მომავალში, მეთევზე-მეზღვაურებს წვრთნის გავლა მოუწევთ, რის შედეგადაც მათი სერტიფიცირება მოხდება. ამასთან, ქართული და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერას ახორციელებენ, მხოლოდ სერტიფიცირებული მეთევზე-მეზღვაურები დასაქმდებიან.
ამასთან დაკავშირებით, სრულიად ახალი კანონი – „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" მომზადდა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. ცვლილებების ავტორი მთავრობაა, პროექტით კი, მეთევზე–მეზღაურთა სერტიფიცირების წესი დგინდება, თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრებისა და პერსონალის წევრების ერთმანეთისგან გამიჯვნა ხდება და ასევე, განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფუნქციები. ამასთან, კანონპროექტით, განისაზღვრა მთელი რიგი ტერმინები. კერძოდ, პროექტით, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ახალი ტერმინი „შკიპერი" გაჩნდა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში თევზსაჭერი გემის კაპიტანს ეწოდება.
რაც შეეხება ცვლილებებს, პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მეთევზე-მეზღვაურებს წვრთნის გავლა მოუწევთ, რის შედეგადაც მათი სერტიფიცირება მოხდება. მთავრობის მტკიცებით კი, აღნიშნული ფაქტი ქართველი მეთევზე-მეზღვაურების დასაქმების არეალს გაზრდის.
კანონპროექტის თანახმად, სერტიფიკატის გაცემის წესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განსაზღვრავს, რომელიც თევზსაჭერი გემის, ეკიპაჟისა და პერსონალის წევრების სერტიფიკატების ნუსხას თავად დაადგენს. თუმცა, სააგენტო ასევე ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატს ან სხვა სერტიფიკატებს, თუ ამ სახელმწიფოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემა აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ან არსებობს შესაბამისი შეთანხმება საქართველოსთან.
ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მცურავი თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის, საგამოცდო პროგრამა შეცვალოს, ასეთი საგამოცდო პროგრამა კი, თევზსაჭერი გემების მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს უნდა ითვალისწინებდეს.
ცვლილებით, მეთევზე-მეზღვაურმა ხუთ წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში, გადამზადების კურსი უნდა გაიაროს, რომელსაც გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური დააფინანსებს.
პროექტით, სააგენტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის პირის წოდებას, თუ – იგი არის არანაკლებ 18 წლის, ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება, ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება, აქვს შესაბამისი სერტიფიკატები და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.
აღსანიშნავია, რომ მეთევზე-მეზღვაურები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში, ინგლისურ ენას უნდა ფლობდნენ. თუმცა, მართვის და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან 24 მეტრი და ნაკლებ თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, უმაღლესი საზღვაო განათლება არ მოეთხოვებათ.
პროქტით, ამ კანონის მოქმედება იმ გემებზე არ ვრცელდება, რომელთა სიგრძე არის 7 მეტრზე ნაკლები. კერძოდ, სააგენტო განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს 7 მეტრი და ნაკლები სიგრძის როგორც ძრავიანი, ისე ნიჩბიანი თევზსაჭერი გემების პერსონალის სერტიფიცირებისა და მომზადებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტში ის საკითხიც არის გათვალისწინებული, კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება თუ ვის მიერ ხდება. ცვლილებით, სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე, სააგენტოს, თევზსაჭერი გემის შკიპერისა და ნავსადგურის კაპიტანის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში ხდება, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილება კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა კი, ერთ წელს არ უნდა აღემატებოდეს.
მას შემდეგ რაც პარლამენტი ამ ცვლილებებს მიიღებს, ეს კანონი 2013 წლის 1–ელი თებერვლიდან ამოქმედდება, 2013 წლის 1 ივნისიდან კი, ეს კანონი უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე გავრცელდება, რომლებიც თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში განახორციელებენ.