ანუ ახმეტა მგლების ხროვას კომენდანტის საათით "ებრძვის"(?!)
"არ გვინდა, მალე ჩვენი შვილები ვიპოვოთ მგლისგან ყელგამოჭმული!"
- იცი, ჩვენთან კომენდანტის საათია... ასე, სიტყვასიტყვით, ისე უშფოთველად და ჩვეულებრივად მითხრა ერთმა ახმეტელმა, როგორც... ვთქვათ იმას იტყვიან, - ამ დილით ადრე ავდექიო. ამიტომ მეც ჩვეულებრივად ვუთხარი, - კარგი, რა-მეთქი და ლაპარაკი განვაგრძე. იმან, - შენ კი არ გჯერა, მაგრამ გაფრთხილებული ვართ, შებინდებისას გარეთ არ გამოვიდეთ, ამ დროს ქუჩაში მარტო პოლიცია დადისო! რას ამბობ-მეთქი! და... - ქალაქი მგლებით არის სავსე, აქამდეც ასე იყო, მაგრამ ახლა კომენდანტის საათი დააწესესო - ისე ჩვეულებრივად დაამატა, უცებ მივხვდი, რომ მგლების შემოსევა მისთვის ჩვეულებრივი ამბავი გამხდარიყო.
ახლა იმაზე ლაპარაკი არ ღირს, ამ ფაქტთან შეგუება კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება და ისიც ფაქტია, ჩვენი რეალობა მატყუარა ბიჭზე შეთხზული ზღაპარი არ აღმოჩნდა, რომელმაც იმდენჯერ იცრუა, - მგელი მოდის, მგელიო, როცა მართლაც მოვიდა, აღარ დაუჯერეს...
მგლების შემოსევებზე ჩვენს გამუდმებულ ლაპარაკს კი ის მოჰყვა, რომ არა მხოლოდ სოფლად, მგლები ქალაქის ქუჩებშიც თავისუფლად დასეირნობენ და კვალსაც ტოვებენ - ჯერჯერობით მხოლოდ ყელგამოღადრულ ძაღლებს, მაგრამ... მაგრამ ვისაც მგლის შესახებ რამე გაუგია, ისიც ეცოდინება, რომ ხვალ მისი მსხვერპლი შეიძლება ადამიანიც გახდეს. ასე რომ, როცა ახმეტელ ჟურნალისტ ბელა ბიტარიშვილს დავუკავშირდი, საიმედო და დამამშვიდებელი ვერაფერი მითხრა: "ახმეტაში მგლების შემოსევის ახალი ტალღა ბოლო დღეების დიდთოვლობას მოჰყვა - ბახტრიონის ტყეებში მგელმა საკვები ვეღარ იპოვა და დასახლებისკენ დაიძრა, როგორც ბახტრიონის მიმდებარე სოფლებისკენ, უკვე ქალაქისკენაც.
სოფელ მატანში ხალხს დილით პირუტყვი დახვდა ყელგამოღადრული, ქალაქში, თავად ვიპოვე ყელგამოჭმული ძაღლი. მგელი, ძაღლი რომ მოიგერიოს, მასავით ყმუილს ასტეხს, მიიტყუებს და მერე ყელს ღადრავს. მოსახლეობამ შებინდებისას მეორე საჯარო სკოლასთანაც მგლების ხროვა ნახა, - ხუთი მგელი თოვლში ერთად მიძუნძულებდაო, ერთი უკვე მოკლეს ქალაქში.
ჩვენში მგლების შემოსევები უცხო ნამდვილად აღარ არის. ოღონდ აქამდე ქალაქისთვის არ შემოუტევიათ. ახლა ხალხმრავალ ადგილებსაც აღარ ერიდებიან. ეს ძალიან საშიშია. მგლები შებინდებისას, ანუ ისეთ დროს შემოდიან ქალაქში, როცა ქუჩებში ძირითადად ბავშვები არიან - კერძო გაკვეთილებიდან ბრუნდებიან შინ...
ახმეტის მუნიციპალიტეტმა საგანგებო ზომები მიიღო - კომენდანტის საათი შემოიღო. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ხალხის მტრები იქნებოდნენ! ყველა გააფრთხილეს, შებინდებისას შინიდან არ გამოხვიდეთო. ამას სახანძრო-სამაშველო სამსახური აკონტროლებს - ყოველ ღამე დადიან, რათა შეამოწმონ ვინმე ხომ არ არის გარეთ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ ბრიგადაც კი შექმნა მგელზე სანადიროდ, - ეს უკვე ადამიანებზე თავდასხმაა, ასეთ შემთხვევებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის კანონი აღარ მოქმედებსო. მაგრამ მგელი ჭკვიანი ცხოველია და ვერ გეტყვით, რა შედეგი დადგება..."
მონადირეებმა ზუსტად იციან, რა შეიძლება მოხდეს. თუმცა დარწმუნებული არ არიან, რომ მგლის მოკვლისთვის ხვალ საჯარიმო ქვითარს არ მიუტანენ. ამიტომ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, მაგრამ შედეგი ზუსტად აღწერეს:
"ხვალ ჩვენს ტყეებში ნადირ-ფრინველი აღარ იქნება, ახლომდებარე დასახლებებში კი მგლებისგან ყელგამოჭმული ადამიანების რიცხვი გაიზრდება... მგელზე ჭკვიანი ცხოველი არ არსებობს. ნადირობის დროსაც კი, როცა წრეს ოცი ადამიანი არტყამს და მგელს აიძულებს თავშესაფრიდან გამოვიდეს, შეიძლება გვერდით ისე ჩუმად ჩაგიაროს, მიიხედო და მხოლოდ კვალი აღმოაჩინო... მგელმა რომ იარსებოს, დღეში ათი კილო ხორცი მაინც სჭირდება და აბა, გადაიანგარიშეთ მგლის სიცოცხლის განმავლობაში (დაახლოებით, 16 წელიწადი) რამდენი კილო გამოდის! ვიღაცას შეიძლება ბნელები ვგონივართ, მაგრამ\ მშვენივრად ვიცით, რატომ მოქმედებს ნადირობის აკრძალვის კანონი
- რაღაც ორგანიზაციები ასეთ კანონებში უცხოელებისგან ფულს აკეთებენ, ამას ახლა გრანტები ჰქვია. ჰოდა, მგელიც იმან შეინახოს, ვინც ეს კანონი დააარსა. ჩვენ თავი დაგვანებონ, არ გვინდა, მალე ჩვენი შვილები ვიპოვოთ მგლისგან ყელგამოჭმული!"
ახმეტაში უკვე მგლის, ანუ კომენდანტის საათი მოქმედებს. ხვალ სხვა, მგელსაშიშ რაიონებში რა მოხდება, ძნელი გასათვლელია. ერთი კია, - ადამიანური კანონი მგლის შიშით ცხვარს არ წყვეტს, მაგრამ თუკი მგელი ცხვარს თავადაც მოუღებს ბოლოს, მგელი კანონზე მაღლა მდგომი აღმოჩნდება!
P.S. ალბათ, კანონის წინაშე პირნათელი კი დარჩებიან, მაგრამ თუკი ახმეტაში ტრაგედია მაინც მოხდა, ვეჭვობთ სინდისის წინაშე პირნათელი დარჩნენ ისინი, ვისაც ამ ტრაგედიის საწინააღმდეგოდ რაიმე შეეძლო და არაფერი მოიმოქმედა. ამასთან დაკავშირებით შევეცადეთ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს დავკავშირებოდით, რაც სამწუხაროდ, არ მოხერხდა. შეკითხვებზე გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ხელაიამ და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ გვიპასუხეს.
კობა მაისურაძე: "შევიტყვეთ თუ არა ქალაქის ცენტრში მგელი მოკლესო, მეორე დღესვე შევქმენით საგანგებო ჯგუფები, რომელშიც დაახლოებით 20 მონადირე გაერთიანდა, ისინი ტყვია-წამლით მოვამარაგეთ. ახმეტის გარშემო ტყე ბევრია, ამიტომ საშიშროება მგლების შემოსევისა დიდია. როცა ადამიანების სიცოცხლე დგება საფრთხეში, მაშინ ვერანაირი კანონი ვერ წავა იმის წინააღმდეგ, რომ ეს საფრთხე თავიდან იქნას აცილებული".
ნონა ხელაია: - სამწუხაროდ, ამ შემთხვევის შესახებ არაფერი გამიგია, რადგან რეგიონებში შესაბამისი ცნობების მომწოდებელი სამსახურები აღარ არსებობს. მაგრამ როცა მგელი ადამიანს თავს ესხმის ან ამის საშიშროებაა, მგლის მოკვლა არ იკრძალება.
- მგლები იმდენად გამრავლდნენ, რომ ქალაქში ჩამოდიან. მონადირეები ამბობენ, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის თავიდან ასაცილელად მგლებზე ნადირობა კანონით უნდა დაიშვას. რატომ არის ეს შეუძლებელი?
- იცით, ასეთმა გადაწყვეტილებამ ევროპა როგორ დღეში ჩააგდო? აღარ იციან ტყეები ირმებისგან როგორ დაიცვან. ჩვენ ყველაფერი დასაცავი გვაქვს და ახლა ირმებისგან დასაცავი ვერ გავხდებით!