მოზარდები თამბაქოს ხაფანგში რატომ დავიწყე? _ 30-40 წლის ასაკში ამას ბევრი ეკითხება საკუთარ თავს. პირველმა რომანტიკამ გაიარა და ადამიანი ჩინებულად ხვდება, რამხელა დარტყმას აყენებს სიგარეტი მის ჯანმრთელობასა და ჯიბეს, არადა თამბაქომ ისე მყარად მოიკიდა ფეხი მის ცხოვრებაში, ისე მჭიდროდ მოუჭირა მონობის ბორკილი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის დაწყებაც კი ეზარება. "ნეტავ ეს ჭკუა თავის დროზე მქონოდა!” – გაიგონებთ ხშირად, თინეიჯერებს კი ეს ასაკი იმდენად შორს ეჩვენებათ, რომ დაფიქრების ღირსადაც არ თვლიან. სამწუხარო ფაქტი: თაობებს ერთმანეთის არ ესმით. და მაინც, რატომ იწყებენ ჩვენი შვილები თამბაქოს წევას და როგორ ავარიდოთ ისინი ამ საფრთხეს? არიან ადამიანები, რომელთაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მათ შორის – თამბაქოს, გამოყენების მიმართ მიდრეკილება აღენიშნებათ. თუ მშობლები ეწევიან, პატარას შეიძლება დაბადებამდევე ჩამოუყალიბდეს ნიკოტინზე დამოკიდებულება, ხოლო როცა გაიზრდება და გემოს გაუსინჯავს სიგარეტს, გაცილებით ადრე მიეჩვევა მას და მეტადაც მიეჯაჭვება, ვიდრე არამწეველთა ოჯახში გაზრდილი თანატოლი. და მაინც, გენეტიკა არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მწეველთა შვილები ნარკოტიკს ეტანებიან. მათ ხომ მშობლების მაგალითი აქვთ თვალწინ! შეგიძლიათ, დღედაღამ უკითხოთ პირმშოს ვრცელი ლექციები თამბაქოს მავნეობის შესახებ; ისინი გახვრეტილი შაურიანიც არ ეღირება, თუ შვილი ყოველ წუთას სიგარეტით ხელში გხედავთ. სულაც რომ არ უნდოდეს, სიგარეტს ის ქვეცნობიერად ელეგანტურობის (თუ დედა ეწევა) ან ვაჟკაცობის (როცა მამა აბოლებს) სიმბოლოდ აღიქვამს – ის ვერაფრით შეეგუება აზრს, რომ თქვენ არასწორად იქცევით. ნარკოლოგებმა გამოთვალეს, რომ თუ ოჯახში სამი მწეველია, 80 პროცენტია ალბათობა, რომ მოზარდმა 12 წლიდანვე დაიწყოს თამბაქოს წევა, ხოლო თუ მის გვერდით ერთი ადამიანი ეწევა, რისკი 40 პროცენტს შეადგენს. ბავშვი მოწევას არ დაიწყებს, თუ: * უსმენთ და პატივს სცემთ მის აზრს. მრავალი მოზარდი მხოლოდ იმისთვის იწყებს წევას, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ დედ-მამა მოზარდს არ თრგუნავს და თანდათან უფრო და უფრო მეტი საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას ანდობს (მაგალითად, იმისა, თუ ვისთან იმეგობროს, რა ჩაიცვას, როგორ მუსიკას მოუსმინოს), მას აღარ გაუჩნდება სურვილი, სიგარეტით ხელში ამტკიცოს თავისი ზრდასრულობა. დაგვეთანხმებით, სჯობს ყმაწვილმა ორიოდე თვე პანკივით იაროს (თუ არ დაუშლით, მალე თავისთავად მობეზრდება), ვიდრე სიგარეტს გაუსინჯოს გემო. * ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებას იყენებთ, რათა თამბაქოს მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნოთ. არც ერთი ნანახი თუ გაგონილი ამბავი, სადაც თამბაქოს მავნებლობა ჩანს, უკომენტაროდ არ დატოვოთ. ჩვენ მხოლოდ გეჩვენება, რომ ბავშვები მშობლების საუბარს არ უსმენენ. სინამდვილეში ყველაფერი, რაც ესმით, მათ გონებაში მოზაიკის ფრაგმენტებივით გროვდება. სწორედ ამ ფრაგმენტებისგან იკვრება შემდეგ ერთიანი სურათი – საკუთარი აზრი. * ეხმარებით, რამეში მაინც იყოს თანატოლებზე წარმატებული და კომპეტენტური. ირგვლივ მყოფთა შეხედულება მასზე მოზარდისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ბევრი სწორედ იმ მიზნით იწყებს წევას, რომ თანატოლების თვალში უფრო "მაგარი” და გამოცდილი გამოჩნდეს, მაგრამ თუ რაღაც გატაცება უკვე აქვს, თუ სხვებს უკვე სჯობნის (სხვებზე უკეთ სრიალებს გორგოლაჭებითა თუ თხილამურებით, თამაშობს ჭადრაკს, კარგად მღერის, კარგად ერკვევა კომპიუტერში), ავტორიტეტი ისედაც გარანტირებული აქვს, ასე რომ, სიგარეტი აღარ დასჭირდება. შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი ეწევა... ცხადია, ერთი სული გაქვთ, გვარიანად გაჯოროთ და ყური აუწიოთ, მაგრამ რას გარგებთ ეს? გვერწმუნეთ, მუქარით ვერაფერს გახდებით. პირველ რიგში, იმაზე დაფიქრდით, რას აძლევს თქვენს შვილს თამბაქო. იქნებ მხოლოდ ის აინტერესებს, როგორი შეგრძნება ექნება... ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თვალყური ადევნეთ. ბავშვს ეს გატაცება მალე მობეზრდება. ეგებ ჭარბი წონის მოცილებას ცდილობს? ეგებ პროტესტს აცხადებს მშობლების ძალადობის წინააღმდეგ? ან იქნებ სურს, "გამორჩეულთა” სიაში მოხვდეს? ასეა თუ ისე, რაკი მან მოწევა დაიწყო, თქვენ კი ეს კარგა ხნის შემდეგ შეიტყვეთ, ფაქტია: თქვენს შორის კედელი აღმართულა. ლექციის კითხვას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, ფრაზა: "შეიძლება, სერიოზულად ვისაუბროთ?” – კარგი დასაწყისია. თუ მაშინვე არ გამოტყდება, გულს ნუ გაიტეხთ. მთავარია მიახვედროთ, რომ მზად ხართ, მშვიდად, ყვირილის, ნოტაციებისა და ცემა-ტყეპის გარეშე ესაუბროთ. გულდასმით შეარჩიეთ არგუმენტები. მძიმე დაავადებებით (რომლებიც 20-30 წლის შემდეგ დაემართება) მას ვერ შეაშინებთ. სამაგიეროდ, პერსპექტივა, რომ დამოკიდებული გახდება, არცთუ სასიამოვნოა; ნებისმიერი მოზარდი ხომ თავისუფლებისკენ მიილტვის. აუხსენით, რომ ნიკოტინური დამოკიდებულების გამო დამოუკიდებლობას დაკარგავს და საკუთარი სხეულისა და გონების ბატონ-პატრონი ვეღარ იქნება. აჩვენეთ, როგორ შეუშლის ხელს თამბაქო მიზნის მიღწევაში, პროფესიული კარიერა იქნება ეს თუ სპორტული ასპარეზი. გოგონებს შეგვიძლია მოვუყვეთ, რომ მწეველ დედებს მცირეწონიანი, სუსტი ბავშვები უჩნდებათ, მერე კი ერთი ექიმისგან მეორესთან მიჰყავთ, მაგრამ ვერაფერს შველიან... მოკლედ, მოსწიე, თუ გსურს, მაგრამ იცოდე, რა გელის წინ. რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მოზარდი, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ანდეს, სწორ არჩევანს გააკეთებს.
წყარო: http://aversi.ge
|