ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » ახალი წლის ტრადიციები საქართველოში    

19:16:50
ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ.           

ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას - ძუძუები, ცხვრისას - დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს."

საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"        

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.

ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.

ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად დამიბერდიო". გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.

მესხეთ-ჯავახეთი

საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა "ბანის პურებს" და "ქათამ-წიწილას" პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.

ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; "ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი."      

საინგილო

საინგილოში საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის: "ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა." თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.       

გურია-სამეგრელო

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა.   

საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებს." საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება.

მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი"-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.     

რაჭა

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ.      

სვანეთი

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ.



წყაროhttp://vinoge.com/samzareulo/axali-wlis-tradiciebi-saqarTveloSi
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 3244 | დაამატა: giohunt1982 | ტეგები: ახალი წლის ტრადიციები საქართველოში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика