ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივლისი » 26 » "კლდის ვეფხვი"    

20:06:22
"კლდის ვეფხვი"
"კლდის ვეფხვი"
"კლდის ვეფხვი""რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად მირჩევნია, რომ ბევრი მთAMAამსვლელი მყავს გადარჩენილი, ყველაზე მეტად ის მიხარებს გულს, ადამიანს სიცოცხლეს რომ შევუნარჩუნებ."
მიხეილ ხერგიანი

"30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი კლდეზე მცოცავი მინახავს, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ალპინისტებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ხერგიანი ყველას სჯობდა."
არმადო და როიტი, 
მთამსვლელი, იტალიელი სენატორი

"ის იყო არა მარტო მამაკაცი ყოველივეში, არამედ”თენსინგი (თენსინგ ნორგეი, ევერესტის პირველი დამლაშქვრელი, - ავტ.) ადამიანებს შორის".
ჯონათან ჰანტი

1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე. მას ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ. ხერგიანი ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. 

ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას ინგლისის დედოფალიც დაესწრო. კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური "ბათინკები", რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. როდესაც დედოფალმა კლდეზე მცოცავები შეამჩნია, თქვა: "ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?" 
მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს "კლდის ვეფხვი" სამუდამო სახელად შერჩა.
"თოვლის ჯიქი" (თენსინგ ნორგეი) მეგობრობდა "კლდის ვეფხვთან", ისინი იალბუზზე ერთად უნდა ასულიყვნენ. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და თენსინგ ნორგეიმ ასვლაზე უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი ავიდა და საღებავით დააწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!" როდესაც გამოიამინდა და "თოვლის ჯიქი" იალბუზზე ავიდა, მისალმების დანახვაზე გაგიჟდა... 

"ჩემს ბავშვობაში მესტიაში შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო კლდეზე ცოცვაში გამართულ ადგილობრივ შეჯიბრებებში. დარიალის ხეობაში, საქართველოს ჩემპიონატზე კლდეზე ცოცვაში მეც ვმონაწილეობდი. ტურნირზე მიხეილ ხერგიანიც იყო, ის მაშინ უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული ალპინისტი გახლდათ. მასთან მეტოქეობა  დაუჯერებლად მიმაჩნდა. იმ დროს ცნობილი გახდა, რომ რუს მთამსვლელთა ჯგუფი მყინვარწვერზე დარჩა. სასწრაფოდ შეიქმნა სამაშველო ჯგუფი მიშა ხერგიანის მეთაურობით და  მწვერვალისკენ დაიძრა. მიშა ხერგიანი-უმცროსი (მიშა ხერგიანის ბიძაშვილი) ჯერ კიდევ შეჯიბრების მონაწილეთა ბანაკში იყო. ვთხოვე, თან წამიყვანეთ-მეთქი. უარი ვერ მითხრა, თავად მიშოვა ფეხსაცმელები, თოკები და გზაში დავეწიეთ დანარჩენებს. მიხეილ ხერგიანმა რომ დამინახა, გაოცდა - მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი, თუმცა ჩემი უკან დაბრუნება არ უთხოვია. ასეთი ადამიანის გვერდით სამაშველო რაზმში ყოფნა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, თავი სიზმარში მეგონა... რუსი მთამსვლელები უამინდობის გამო კარავში იყვნენ შეყუჟულები, სამი დღის მშიერ-მწყურვალნი. სწრაფად მივაგენით და ჩამოვიყვანეთ... 

მას შემდეგ კლდეზე ცოცვა შემიყვარდა. მიხეილ ხერგიანი თავად მავარჯიშებდა - კოშკებზე დავცოცავდით. 
1961 წელს, შუა აზიაში, ქართველი მთამსვლელები ტიანშანზე, გამარჯვების პიკზე ავიდნენ. ასვლისას მიშა ხერგიან-უმცროსს ფეხები მოეყინა. მიხეილ ხერგიანი იძულებული გახდა, მობრუნებულიყო და მიშა ბანაკში ჩამოეყვანა. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა გზა განაგრძეს. 

უკან დაშვებისას სამი ქართველი მთამსვლელი დაიღუპა: ილია გაბლიანი, ზურაბ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი (ჯუმბერს მეუღლე ფეხმძიმედ დარჩა. მისი ვაჟი შემდეგში მთამსვლელი გახდა და პამირზე პიკი "როსიის" დალაშქვრისას დაიღუპა. მასაც მეუღლე ფეხმძიმედ დარჩა...). 

მეძმარიაშვილი და კუხიანიძე ჩამოასვენეს, გაბლიანი კი 7300 მეტრზე დარჩა. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველი ალპინისტები კვლავ ავიდნენ გამარჯვების პიკზე. მათი მიზანი ილიკო გაბლიანის ჩამოსვენება იყო (დაუწერელი კანონით - თანამოძმეს უცხო მიწაზე არ ვტოვებთ). იმავდროულად კომუნიზმის პიკზე კიდევ ერთი მთამსვლელთა ჯგუფი ადიოდა, ყინვისაგან მათი ხელმძღვანელი დაიღუპა, ჯგუფის რამდენიმე წევრის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, ამიტომ ქართველთა ჯგუფი მათ დასახმარებლად გაეშურა. ამასობაში თოვლი მოვიდა და ილიკო გაბლიანის ადგილსამყოფლამდე ვერ მივიდნენ, ის კვლავ ტიანშანზე დარჩა. მასთან ახლოს არის კიდევ 4 ალპინისტი, რომლებიც მოყინულები სხედან, თითქოს ისვენებენ, ხოლო ქვემოთ 4 ალპინისტი ქალია გაყინული, მათ შორის ერთი შატაევა, მიშა ხერგიანის ახლობელი...

1964 წელს მიშა ხერგიანის ჯგუფმა (მიშა ხერგიანი-უმცროსი, შალვა მარგიანი, გივი წერედიანი, ჯოტია გუგავა, ჯუმბერ კახიანი, თავად მიშა ჯგუფის მეთაური იყო) უშბის ე.წ. სარკის (900-ით გადმოხრილი გლუვი კედელი) დალაშქვრა გადაწყვიტა. 

ჩვენ, როგორც მეთვალყურეები, ქვემოდან ვუყურებდით... კედლის ბოლო მონაკვეთი, სადაც ე.წ. სარკე მთავრდება, მკვეთრად გადმოხრილია, ვერც გვერდზე გადახვალ და ვერც ქვემოთ ჩახვალ, მხოლოდ ზემოთ უნდა ახვიდე. სწორედ აქ გაუჭირდათ მთამსვლელებს.
სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ნაწვიმარი იყო. 
ყველანი ძალიან ვნერვიულობდით. 

კრიტიკულ მომენტში მიხეილ ხერგიანმა, რომელიც წინ პირველი მიდიოდა, ჯგუფს შესთავაზა, თოკები შეეხსნათ (ისინი  ერთი თოკით იყვნენ გადაბმულები. მიხეილის გადმოვარდნის შემთხვევაში მას ყველა თან გადმოჰყვებოდა). როდესაც ხერგიანმა "ლილე" წამოიწყო, მისი ჯგუფი მიხვდა, რომ "კლდის ვეფხვს" მაგრად გაუჭირდა და მეთაურის გასამხნევებლად უარი თქვეს თოკების შეხსნაზე. 
რამდენიმე წუთში მიხეილ ხერგიანმა თითქმის სასწაული მოახდინა და წინ წაწევა შეძლო. 
მის შემდეგ ეს მარშრუტი არც ერთ უცხოელს არ გაუვლია, მხოლოდ ნახევარი გზა გაირეს რუსებმა და ჩეხებმა. დღემდე ამ მარშრუტს მიხეილ ხერგიანის მარშრუტი ჰქვია".”
ნუგზარ ნიგურიანი,
მთამსვლელი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

"მიშას მიღწეული წარმატება ცხადია, უხაროდა, მაგრამ შეჯიბრიდან დაბრუნებული მამას გულისტკივილით შესჩივლებდა ხოლმე, - როდის იქნება, როგორც ქართველს, ისე რომ გამომაცხადებენ. ახლა უბრალოდ ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირიდან ვარო. 

იყო შემთხვევა, როცა მიშამ ამის გამო უარი განაცხადა შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. ეს მოხდა 1967 წელს საფრანგეთში. იქ ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი ტარდებოდა კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმში. ვიაჩესლავ ონიშენკოსა და მიშას წყვილი ყველას აოცებდა. ისინი 4 საათში გადიოდნენ ნებისმიერ რთულ მარშრუტს, რომელსაც სხვები 7-8 საათს ანდომებდნენ; ამიტომ ადგილობრივი მედიის ინტერესი მათ მიმართ დიდი იყო. მიშას და მის მეწყვილეს საზღვარგარეთ მუდმივად დაჰყვებოდა "კა-გე-ბეს" თანამშრომელი ევგენი გიპენრეიტერი. ისინი მეგობრობდნენ".
ნაზო ხერგიანი
მიშა ხერგიანის და, მთამსვლელი

"როდესაც ტურნირზე საბჭოთა წყვილი გამოიძახეს, ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა, თუმცა მხოლოდ სლავა ონიშენკო გამოვიდა, მიშა არ ჩანდა. გამოაცხადეს მეორედ, მესამედ... გავნერვიულდი, - ვიფიქრე, მიშას რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და მოსაძებნად წავედი. იქვე, ახლოს, მიწაზე იჯდა. ქართულად რაღაცას ღიღინებდა და თოკით კვანძებს აკეთებდა. რა ხდება, ხომ კარგად ხარ-მეთქი, - მივვარდი. მიშამ მშვიდად ამომხედა და წყნარად მითხრა, - შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო. რა უნდა მექნა, ტურნირს ვერ ჩავაგდებდით... ბოლოს, როგორც მიშას სურდა, ისე გამოაცხადეს. ყველა გაკვირვებული იყო, - საქართველო გაგვიგია, მაგრამ სვანი რას ნიშნავსო. მე ვუხსნიდი, რომ სვანეთი საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხეა, სადაც ხერგიანი დაიბადა-მეთქი.

1968 წელს, როდესაც მე ფრანგ ალპინისტთა ჯგუფს ყაბარდოდან სვანეთში გადმოვყევი, აღფრთოვანებულები ამტკიცებდნენ, - სწორედ ამ კუთხეში უნდა დაბადებულიყო "კლდის ვეფხვიო".”
საოცარი კაცი იყო. მახსოვს, ინგლისში, ლორდებმა თავისთან მიიწვიეს. თავიდან შევფიქრიანდი, - გლეხის ოჯახში გაზრდილი კაცია და ეტიკეტს როგორ დაიცავს-მეთქი, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვნახე, როგორ იქცეოდა მიშა მათთან. თავში გამიელვა - ლორდი ლორდთა შორის არის-მეთქი".
ევგენი გიპენრეიტერი,
"ჩანაწერები"

1969 წელს, იტალიაში, ექსტრაკლასის მწვერვალების წარმატებით დალაშქვრის შემდეგ, მიხეილ ხერგიანი მწვერვალ სუ-ალტოთი დაინტერესდა. მისი გამორჩეული მარშრუტი ბევრი ცნობილი ალპინისტისთვის დიდი ცდუნება იყო, თუმცა ქვების ცვენის გამო მას ბევრი უფრთხოდა. როდესაც გაიგო, რომ ეს მარშრუტი გაბრიელ ივანესს ეკუთვნოდა (იგი 1937 წელს ავიდა სუ-ალტოზე), მიხეილ ხერგიანს გაახსენდა თავისი ბიძა, გაბრიელ ხერგიანი, რომელმაც ასევე 1937 წელს დალაშქრა უშბა. როგორც ამბობენ, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა "კლდის ვეფხვმა" სუ-ალტოზე ასვლა... ცალფა თოკით. 

ხერგიანის გადაწყვეტილებამ მთამსვლელები გააოგნა, რადგან ასეთი კატეგორიის მწვერვალებზე ადიოდნენ მხოლოდ  ორმაგი თოკით, რასაც ორმაგი დაცვაც ჰქვია (მთამსვლელი, რომელიც მწვერვალზე პირველი მიიწევს, ჯერ ერთ თოკს ამაგრებს, შემდეგ მეორეს. ეს არა მარტო ზემოთ ასვლაში ეხმარება ალპინისტებს, არამედ ერთგვარად უსაფრთხოების ფუნქციაც აქვს, რადგან ეს თოკები სხვადასხვა ადგილას გადის, ქვის ცვენის დროს თოკის გაწყვეტის შემთხვევაში მეორე მრთელი რჩება).
ხერგიანი ფიქრობდა, რომ ცალფა თოკით სუ-ალტოს რეკორდულად მოკლე დროში დალაშქრავდნენ.
1969 წლის 4 ივლისს მიხეილ ხერგიანი და მისი მეწყვილე ვიაჩესლავ ონიშენკო (მოსკოველი ქირურგი, მთამსვლელი), სუ-ალტოზე ასვლას შეუდგნენ.

დიდი ინტერესის გამო მათ ქვემოდან ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ,,600 მეტრის გავლის შემდეგ ონიშენკო დაცვაზე იდგა. მიშა ხერგიანი ამ დროს კლდის შიდა კუთხეში ბუნებრივ ღარში იმყოფებოდა, ქვების ცვენაც სწორედ აქ დაიწყო. მიხეილ ხერგიანს, სამწუხაროდ, მანევრირების საშუალება არ მიეცა. ქვების ცვენის დროს-თოკი გადაიჭრა... და "კლდის ვეფხვი" სუალტოს მოსწყდა...

"იტალიიდან მიხეილი დიდი პატივით ჩამოასვენეს. მისი კუბო ვეფხვის ფეხებზე იდგა. სახლში რომ შემოასვენეს, მამამ შვილის უკანასკნელად ნახვა მოისურვა და კუბოს ახადეს. სწორედ მაშინ შეხსნეს ქამარი, რომელიც მიხეილს სუ-ალტოზე ეკეთა და ამოიღეს  გადაჭრილი თოკი, რომლითაც ის იყო დაბმული (ეს ნივთები ახლა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმშია დაცული, - ავტ.). უამრავი ხალხი მოდიოდა - სპორტსმენები, უცხოელები, უბრალო ადამიანები... 

მიშას დაღუპვის შემდეგ ალპინისტურ წრეებში გაჩნდა ეჭვი, რომ ხერგიანისნაირი მთამსვლელი ასე არ დაიღუპებოდა, რამე ხომ არ მოუწყვესო. ევროპელებს ეჭვი რუსებზე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდა მიშას მეწყვილე ვიაჩესლავ ონიშენკო. მას ეუბნებოდნენ, - სვანეთში თუ ჩახვალ, მოგკლავენო. 
ჩვენ ერთმანეთს მოგვიანებით ყაბარდოში შევხვდით ტურნირზე. ერთ ოთახში ვცხოვრობდით და მიუხედავად იმისა, რომ იმ საბედისწერო დღიდან უკვე წლები იყო გასული, ამხელა კაცი იმ ამბავს ცრემლმორეული იხსენებდა და ნერვიულობდა. 

...სლავა ონიშენკო მიშას მამამ შვილივით მიიღო სვანეთში"...
ნუგზარ ნიგურიანი

მიხეილ ხერგიანი - სახელოვანი მთამსვლელი


1969 წლის 8 აგვისტოს ნოვოსიბირსკის მთამსვლელთა კლუბის, "ვერტიკალის""წევრებმა თურქესტანის ქედზე მდებარე 4960 მ სიმაღლის მწვერვალს მიხეილ ხერგიანის სახელი უწოდეს. 1971 წლიდან თამაშდებოდა მისი სახელობის პრიზი კლდეზე ცოცვაში. მესტიაში გახსნილია ხერგიანის მემორიალური მუზეუმი, რომლის შექმნაში ოჯახთან ერთად მონაწილეობდა ყველა მისი მეგობარი ალპინისტი. მას სიმღერა უძღვნა ვლადიმირ ვისოცკიმ, ხოლო პოეტმა ევგენი ევტუშენკომ ლექსი - "ხერგიანის თოკი". 1978 წელს, მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტას, ნომრით 3234, მიხეილ ხერგიანის სახელი მიენიჭა.

წელს მიხეილ ხერგიანი 80 წლისა გახდებოდა.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/versia/13132-qkldis-vefkhviq.html
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 3511 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 DatuNiko   (22.08.2012 16:57:06) [მასალა]
მე, ვიცნობდი-მამაჩემის მეგობრობით ჯოკია გუგავა, ლევან ახვლედიანი, ჯოკია ონიანი, ზურაბ კუხიანიძე და რაინდი გორგოძე სახლში იყვნენ ჩვენთან.
მოსაგონრად მარტო ის ღირს, რომ როცა გაიგო ალპინიზმით ჩემი დაინტერესება, დაახლოებით ასეთი რჩევა მომცა: ...სუსტი მხედველობა და სუსტი მტევანი გაქვს-ნუ გაუთამამდები მთას, მაგრამ ალპინიზმი და ალპინისტი გიყვარდესო...
უდიდესი კაცი-პიროვნება იყო.
მადლობა ა ვ ტ ო რ ს და ბატონ გ ი ა ს !!!...
23_30_126

0   Spam
1 aleko   (27.07.2012 16:09:17) [მასალა]
მართლა მაგარი კაცი იყო, მე ვიყავი მის სახლ-მუზეუმში და აღფრთოვანებლი დავრჩი...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика