ორი თხა, ოთხი ძაღლი, ერთი აქლემი და სატვირთო ვაგონი. ამ ტვირთით მომთაბარე გორანი 22 წელიწადზე მეტია, რაც მოგზაურობს. გარეგნობით ევროპელს ჰგავს, მაგრამ ამბობს, რომ ეროვნება არ აქვს და თავს მსოფლიოს მოქალაქედ მიიჩნევს. პირველად 7 წლის იყო, სამოგზაუროდ დამოუკიდებლად რომ წავიდა. მას შემდეგ კი, რაც აქლემი იყიდა, ეს ცხოველი მისი განუყრელი მეგობარია. გორანი 53 წლისაა და მთელი ცხოვრება მოგზაურობაში აქვს გატარებული. თბილისში დიდ დიღომში, პატარა გორაკზეა დაბანაკებული, სადაც აქლემი საძოვარ ბალახს გაჭირვებით პოულობს.
- როცა ეროვნებას მეკითხებიან, არც კი ვიცი, რა ვუპასუხო, მე მეტისი ვარ (ინდიელისა და ევროპელის შთამომავალი). ეროვნებას რაც შეეხება, თავს მსოფლიო მოქალაქედ კი მივიჩნევ, მაგრამ პასპორტი შვეიცარიული მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში არასოდეს მიცხოვრია, არც გადასახადები გადამიხდია და არც ხმის უფლებით მისარგებლია. ბავშვობა მონბლანის მთაზე გავატარე (უმაღლესი მთა ალპებში). ეს მთა შვეიცარიის, იტალიისა და საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს.
- საუბრისას აღნიშნეთ, რომ პირველად 7 წლის იყავით, დამოუკიდებლად რომ წახვედით სამოგზაუროდ...
- მამაჩემი მომთაბარე ბოშების შთამომავალი იყო, დედა - ევროპელი. მამა დედას მაშინ შეხვდა, როცა ჰიტლერი ბოშებსა და ებრაელებს დევნიდა. მაშინ ყველა ბოშა ცდილობდა, ჰიტლერის რეჟიმს გადარჩენოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ევროპელი იყო, ბოშების მომთაბარე ცხოვრება ძალიან მოსწონდა და ჩემი მშობლები შეუღლდნენ. ისინი სულ მოგზაურობდნენ. მე კი პირველად დამოუკიდებელ მოგზაურობაში 7 წლის ასაკში წავედი და მხოლოდ 3 კვირა მოვახერხე მოგზაურობა. მახსოვს, დიდი ზურგჩანთა მქონდა მოკიდებული, სადაც მხოლოდ წინდები მეწყო. პოლიციელმა დამიჭირა და გაკვირვებულმა მკითხა, - ამდენი წინდა რად გინდაო? - შორ მოგზაურობაში მივდივარ და ბევრი წინდა მჭირდება-მეთქი. - ვუპასუხე. მაშინ თავი ბავშვთა სახლში ამოვყავი, საიდანაც რამდენჯერმე მოვახერხე გაქცევა. მახსოვს, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ციხეში და ბავშვები გისოსების გაწევასა და გაქცევაში ერთმანეთს ვეხმარებოდით. ახლა უკვე 53 წლის ვარ, მაგრამ მოგზაურობა ჯერაც არ შემიწყვეტია. 15 წლის ვიყავი, როცა ბოშების ფილოსოფიის შესასწავლად მათ დონთან ერთად დავიწყე მოგზაურობა. ბოლო ხანს ინდიელები და მომთაბარე ბედუინები თითქმის სრულიად გაქრნენ.
- მომთაბარეთა ფილოსოფია ახსენეთ, მათი ჭეშმარიტება რაში მდგომარეობს?
- მომთაბარე ჭეშმარიტებას გზადაგზა სიარულისას ეზიარება. ჩვეულებრივსა და მომთაბარე ადამიანებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ხალხს წარმოდგენაც კი არა აქვს სხვისთვის საკვების გაზიარებაზე... ჩვეულებრივმა ადამიანებმა ყველაფერი უნდა მოიმარაგონ, ხვალინდელ დღეზე იფიქრონ და დაცვის კამერა აკონტროლონ, სახლში ვინმე რომ არ შემოეპაროთ. მე კი დღეს რაც მაქვს, შენ აუცილებლად გაგიზიარებ. არა აქვს მნიშვნელობა, მოგზაური ხარ, გზად შემხვედრი თუ მეგობარი. ხვალისათვის არაფერი მაქვს გადასანახი, რადგან ხვალინდელი დღე შესაძლოა, ჩემთვის არც გათენდეს. ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება დროთა განმავლობაში ავტომატურად იმართება, მერე ვითარდება და ჯერ მეზობლის ეზოს მისაკუთრების სურვილი ჩნდება, მერე - სახლის, ცოლის, მანქანის და ა.შ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენს კარავს ფანჯარა მხოლოდ მაღლა აქვს და დაწოლისას ვარსკვლავების ყურება შეგვიძლია. სახლებს კი ისეთი ფანჯრები აქვს გაკეთებული, საიდანაც ძირითადად მეზობლების ავლადიდება ჩანს. დიდი ხანია, კომპანია "ჯიტაოჰან, მომთაბარე აქლემების ქარავანი" დავაარსე. ეს მომთაბარე ადამიანების თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული პროექტია, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სიმშვიდისკენაა მიმართული. საზოგადოებას ნამდვილი მომთაბარეების იდეოლოგიას ვაცნობ და არაძალადობრივი ტრანსპორტის, აქლემის შესახებ ვუყვები. მივდიოდი სკოლებში, ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთან... ვერც კი წარმოიდგენთ, რა დიდი ბედნიერება იყო მათთვის აქლემის დანახვა. არაერთხელ მიმოგზაურია აბრეშუმის გზით, რომლითაც ფილოსოფოსები, მკვლევრები და წინასწარმეტყველები დადიოდნენ. ამასთან ერთად, ყველა ქვეყანაში მჭიდრო კონტაქტი მქონდა ხალხთან, ბავშვებთან.
- როდის შეიძინეთ აქლემი?
- 22 წლის წინ, როცა ჩემი პროექტის ჩამოყალიბება გადავწყვიტე, თერაპიის შესასწავლად და სამოგზაუროდ აქლემები შევიძინე. ეს იოლი არ ყოფილა. რამდენიმე უზარმაზარი აქლემი საკმაოდ რთული მოსავლელია... წლების განმავლობაში რამდენიმე აქლემი მყავდა. 3 წლის წინ კი თურქეთში მამალი აქლემი დამეღუპა. გიგილთან ერთად 18 წელი მქონდა გატარებული. მისი სახელი არამეულ ენაზე სამოთხის კარს ნიშნავდა. დღეს მხოლოდ დედალი აქლემი, ჩინი მყავს, რომელიც "მეუღლის" დაღუპვას ძალიან განიცდის. საქართველოში ამიტომაც ჩამოვედი, იმედი მქონდა, ზოოპარკში აქლემები გეყოლებოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაავადების გამო სამივე დაღუპულა. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი სამინისტროდან წერილი მომივიდა. თქვენს ქვეყანაში ქარვასლის გაკეთებას მთავაზობდნენ (იგულისხმება ქარავნის მისაღები სახლი, მოგზაურთა შეკრებისა და დასვენების ადგილი). საქართველოში ქარვასლის არსებობის დიდი ტრადიცია არსებობს და შემოთავაზებაც ძალიან საინტერესო იყო. მაშინ ვერ შევძელი ჩამოსვლა, მაგრამ ახლა ამ კულტურულ პროექტს დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. ამას წინათ ჩემთან ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი იყო მოსული. რა თქმა უნდა, მასაც მოვუყევი ქარვასლის შესახებ და ბოლოს ჩემი ნათქვამი მაყურებლისთვის ისე გადაუთარგმნია, თითქოს საქართველოში ტურისტული ბიზნესის დაწყება მინდოდა.
- ჩინის თურქულად ესაუბრებით, ეს ენა ესმის?
- არა, აქლემი ნათქვამის ინტელექტუალურ მნიშვნელობას ვერ იგებს, მაგრამ ხმის ტემბრით იოლად ხვდება, ვეფერები, ვუწყრები თუ რამეს ვთხოვ. ამიტომ, თურქულად ვეტყვი თუ ფრანგულად, მნიშვნელობა არ აქვს. რაც მთავარია, ინგლისურად არ დაველაპარაკები, ეს ენა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, შეგნებულად არასოდეს მისწავლია. ინგლისელების კოლონიზატორული ბუნება ისედაც ბევრ რამეს გვახვევს თავს, მეც მხარი რომ არ დავუჭირო.
- გორან, ამდენწლიანი მოგზაურობა დამღლელი არ არის?
- არა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მომწონს. ხუთჯერ ვიმოგზაურე ისეთ ქვეყანაში, სადაც ომი იყო. ყველა მეუბნებოდა, - გიჟი ხარ? მოგკლავენო! - მე კი არაფრის მეშინოდა. ამ ქვეყნის არც მტერი ვიყავი, არც პროვოკატორი, მხოლოდ მეგობრობა მინდოდა მათთან და ვის უნდა მოვეკალი? მომთაბარე თუ ხარ, შეუძლებელია, მოღალატე, მატყუარა და ბოროტი იყო. ეს თვისებები რომც გქონდეს, გზადაგზა სრულიად შეიცვლები. ისწავლი ადამიანების გატანას, მეგობრობას, თავდადებას... ქვეყანას ტურისტული ადგილების შემოვლით ვერ გაიცნობ, იმ ქვეყნის ადამიანების ცხოვრება უნდა გაიზიარო, მიყრუებულ სოფლებს ეწვიო და მაშინ აღმოაჩენ სინამდვილეს. ხშირად ადამიანები თავს არიდებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას. - ბევრი მაქვს წაკითხული ამ ქვეყანაზე და არც ისე საინტერესოაო, - ამბობენ. დამერწმუნეთ, წიგნებიდან ქვეყანას ვერ გაიცნობთ. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ საქართველოში 1 წლის განმავლობაში შემეძლო დარჩენა.
- აპირებთ ამდენ ხანს გაჩერებას?
- შესაძლოა, დავბრუნდე და დიდხანს დავრჩე. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რა დროს გავატარებ ამა თუ იმ ქვეყანაში, არამედ ის, თუ ვისთან ერთად გავატარებ ამ დროს. გული მწყდება, რომ საქართველოს მთები ცარიელდება და ხალხი ბარად, ქალაქში ჩადის საცხოვრებლად. ეს დიდი შეცდომაა. საქართველოში ჩამოსვლისას თვალში მეცა გაპარტახებული საძოვრები და მაშინვე მონღოლები გამახსენდა. მონღოლეთში ცხოვრებისას იქაურებისგან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი დღემდე ჩინგის ხანის მოძღვრებით ხელმძღვანელობენ. ჩინგის ხანის მითითებით კი საძოვარ იალაღს 2-3 წელიწადს იყენებენ, შემდეგ კი 2-3 წლით ასვენებენ, რომ მიწამ გაფხვიერება და ბალახმა გაძლიერება შეძლოს. წინააღმდეგ შეთხვევაში, რამდენიმე წლის მერე საძოვარი საერთოდ აღარ იარსებებს, ან ისეთი ბალახი ამოვა, რომელსაც საქონელი პირსაც არ დააკარებს.
- რამდენი ხანია, საქართველოში ჩამოხვედით?
- 3 თვეზე მეტია. ვიყავი გონიოში, ბათუმში და დღეს უკვე თბილისში ვარ. სულ დაახლოებით 37-39 ქვეყანა მექნება შემოვლილი, მაგრამ ამ ციფრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ქვეყნებს შორის მომთაბარეობა სიყვარულს ჰგავს. ერთი ქალი ბოლომდე, გულით უნდა გიყვარდეს, სანამ მას დაშორდები და სხვასთან წახვალ. ასევეა ჩემთვის ქვეყნებში მოგზაურობაც. არასოდეს არსად მეჩქარება. ძალიან მომწონს საქართველო. თბილი და მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს. მსოფლიოში ქართული მაფია სახელგანთქმულია და ყველა შიშით ძრწის, მაგრამ აქ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ქართველები საშიში ხალხი არ ხართ. იმანაც განმაცვიფრა, რომ რუსეთთან ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, მათთან არანაირი მსგავსება არ გაქვთ.
- მუდამ მარტო მოგზაურობთ?
- უმრავლეს შემთხვევაში, კი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მარტოს მირჩევნია მოგზაურობა.
- რას ეძებთ ახალ ქვეყანაში?
- ფილოსოფიას, რელიგიას და ამ ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანების ბედნიერების რეცეპტს.
- თქვენი ბედნიერების რეცეპტი რა არის?
- ჩემი ბედნიერება არანაირ სისტემაზე არ არის დამოკიდებული. თუ ფანატიკოსი არ ხარ და ფხიზელი გონებით მოქმედებ, დიდი შანსი გაქვს, რომ ბედნიერება იპოვო. ჩემი ბედნიერება მოგზაურობაზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, მე ვირჩევ სამოძრაო გზას, მაგრამ ხშირად აუცილებლობა გვაიძულებს, სურვილის მიუხედავად, არჩევანი გავაკეთოთ. ამჯერად ჩემი სურვილის გამო კი არა, - ჩინის მეუღლის საძებნად ვმოგზაურობთ. ამიტომ, ასტრახანში წასვლას ვაპირებთ.
- გორან, მეუღლე თუ გყავთ?
- მეუღლე მყავდა, რომელსაც დავშორდი. ორი შვილი მყავს, 28 და 25 წლის.
- თქვენი შვილები თუ მოგზაურობენ?
- კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მათ სკოლაში არასოდეს უვლიათ. განათლება ჩვენ, მშობლებმა მივეცით. მახსოვს, ჯემილს თამაშ-თამაშით შევასწავლეთ ისტორია, ფილოსოფია, ენები...
- საქართველოში თურქეთიდან ჩამოხვედით. რამდენი ხანი გაატარეთ იქ?
- თურქეთში 10 წელი ვცხოვრობდი. აქედან 4 წელი იმ დასახლებაში გავატარე, სადაც ქურთები ცხოვრობდნენ.
- ნუთუ, აქლემით ჩამოხვედით საქართველომდე?
- რა თქმა უნდა, არა. აქლემითა და საცხოვრებელი ვაგონით ავტობანზე მოგზაურობა წარმოუდგენელია. სატვირთო დავიქირავე და საქართველომდე ისე ჩამოვედით. მომთაბარეობის განმავლობაში ყოველთვის მყავდა სატვირთო, მაგრამ თურქეთში მოგზაურობისას, ხანძრის გამო დავკარგე. როგორც ჩანს, რომელიღაც ფანატიკოსმა ტერორისტმა "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. მას შემდეგ მოგზაურობა ძალიან გართულდა. გადაუღებელი წვიმების დროს დიდ ნაგავსაყრელს ვპოულობდი, ცეცხლს ვუკიდებდი და ისე ვშრებოდით მე და ცხოველები. სამწუხაროდ, თურქეთში ავარიის გამო ჩვენი ავლადიდების დიდი ნაწილი დავკარგეთ. ჩინი კლდოვან გზაზე აჩქარდა და ხევში გადაიჩეხა. დღესაც არ ვიცი, როგორ გადარჩა. საბედნიეროდ, არაფერი მოუტეხავს, მაგრამ ჩვენი საცხოვრებელი ვაგონი ძალიან დაზიანდა.
- ყველაზე დიდ ხანს რომელ ქვეყანაში ცხოვრობდით?
- ყველაზე დიდხანს ავღანეთში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი მომთაბარეების ცხოვრების წესებს. იქ ყველაზე კარგადაა ჩვენი ტრადიციები შემონახული. ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა და თითქმის ყველა ხელოვანია.
- რა გეგმები გაქვთ?
- პირველ რიგში მამალი აქლემის ყიდვა მინდა. სწორედ ამიტომაც მივდივარ ასტრახანში. მერე კი ჩემი ცხოვრების ახალი პერიოდი დაიწყება. ძალიან მინდა, რომ პატარა, ჯანმრთელი კოზაკი მყავდეს და ვეცდები, ეს სურვილი ავისრულო. წარმოგიდგენიათ, 3 წელია, ერთი აქლემის ყიდვა მსურს და ვერ მიპოვია... მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, მასპინძლობისთვის. ერთი თხოვნაც მაქვს, ასტრახანში წასასვლელად სატვირთო მჭირდება, ამ მომსახურებისთვის კი რატომღაც ყველამ ასტრონომიული თანხა მომთხოვა. ამიტომ, თუ ვინმეს პატარა სატვირთო აქვს, იქნებ შემეხმიანონ, რომ ასტრახანში ჩასვლა და ჩინის მეუღლის პოვნა შევძლო.
ელენე ბასილიძე