კომპანია John Dewar & შონს-ი დღესდღეობით მსოფლიოში ვისკის ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელია. ამ უძველესმა ინგლისურმა ბრენდმა სახელი უბრალო ხალხშიც მოიხვეჭა და სამეფო წრეებშიც. იგი ცნობილია თავისი გამაოგნებელი მარკეტინგითაც, რომელსაც ლეგენდურ თომას დიუარს უნდა უმადლოდეს.
შოტლანდიელ ფერმერთა ოჯახში 1805 წელს ჯონ დიუარი დაიბადა. მართალია, მისი მშობლიური ენა გელური იყო (კელტური ენების ჯგუფიდან), მაგრამ ჯონმა ზედმიწევნით შეისწავლა ინგლისური, ურომლისოდაც თავის ბიზნესს ნამდვილად ვერ ააწყობდა. უნდა ითქვას, რომ ფერმერობა ყმაწვილს სულაც არ ხიბლავდა, ამიტომაც ადგილობრივ დურგალთან ხელობა შეისწავლა, გამოცდილებამიღებულმა კი ძმასთან ერთად აბერფელდიში მეწარმეობას მიჰყო ხელი.
1828 წელს პერტში გადასული ჯონ დიუარი მიხვდა, რომ დურგლობაც ისევე არ იყო მისი საქმე, როგორც ფერმერობა, ამიტომაც ყველაფერს თავი მიანება და ღვინის მაღაზიაში გამყიდველად მოეწყო. სწორედ აქ მიიღო თავისი პირველი გამოცდილება "ალკოჰოლთან მუშაობისა", რამაც განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი.
ჯონ დიუარი ბიძის პარტნიორი გახდა ღვინის ბიზნესში. 1837 წელს მათ დააარსეს კომპანია "მაკდონალდი და დიუარი". სწორედ ამ კომპანიაში მუშაობისას დააგროვა ჯონმა სოლიდური კაპიტალი, რომლითაც 1846 წელს საკუთარი საწარმო გახსნა. ასე დაიწყო პერტში ჯონ დიუარის კომპანიამ ვისკის წარმოება.
ჯონმა ორი მნიშვნელოვანი სვლა გააკეთა, რომლის წყალობითაც კონკურენტების ფონზე გამოიკვეთა. იგი ერთმანეთში ურევდა სხვადასხვა ხარისხის ვისკის, და რაც მთავარია, მათ მინის ბოთლებით ყიდდა. ეს არნახული რამ გახლდათ, რადგან ვისკი ბარებში კასრებით მიჰქონდათ და იქ ჩამოასხამდნენ. 1860 წლისთვის შოტლანდიის მრავალი სასტუმრო და ბარი სიამოვნებით ყიდულობდა ვისკი Dეწარ’ს-ს. ჯონს კომპანიაში კომივოიაჟერის შტატიც ჰქონდა შექმნილი.
1864 წლის 6 იანვარს ჯონ დიუარს მეორე ვაჟი, თომასი შეეძინა. სწორედ ამ ადამიანს დაუკავშირდა კომპანიის მომავალი წარმატება. თომასის წარმატებულმა მარკეტინგულმა სვლებმა ბრენდს უდიდესი წარმატება მოუტანა და პატარა ადგილობრივი წარმოება საერთაშორისო ალკოჰოლურ კომპანიად აქცია.
შემოქმედებითი ბუნება თომასს ბავშვობიდანვე გამოაჩნდა. იგი სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნეოდა. უფროსი ძმისგან განსხვავებით, თომასს მაშინვე არ დაუწყია მამის კომპანიაში მუშაობა. მანამდე, უფრო სწორად, ბავშვობაში, ძალები მოსინჯა Forrest & Turnbull-სა და Robertson & Bavter-ში, რის წყალობითაც ბევრი რამ შეიტყო სასმლის დისტრიბუციაზე.
1880 წელს უფროსი ჯონ დიუარი გარდაიცვალა. რასაკვირველია, ძმებისთვის ადვილი არ ყოფილა კომპანიის მართვის გაძღოლა, თუმცა რა გზა იყო! უფრო სწორად, თავდაპირველად ჯონი-უმცროსი ოთხ წელიწადს მარტო მართავდა კომპანიას, ხოლო თომასი ოჯახურ ბიზნესს 20 წლის ასაკში, 1884 წელს შეუერთდა.
მარკეტინგული გენია
კომპანიაში მისვლიდან ერთი წლის შემდეგ თომასი ლონდონში გადაბარგდა, რომ ვისკი "დიუარზი" დედაქალაქელებისთვის გაეცნო. მოვალეობანი ძმებმა მკვეთრად გამიჯნეს - ჯონ ალექსანდრი აწარმოებდა, თომასი კი პროდუქციას აცნობდა ბაზარს. ლონდონში ამის გაკეთება ადვილი არ იყო: ჯერ ერთი, კომპანიას რამე განსაკუთრებული კაპიტალი არც ჰქონდა, მეორე - დედაქალაქში ვისკის დიდად არ სწყალობდნენ, იქაურებში გაცილებით პოპულარული იყო ბრენდი, რომი და ჯინი.
ასე თუ ისე, ვისკი "დიუარზი" თანდათანობით ბაზარზე თავის ადგილს იკავებდა. გამჭრიახმა თომასმა ამისთვის საკმაოდ საინტერესო სტრატეგია აირჩია - იგი ქირაობდა ხალხს, რომლებიც პაბებში შედიოდნენ და მხოლოდ ვისკი "დიუარზს" ითხოვდნენ. რასაკვირველია, პაბებს ეს ვისკი არ ჰქონდათ და "კლიენტებიც" უკმაყოფილო მიდიოდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ბარებში თავად თომასი შედიოდა და ვისკის მიწოდებაზე კონტრაქტის დადებას სთავაზობდა. ბარის მეპატრონეებს კი უკვე სმენოდათ ვისკის შესახებ, აგრეთვე ისიც, რომ მას მომხმარებელი ითხოვდა. ამიტომაც კონტრაქტების გაფორმებას ხელს აღარაფერი უშლიდა. John Dewar & Sons-მა ლონდონში წარმომადგენლობა 1887 წელს გახსნა. ამავე წელს კომპანიაში პირველი დისტრიბუტორი გამოჩნდა.
კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 1886 წელს მოხდა. მისმა ვისკიმ თავისი პირველი ჯილდო მიიღო ედინბურგის გამოფენაზე. დღეს ეს ვისკი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია მსოფლიოში და 350-მდე სხვადასხვა ჯილდოს ითვლის.
რატომ უკავშირდება ამ ვისკის წარმატება, პირველ რიგში, თომას დიუარს და არა მის უფროს ძმას? ამ წარმატების გასაღები იმ გენიალურ მარკეტინგულ კამპანიაშია, რომელსაც უმცროსი დიუარი ხელმძღვანელობდა. 1891 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ბენჯამინ ჰარისონმა საჩუქრად მიიღო ერთი კასრი ვისკი "დიუარზი". ამ მოვლენას ფართოდ გამოეხმაურა პრესა, რომლის ბრალდებით, პრეზიდენტი ადგილობრივ მწარმოებელს მხარს არ უჭერდა (საუბარი იყო ბურბონზე - ამერიკულ ვისკიზე). მოგვიანებით თომას დიუარი იტყვის: "ეს იყო საუკეთესო რეკლამა... თანაც ყველაზე იაფი... შეკვეთები და წერილები ყველა შტატიდან მოდიოდა".
თომას დიუარი მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა. ეს იყო 1892 წელს. ორ წელიწადში მან 26 ქვეყანა მოინახულა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიისთვის მუშაობა დაიწყო 32-მა აგენტმა, გაჩნდა "დიუარზის" რამდენიმე საექსპორტო კომპანია. კომპანიის საქონელბრუნვა ორ წელიწადში ათჯერ გაიზარდა, თომას დიუარმა კი დაწერა წიგნი "გასეირნება მსოფლიოს გარშემო". 1894 წლისთვის კომპანია წელიწადში უკვე 1 მლნ გალონ (1 გალონი დაახლოებით 4,55 ლიტრი) ვისკის ყიდდა. ამ დროისთვის "დიუარზი" დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და შვეციის სამეფო კართათვის ვისკის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.
აშშ-ში "დიუარზის" წარმომადგენლობა 1895 წელს გაიხსნა. მას სათავეში ჩაუდგა ფრედერიკ გლასაპი. თომასმა კი სახელი კიდევ იმით გაითქვა, რომ ავტომობილი "ბენცი" შეიძინა. მთელ ბრიტანეთში მანამდე ავტომობილი მხოლოდ ორ ადამიანს - უელსის პრინცსა და თომას ლიპტონს ჰყავდა. ძმები დიუარების კომპანიის კაპიტალიზაციამ იმ დროისთვის 100 ათას გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.
ბიზნესიდან - არისტოკრატიაში
მარკეტინგის სფეროში საყურადღებო მოვლენა იყო 1898 წელს ედისონის კომპანიის მიერ სასმლის პირველი კინორეკლამის შექმნა. ეს სასმელი კი სწორედ ვისკი "დიუარზი" გახლდათ. საინტერესოდ გაკეთებულ რეკლამას ნიუ-იორკში, ჰერალდის მოედანზე, ერთ-ერთი შენობის თავზე უშვებდნენ. რგოლში ნაჩვენები იყო მოცეკვავე კაცუნები. იმ დროისთვის არნახულმა ტექნოლოგიურმა სიახლემ რიგითი ამერიკელებისა და პრესის უდიდესი ყურადღება მიიქცია.
წარმოება სულ უფრო ფართოვდებოდა, ვისკის მომხმარებელთა რიცხვი იზრდებოდა. საჭირო იყო მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც ჯონ ალექსანდრი თავს წარმატებით ართმევდა. კომპანიის წარმოება ყოველთვის საათივით მუშაობდა. 1899 წელს გამოჩნდა ვისკი Dewar’s White Label-ი, რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა.
ედუარდ VII-ის კორონაციის პატივსაცემად, 1902 წლის 18 დეკემბერს თომას დიუარს რაინდის წოდება მიანიჭეს, ხუთ წელიწადში კი ბარონეტის ტიტულსაც "გამოჰკრა ხელი". მომდევნო წელს თომასმა "დიუარის სახლი" გახსნა - კლუბი, სადაც ლონდონის ზეპური საზოგადოება იკრიბებოდა. პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, მსახიობებისა თუ მუსიკოსებისთვის კლუბი არაფორმალური შეხვედრების ადგილად იქცა - იქ ერთმანეთის სანახავად და სასაუბროდ დადიოდნენ.
მორიგი მარკეტინგული ნაბიჯი 1911 წელს გადაიდგა. თემზის ნაპირას უზარმაზარი შოტლანდიელი წამოიმართა, რომელიც "დიუარზის" ვისკის სვამდა. მას დაახლოებით 6 მილის სიგრძის ელექტროკაბელი დასჭირდა, ლონდონელები ოთხივ კუთხივ მოიჩქაროდნენ ამ საოცრების სანახავად.
თომას დიუარი კიდევ ერთხელ "დააწინაურეს" 1919 წელს, როცა პერის წოდება ებოძა და მიიღო ტიტული "ბარონი დიუარი ჰოუმსტოლსკელი". ჰოუმოსტოლსკი ერქვა მის მამულს, სადაც ცხენების მოშენებას მისდევდა.
...აშშ-ში 1920 წელს "მშრალი კანონი" ამოქმედდა. მთავრობის ამ ნაბიჯმა ძლიერად დაარტყა ალკოჰოლურ ინდუსტრიას. მაგრამ აშშ-ში ვისკი "დიუარზის" შეტანა არ შეწყვეტილა. ჯერ ერთი, იყო კონტრაბანდა ალ კაპონეს მეთაურობით, მეორე - ვისკი ბევრგან იყიდებოდა, როგორც ქოლერის წამალი. თუმცა ცხადია, სასმლის გაყიდვა აშშ-ში მაინც შემცირდა.
ჯონ ალექსანდრ დიუარი 1929 წელს გარდაიცვალა. მან შთამომავლობას უზარმაზარი ქონება - 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგი დაუტოვა. კომპანიის შემოსავალი კი იმ დროისთვის წელიწადში 1 მლნ გირვანქას შეადგენდა. ერთი წელიწადიც არ იყო გასული, რომ მას თომას დიუარი მიჰყვა.
ძმები წავიდნენ, მაგრამ დატოვეს ფეხზე მყარად მდგარი მსხვილი ბიზნესი, რომელმაც მკვიდრად დაიკავა თავისი ნიშა ბაზარზე. თუმცა თვით საწარმომ არაერთი მესაკუთრე შეიცვალა. John Dewar & Sons-ი 1925 წელს "დისტილერზ კომპანის" შეუერთდა, რომელიც თავის მხრივ "გინესმა" იყიდა 1986 წელს. მან კი "გრანდ მეტროპოლიტენთან" შერწყმით 1997 წელს Diageo შექმნა, რომელმაც საბოლოოდ "დიუარზი" Bacardi-ს მიჰყიდა. პუერტორიკოელი ბაკარდების ოჯახმა რომის ჩამომსხმელი პირველი საწარმო 1862 წელს გახსნა. დღეს ოჯახის ქონება $2 მილიარდია...
ციფრების ენით
- შოტლანდიაში დაახლოებით 100 ჩამომსხმელია, რომლებიც 12 ათას რეგისტრირებულ ბრენდს აწარმოებენ და 200 ქვეყანაში გააქვთ. ვისკის წილი უდიდესია გაერთიანებული სამეფოდან საკვებისა და სასმლის ექსპორტში.
- ბრენდი Dewar’s White Label-ი, რომელიც აშშ-ის ბაზარზე ყველა დანარჩენ ვისკიზე უკეთ იყიდება, 40 სხვადასხვა ალაოსა და მარცვლეულის ცალკეული ვისკის ნარევია. ბრენდი ცნობილია ფრაზით: "არასოდეს იცვლება".
- "დიუარზი" ალაოსა და მარცვლეულის ცალკეულ ვისკის 12 წელიწადს აძველებს, მხოლოდ ამის შემდეგ ამზადებს საფირმო ვისკის მათი შერევით და შემდეგ მათაც აძველებს, სანამ სხვადასხვა სურნელის შეერთება ახალს არ წარმოქმნის.
მოამზადა ნატა ენუქიძემ