ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითელას
თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ
მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.
1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის
სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს
და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან
მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.
მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია,
საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი
ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული
კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა,
განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე
მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა
უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ
დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს
პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის
ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ
კომპლექსს.
მოწამეთის
შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: „ადგილსაი მას,
რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ".
მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით „წყალწითელი" უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი
მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა
დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო
– სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.
მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის
ამბავს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის
მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ
წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა
მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და
კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის".
|
მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი
2007 წლამდე, აწ გარდაცვლილი
არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი) |
მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე
„წყალწითელი" გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რამეთუ ყრუსა
მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა". დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა.
„აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს".
მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და
დავით
და კონსტანტინე შეიპყრეს.
„ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა
გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული
ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი". და მაშინვე
უპასუხა დავითმა: „ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას
მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი
მთელი თქვენი მოდგმის".
დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და
უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: „დაუტოვე ქრისტეს
ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი
ჯარების უფროსი". უპასუხა დავითმა: - „ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ
ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა,
ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა".
„ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე
ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია
და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა". ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: -
„სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც
ღვთის ძალა".
ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი „შენ რას იტყვი ყმაო".
კონსტანტინემაც დასძრა „ხმაი დამამხობელი". „არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას
იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა". ათი დღე აწამეს ძმები
და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა
დავითმა: - „ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და
სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს,
მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა
ჩვენთა". ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ
ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.
„ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო
ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა
ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს". სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი
ბრწყინავდნე „ვითარცა მთიები განთიადისადმი". წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი,
წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების
სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში
დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.
XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული
გმირები.
როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი
სათქმელია, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი
მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19
საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და
ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის
ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865
წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში
ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა
უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.
|
ტაძრის კანკელი |
მოწამეთის
ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში
დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი,
ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი „შავიანიძე", მღვდელი სულაკაძე, რომელთა
მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და
კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის
მონასტერში.
მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია.
გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი,
დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად
საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის
მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც
საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით.
საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია
სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს,
შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი,
რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის
სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია
იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა
საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე,
მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან
XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა.
მოწამეთის მონასტერი საყურადღებო ძეგლია, როგორც ისტორიული ისე საკულტო
დანიშნულებით. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურის საგანძურში.
წყარო: http://www.orthodoxy.ge
|