომაცაა აუცილებელი ხშირად ხშირად ვამბობდეთ აღსარებას, განვიწმინდებოდეთ ცოდვებისაგან და ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომელიც ზიარების საიდუმლოში ღვინისა და პურის სახით გვეძლევა, ყოველთვის ისე და ისეთი სულისკვეთებით ვეზიარებოდეთ, როგორც სიკვდილის წინ მოვინანიებდით და ვეზიარებოდით.
წყარო: http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/25-shoba.htm
|