ბოლო დროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის მოსახლეობას მომრავლებული მგლები დიდ ზიანს აყენებენ. მონადირეთა მობილურმა ჯგუფებმა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე არაერთი მტაცებელი მოკლეს, მაგრამ შინაური პირუტყვის დაგლეჯის ფაქტებს მაინც აქვს ადგილი. გამონაკლისი არც სოფ. დღნორისაა. ახლახან ამ სოფელში ერთობ უცნაური შემთხვევა მოხდა. სახლიდან დაშორებით საძოვარძე გაშვებული ხარ–ძროხის დასახედად ცხენით წასული სოსო ვასილისძე ლომთაძე, რომ იტყვიან, მგელს შიშველი ხელებით გადაეყარა. ბალახებში ჩასაფრებული მხეცი ზუსტად მის დეკეულს ეპარებოდა და მხედრის მოახლოება არც შეუმჩნევია. სოსო არ დაიბნა. ცხენიდან ჩამოქვეითებული იქვე დაგდებულ მსხვილ ქვას დასწვდა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა ნადირობით გართულ ოთხფეხს და ზურგში ძლიერად ჩაარტყა. წელგათრეულმა ნადირმა თავის შველა გაქცევით დააპირა, მაგრამ ზუსტად ნასროლი ქვები კვლავ წამოეწია და თავგაჩეჩქვილმა სული განუტევა. იღბლიანმა მონადირემ ნადავლი ცხენზე გადაჰკიდა და სოფელში ჩამოიტანა. ხვადი მგელი თითქმის ნახევარ ცენტნერს იწონიდა. ახლა ლომთაძის სახლის კედელს ამშვენებს.
(გაზეთი "ახალი წყალტუბო"№33 10.11.2011წ. სტატიის ავტორი: მირიან ლოლაძე)
წყარო:
|