თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოსოთო დალაქიშვილი
თურქეთის რესპუბლიკიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს თურქეთის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შედის. 2012 წლის 1 თებერვლიდან თურქეთში ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია, თურქეთის საზღვრის გადალახვიდან 3 თვის (90 დღის) შემდეგ დატოვოს თურქეთის ტერიტორია, დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში და მხოლოდ 3 თვის (90 დღის) შემდეგ მიეცემა თურქეთში ხელმეორედ შესვლის უფლება. სწორედ ეს უკანასკნელი ცვლილება წარმოშობს პრობლემებს თურქეთში სამუშაოდ მყოფი ქართველებისთვის. აქამდე მოქმედებდა ქართულ–თურქულ მხარეებს შორის 2011 წლის 10 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში. ქვეყანაში კვლავ შესვლის ვადები თურქული მხარის მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს საკითხი განხილვის ერთ–ერთი თემა იყო 13 იანვარს, როცა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. ლონდონში მაუწყებელი ქართული ინტერნეტ–რადიო "გრემის” ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე წარუმატებლად დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "ნეტგაზეტს” განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილი არ არის, განიხილეს თუ არა ეს საკითხი სააკაშვილმა და ერდორანმა შეხვედრის დროს.
თურქეთში საქართველოს საპატიო კონსულის, პაატა სარიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებით საქართველოს ბევრი მოქალაქე იძულებული გახდება, მიატოვოს სტაბილური სამუშაო თურქეთში, ან დაარღვიოს სავიზო რეჟიმი. "თურქეთთან ამჟამად უვიზო მიმოსვლის რეჟიმია. როგორც იყო აქამდე, ის წესები არ შეცვლილა. თუმცა 2012 წლის 1 თებერვლიდან თურქეთის კანონმდებლობაში ძალაში შედის ცვლილება... სავიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, ბევრი დაარღვევს იმის გამო, რომ თუ საქართველოს მოქალაქე დატოვებს თურქეთს, მას მალევე უკან დაბრუნება აღარ შეეძლება. შესააბამისად, იმის გამო, რომ მან სამსახური არ დაკარგოს, შესაძლოა, მან დაარღვიოს სავიზო რეჟიმი,” – განუცხადა "ნეტგაზეთს” სარიშვილმა. თურქეთ–საქართველოს შორის მიმოსვლაში აღნიშნული ცვლილების ამოქმედებას უარყოფითად აფასებს აჭარის მაცხოვრებელი აჩიკო კახაძე. "თუ ეს ამოქმედდა, პირადად ჩემთვის ძალიან ცუდი იქნება და არა მარტო ჩემთვის. ჩემს მაგალითზე, რომ გითხრათ, თურქეთში დავდივარ ძირითადად ზაფხულობით. ჩემი ბიზნესი მაქვს. ამ მიმოსვლის დროს, იმ შემთხვევაში, თუ კი 90 დღე უკან თურქეთში ვეღარ დავბრუნდები, ეს ჩემს ფინანსურ მდგომარეობს უფრო დაამძიმებს. გარდა ამისა, მძიმე მუშაობის გამო ხშირად შემქმნია ჯამრთელობის პრობლემა. თურქეთში, მოგეხსენებათ, მკურნალობა ძვირია, შესაბამისად, გადმოვსულვარ საქართველოში სამკურნალოდ და დავბრუნებულვარ უკან 10 დღეში. ის ელემენტარული კაპიკები, რითიც აქ ზაფხულობით თავს ირჩენენ, იმასაც ვეღარ გააკეთებენ. ეს შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, რადგან ნახევარი საქართველო იქაა წასული,” – განუცხადა "ნეტგაზეთს” აჭარაში მაცხოვრებელმა აჩიკო კახაძემ. თურქეთში საქართველოს კონსულის შეფასებით, თურქეთი საკანონმდებლო ცვლილებებს იმიტომ ახორციელებს, რომ ბევრი ქვეყნის მოქალაქე თურქეთში არალეგალურად მუშაობს. "თურქეთმა ცალმხრივად შეცვალა თავისი კანონი უცხოელებთან მიმართებაში. ეს ეხება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ყველა უცხოელს. ეს არის ზოგადად ყველა უცხოელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მასობრივად ბევრი ქვეყნის მოქალაქე აქ, თურქეთში, არალეგალურად მუშაობს და ამის აღსაკვეთად ეს ზომები მიიღეს,” – განაცხადა კახაძემ. შეგახსენებთ, თურქეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია ერთხელ უკვე განხორციელდა – 2011 წლის 27 ოქტომბერს, როცა თურქეთიდან საქართველოს 150 მოქალაქე გამოაძევეს.
წყარო: http://netgazeti.ge
|