მას შემდეგ, რაც ამ სვეტის წერა დავიწყე, სხვადასხვა ფორუმში ხშირად მდებენ
ბრალს ქვეყნისადმი ქედმაღლურ დამოკიდებულებაში, იმაში, რომ მსაჯულივით და
უპირატესობის გრძნობით ვიწერები. აი, ჩემით უკმაყოფილო ერთ-ერთი
ფორუმელის სიტყვები:
"მარკ მალენი არ მევასება. არ მომწონს მისი
დამოკიდებულება... თითქოს ზემოდან იყურება... ცდებს და ექსპერიმენტებს
ატარებს... რაღაცებს თავისთვის ინიშნავს.. მისთვის ერთი განვითარებადი,
მესამე მსოფლიოს ხალხი ვართ, რომელზეც დაკვირვებებს აწარმოებს... შემდეგ
დაგვცინის თავის კოლეგებთან..."
ჩემი ნაწერების მიმართ ასეთი
დამოკიდებულება აბსოლუტურად გასაგებია. კი, მე - უცხოელი - საქართველოზე
კრიტიკულად ვწერ ხოლმე და სულ რაღაცებს ვინიშნავ. ხშირად ვამბობ - „ერთი
მხრივ... მეორე მხრივ". აქ დიდი ხანია, რაც ვცხოვრობ და ბევრ სხვა უცხოელზე
უკეთ მესმის ესა თუ ის საკითხი. ვრისკავ და ვწერ რაღაცას იმ იმედით, რომ
ეს ვინმესთვის საინტერესო იქნება. ცხადია, მე კარგად ვხედავ, რომ
ზოგიერთისთვის ასეთი დამოკიდებულება გამაღიზიანებელია.
მოკლედ,
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ამ წლის ბოლო სვეტში უბრალოდ
საქართველოსთვის დამახასიათებელი ის მომენტები ჩამოვთვალო, რომლებიც მე
ძალიან მიყვარს და რომლებიც ჩემი აზრით, დანარჩენმა მსოფლიომ უნდა
გადაიღოს. მოკლედ, ამ სვეტში მე დავივიწყებ „ერთი მხრივ... მეორე მხრივ"
სტილს.
მე ძალიან მსიამოვნებს ის, თუ რა როლს ასრულებენ ხანშიშესულები
საზოგადოებაში. მათ პატივს სცემენ. ისინი ოჯახისა თუ საზოგადოების
მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ამერიკაში ხალხი თავიანთი ოჯახების
ხანშიშესულ წევრებს მთლად კარგად არ ექცევა. ბავშვების აღზრდაში
ხანშიშესულების მონაწილეობა ამერიკაში ფაქტობრივად მონაგონია. ამერიკელი
ხალხი ბევრს კარგავს იმის გამო, რომ ქართველი ბავშვებივით მჭიდრო
ურთიერთობა არა აქვთ ბებია-ბაბუებთან და ზოგადად ხანშიშესულებთან.
საქართველო
ძალიან ინტელექტუალური საზოგადოებაა. ჩემი დაკვირვებით, ხალხის
უმრავლესობას (ყველას არა, რა თქმა უნდა) მრავალმხრივი ინტერესი აქვს და
გულისყურით გისმენს. ამერიკაში ეს ნაკლებად ხდება. იდეებისა და საგნების
მოქმედების პრინციპების შესახებ ღრმა ცოდნას საქართველოში ძალიან აფასებენ.
გონებაგამჭრიახ და აზრის დალაგებულად გამომხატველ ადამიანებს მოწიწებით
უყურებენ, იქნება ეს პატარა სოფელი თუ დედაქალაქი. ის ხალხი კი, რომელსაც
არაფერი აინტერესებს ან ფიქრობს, რომ ყველა კითხვაზე გააჩნია პასუხი და
ამის გამო მოსაწყენია, საქართველოში ცოტა გვხვდება. საქართველოში ხალხი
აღიარებს, რომ იდეებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება ხოლმე.
საქართველოში
მეგობრობა ძალიან ძლიერი იციან. ხალხს ერთმანეთზე დაყრდნობა შეუძლია. თუ
სიძნელეს გადააწყდი, ხალხი დაგეხმარება, მათ უნდათ, რომ დაგეხმარონ და ამას
ბუნებრივად მიიჩნევენ. ამიტომ ძალიან იშვიათია, რომ ვინმე მარტოდ
გრძნობდეს თავს. ძმაკაცობა-დაქალობის ინსტიტუტი მშვენიერი რამაა და
მჭიდროდაა გადახლართული ქართველობის განცდასთან.
ქართველებს ძლიერი
ესთეტიკის გრძნობა აქვთ. სილამაზე არსებით როლს თამაშობს ქართულ
საზოგადოებაში. უფულოსაც კი კოხტად აცვია. ხალხი მართლა ძალიან ცდილობს,
რომ სილამაზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ სახლებში და ყველაფერ იმაში
შეიტანონ, რასაც კი აკეთებენ და რაშიც წარმატებული არიან. ქართველებს
მუსიკისა და ცეკვის ძალიან კარგი ცოდნა და ძალიან კარგი გემოვნება აქვთ.
კარგ გემოვნებასა და გალამაზების საფუძვლიან მცდელობას შედეგი ყოველთვის
მოჰყვება ხოლმე. ამერიკაში ამ ცნებებს პრიორიტეტს არ ანიჭებენ. ამერიკელთა
უმრავლესობა მათზე იმდენად არც კი ფიქრობს და ვერც კი აფიქსირებს, თუ რას
კარგავს.
მე მიყვარს, თუ რა ძლიერ უყვართ საქართველო ქართველებს. ეს
გრძნობა ზოგჯერ მომაჯადოებელიც კია. აქ მცხოვრები უცხოელები ხშირად
აღნიშნავენ ამას. ოღონდ თავიდან ისინი ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ უყვართ
აქ ცხოვრება ადგილობრივ უცხოელებს (ანუ ე.წ. ექს-პატებს), მერე კი თვითონვე
უყვარდებათ ეს ქვეყანა. თუმცა, ყოველივე ამას თვითონ საქართველოსადმი
ქართველების სიყვარული ამოძრავებს.
გამორჩეული ადგილი უკავიათ
პანაშვიდებსა და გასვენებებს. სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალები
საქართველოში უფრო უკეთესია, ვიდრე ამერიკაში. როცა ახლობელი გარდაიცვლება,
მთავარი პრობლემაა მის წასვლასთან შეგუება. ქართული რიტუალები სწორედ ამ
პრობლემის გადაჭრაში გეხმარება და ძალიან ეფექტურადაც. ამერიკულ კულტურაში
მსგავსი არაფერია. შესაბამისად, არა მგონია, რომ ამერიკელები ასეთი
ეფექტურები არიან ახლობლის სიკვდილის გადატანაში. ბევრ ქართულ ტრადიციას
ბრილიანტის ლოგიკა აქვს და ხალხს ცხოვრების აზრისა და ყოველივე იმის
გარკვევაში ეხმარება, რაც გარშემო ხდება.
ფაქტობრივად, ყველა
დღესასწაული ოჯახის, ერთიანობის იდეებს ეფუძნება. ეს თავის მხრივ ერთად
ჭამა-სმაში გამოიხატება. მშვენიერია. ამერიკაში დღესასწაულების უმრავლესობა
თანდათან კომერციული გახდა და ახლა ამა თუ იმ საგნის ყიდვისა თუ
ტელევიზორის ყურების იდეების გარშემო ტრიალებს. შეიძლება ვამარტივებ,
მაგრამ ძირითადად ასეა. საქართველო ასეთი კომერციალიზებული არაა, რაც
ყველას უნდა გვიხაროდეს.
საქართველო დინამიკურია. რაღაც იცვლება სულ.
მართალია, ესაა ძველი, ძალიან ძველი საზოგადოება და კულტურა, საკუთარი
თვალით შეიძლება იხილო, თუ როგორ სწავლობს ქვეყანა წარსულის გაკვეთილებზე
და თუ როგორ ატანს ამ ცოდნას ახალი სისტემის საძირკველში. ამერიკაში
ამჟამინდელი სისტემა საკმაოდ დიდი ხანია, რაც არსებობს და ისეთი ინერცია
აქვს, რომ ხალხი მგონი მის შეცვლას იოლად ვერ შეძლებს. ამის გამო, ბევრი
იმედგაცრუებულია პოლიტიკით. საქართველოში ცვლილებების მისაღებად ბევრი
ძალიან აქტიურად მუშაობს და ამ პროცესშივე ხედავს, თუ როგორ ხორციელდება ეს
ცვლილებები სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში.
საქართველოში ყველას
უყვარს ბავშვები. უხეში ადამიანებიც კი დნებიან. ნებისმიერი ქართველისთვის
ბავშვი ძალიან საყვარელია. სხვა ქვეყნებში მსგავს რამეს იოლად ვერ ნახავთ.
ზოგან არც კი იციან, თუ როგორ მოეპყრონ ახალგაზრდებს. საქართველოში
ბავშვების ყოვლისმომცველი სიყვარული ღრმა ადამიანობაზე მეტყველებს.
ქვეყანას
არა მარტო მდიდარი ისტორია, არამედ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი
ადგილმდებარეობა აქვს. საქართველოში თუ ცხოვრობ, ასე გგონია, მსოფლიოს
ცენტრში ხარ: მარჯვნიდან და მარცხნიდან მსოფლიოს მთავარი სტაბილიზატორები -
ევროკავშირი და აზია, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მსოფლიოს მთავარი
დესტაბილიზატორები - ნავთობდოლარებით სავსე მუსლიმანური სამყარო და რუსეთი.
ალბათ, სხვა ქვეყნებშიც ფიქრობს ბევრი, რომ მსოფლიოს ცენტრში ცხოვრობს.
თუმცა, საქართველოში ეს განსაკუთრებით ძლიერ შეიგრძნობა. ამერიკა კი
კაცობრიობის კულტურული და ისტორიული ცენტრისგან ნამდვილად შორსაა.
მიყვარს
ასევე, თუ როგორ პატივს სცემენ ქართველები თავიანთ ენას. ეს მათთვის
საიდუმლო კოდია, რომელზეც თითქმის ვერც ერთი უცხოელი ვერ მეტყველებს.
ენასთან კავშირშია უძველესი ლიტერატურა და ლამაზი ანბანი, რაც საქართველოს
საიდუმლო კლუბად აქცევს. ამ ენაზე ცოტა ლაპარაკობს, მაგრამ მდიდარი
ლიტერატურაა დაწერილი, რაც უნიკალური სიტუაციაა მსოფლიოში. თუ მსოფლიოს
უმეტეს ნაწილში ენა უბრალოდ ინსტრუმენტია, რომლითაც სათქმელს ამბობ,
საქართველოში ის თაყვანისცემის ობიექტია. მართლაცდა, რატომ არ უნდა ვცემდეთ
თაყვანს ენას, რომლითაც ვიზრდებით? რა გვაქცევს იმაზე უფრო ადამიანურად,
თუ არა საკუთარი ენა?
ქართული საჭმელი ფანტასტიკურია, საკუთარ
რეპუტაციაზევე უკეთესი. ჭამის სტილი და საჭმლის როლი ქართულ საზოგადოებაში
უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ამერიკაში. ამერიკელები ისე რომ ეპყრობოდნენ
საჭმელს, როგორც ქართველები, უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები იქნებოდნენ.
საჭმელი უშუალოდ უკავშირდება ქართულ სტუმარმასპინძლობას. საქართველო
ნამდვილად ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა დედამიწის ზურგზე. ერთად
ჭამა-სმაში სტუმრები და მასპინძელი ყოველთვის აზრს აქსოვენ.
ალბათ
აქ უნდა შევჩერდე, თორემ უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო. მოკლედ, პატიებას
ვითხოვ იმისათვის, რომ ვზივარ ჩემთვის კუთხეში, ვინიშნავ რაღაცებს და
აზრებს აქეთ-იქით ვაფრქვევ. გთხოვთ, რომ ყოველივე ეს სათანადო
სულისკვეთებით მიიღოთ. მე ძალიან მიყვარს საქართველო და მის შემადგენელ
ნაწილად ვთვლი თავს. ყოველდღიურად ვგრძნობ ამ ქვეყნის მიმართ ჩემი
სიყვარულის ზრდას და იმ ბედნიერებას, რომ ცხოვრების დინებამ აქ მომიყვანა
და საშუალება მომეცა, დავრჩენილიყავი და სწორედ აქ მეცხოვრა. ვიცი, რომ
ჩემზე, როგორც უცხოელზე ისე ფიქრობენ. როცა მესმის, თუ როგორ აკრიტიკებენ
საქართველოს უცხოელები, რომლებიც კარგად არ არიან ინფორმირებული ქვეყნის
შესახებ, მე ვღიზიანდები და ვგრძნობ იმის ინსტიქტურ საჭიროებას, რომ
სამშობლო დავიცვა. ალბათ ასეთივე განცდა ეუფლებათ, როცა ჩემს ნაწერებს
კითხულობენ. მაგრამ ქართველების მიერ სამშობლოს ასეთი დაცვა მე თვითონაც
ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ და ვიზიარებ.