ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვეა კატეგორიულად უარყოფენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. ”ბათუმელებმა” მოიპოვა კადრები, რითაც დასტურდება, რომ დელფინარიუმში მართლაც ჰყავთ ზღვის ამ სახეობის ბინადრები. წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში დელფინები საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაიჭირეს. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია.
”ბათუმელებისთვის” მოწოდებული ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ ბათუმის დელფინარიუმში რამდენიმე დელფინი ბინადრობს, რომლებსაც ამჟამად წვრთნიან. ეს ინფორმაცია "ბათუმელებს" სანდო წყარომ მოაწოდა. ის ასევე ირწმუნება, რომ დელფინები, საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, სწორედ შავ ზღვაში დაიჭირეს. ამ ინფორმაციას დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ბათუმის მერია - იურიდიული მესაკუთრე, კატეგორიულად უარყოფენ.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (ვინაობა ამ შემთხვევაშიც კონფიდენციალურია) ”ბათუმელებს” დელფინების დაჭერის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, ბათუმის დელფინარიუმისთვის 20-მდე აფალინას სახეობის დელფინი გასულ წელს შავ ზღვაში დაიჭირეს: ”2009 წლის მაის-ივნისში, როცა თევზაობა აკრძალულია, შპს ”მადაის” თევზსაჭერი სეინერი დელფინების დასაჭერად გავიდა ფოთი-ყულევის მონაკვეთზე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანუ აკრძალულ ზონაში. მათ აფალინას სახეობის 20 დელფინი დაიჭირეს. აფალინები ჯერ ურეკში გადაიყვანეს, ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის დასასვენებელ სახლში, სადაც მას სპეციალური, ზღვის წყლის აუზი აქვს. ბათუმში ჩამოყვანილი დელფინებიდან ექვსი დაიღუპა. დარჩენილ 14 დელფინს დაემატა ორი ახალშობილი. ამჟამად დელფინარიუმში 16 ერთეული დელფინი ჰყავთ”.
”მადაიმ” სამი ახალი თევზსაჭერი სეინერის მიღების პრეზენტაცია 2009 წლის 19 მაისს მოაწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პრეზენტაციის შემდეგ დაიწყო დელფინებზე ნადირობა კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც არათუ თევზაობა, არამედ მოტორიანი ნავით შესვლაც კი აკრძალულია.
რატომ მალავენ დელფინების ყოლას ბათუმის მერიასა და დელფინარიუმში? - წყაროს ცნობით, დარღვეულია რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია: შავ ზღვაში სამი სახეობის დელფინი ბინადრობს. საქართველოს კანონმდებლობით, სამივე მათგანის დაჭერა აკრძალულია. რაც შეეხება შავი ზღვის აფალინას, ის გადაშენების პირას იმყოფება და მას საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო CITES-ის, CMS-ის და ACCOBAM) კონვენცია იცავს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ACCOBAM -ის (შავი და ხმელთაშუა ზღვებისა და ატლანტიკის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ) კონვენცია, რომელიც მონაკოს პრინცის პატრონაჟით 1979 წელს შეიქმნა.
შავი ზღვის კონვენციური დაცვის ინსპექციის ფოთის უბნის ხელმძღვანელი - გოჩა გუჯაბიძე დაცულ ზონაში დელფინების დაჭერის შესაძლებლობას გამორიცხავს: "მაგ უბანს ჩვენ ვაკონტროლებთ, შეუძელებელია ვინმეს მაქ დელფინი დაეჭიროს. "მადაის" აქვს სასეირნო გემი, რომლითაც ხალხს ასეირნებს. მაგ პერიოდში ნამდვილად არ გასულან ისინი სათევზაოდ".
ირინა ლომაშვილი, ACCOBAM -ის კონვენციის წარმომადგენელი საქართველოში "ბათუმელებთან" აცხადებს, რომ ბათუმის დელფინარიუმში დელფინების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილია, მაგრამ მას ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ მიეცა: ”ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ჰყავთ. ეს განცხადება ბათუმის მერის დონეზე კეთდება. შიგნით არ გვიშვებენ. არ ვიცი, როგორ გადავამოწმო”.
ლომაშვილის თქმით, დელფინარიუმის მოწყობა და ფუნქციონირება არც ერთი კონვენციით არ არის აკრძალული, თუმცა სპეციალური ნებართვებია საჭირო: "დელფინარიუმს შეუძლია შეიძინოს დელფინები და გამოიყენოს კომერციული მიზნებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს არა შავი ზღვის დელფინი (მათ დაჭერას ACCOBAM -ის კონვენცია კრძალავს), არამედ შესაბამის წყლებში ან ტყვეობაში გამრავლებული სახეობა. ასევე საჭიროა ამ დელფინების ლეგალურად შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.
ლომაშვილის თქმით, შავ ზღვაში დელფინების დაჭერის გამო, საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა: ”წლების წინათ ჩილეში, CITES -ის კონფერენციაზე, საქართველო გამოვიდა ინიციატივით და შავი ზღვის აფალინაზე დაჭერის ნულოვანი კვოტა გამოცხადდა. ამიტომაც უკვირთ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მხრიდან შავ ზღვაში დელფინების დაჭერა. ეს ინფორმაცია მათ ყურამდეც მივიდა”.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ”ბათუმელებმა” კიდევ ერთხელ მიმართა დელფინარიუმის ადმინისტრაციას, რომელიც ექვემდებარება ბათუმის მერიის მიერ დაარსებულ შპს `შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის დაცვის სამეცნიერო კვლევით ცენტრს”. დელფინარიუმში შესვლისა და კადრების გადაღების უფლება დაცვამ არც ამჯერად მოგვცა. დელფინარიუმში ამ ეტაპზე სტატიის მომზადებისგან თავის შეკავება გვირჩიეს.
ბათუმის ვიცე-მერმა, ავთანდილ დარჩიამ კი განაცხადა, რომ დელფინარიუმში დელფინები არ ჰყავთ და ახლო მომავალში არც დელფინარიუმის გახსნა იგეგმება. დარჩიას ინფორმაციით, ”ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, თუ რომელი წყლების დელფინები შეეგუებიან ბათუმის კლიმატურ პირობებს. დელფინებს ამის მიხედვით შემოვიყვანთ”.
ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. წყაროს ინფორმაციით, დელფინარიუმის მესვეურები ცდილობენ, შექმნან დოკუმენტები, რითაც დაამტკიცებენ, რომ დელფინები კანონიერი გზით შეიძინეს: "რიგ ქვეყნებში, მაგალითად, სენეგალში, აფალინას ყიდვა 10-15 ათას დოლარად შეიძლება. ამ დელფინების ტრანსპორტირება და აქაურ გარემო პირობებთან შეგუება ძვირი ჯდება. ამასთან, დიდია დელფინების დაღუპვის ალბათობაც. ამიტომაც დაიჭირეს დელფინები შავ ზღვაში. ეს საქართველოს ხელისუფლების თანხმობით მოხდა. ახლა ცდილობენ სერტიფიკატი იყიდონ რომელიმე ქვეყანაში და აჩვენონ, თითქოს შემოიყვანეს. ვერ გეტყვით, როგორ გააფორმებენ შავი ზღვის აფალინას ოკეანის აფალინად”.
დელფინების წარმომავლობის დადგენის მიზნით, ”ბათუმელებმა” მოპოვებული ვიდეოკადრები ACCOBAM -ის სამეცნიერო საბჭოს წევრს, ალექსეი ბირკუნს გადაუგზავნა უკრაინაში. სპეციალისტის აზრით, "ვიდეოკადრებზე ასახული დელფინები მიეკუთვნებიან აფალინას სახეობის ერთ-ერთ ქვესახეობას - შავი ზღვის აფალინას (Tursiops truncatus ponticus). თუმცა, აფალინას ქვესახეობის ზუსტად გასარკვევად, რომელიც არათავისუფალ მდგომარეობაშია, ვიზუალური შეფასება საკმარისი არ არის. ცოცხალი აფალინას ქვესახეობის განსაზღვრისთვის, საჭიროა გენეტიკური ანალიზი”.
ალექსეი ბირკუნის თქმით, საქართველო CITES -ის და ACCOBAM -ის გარდა ბუქარესტის, ბონისა და ბერნის კონვენციებსაც არის მიერთებული: "შავი ზღვის აფალინას ქვესახეობა 2008 წელს შევიდა საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც "გადაშენების პირას მყოფი სახეობა”. ეს სახეობა და მისი საცხოვრებელი არეალი ამ საერთაშორისო კონვენციებით არის დაცული. დელფინების შავ ზღვაში დაჭერა ითვლება ყველა ამ საერთაშორისო შეთანხმების დარღვევად. როგორც ჩემთვის ცნობილია, ოფიციალურად ეს დარღვევა დამტკიცებული არ არის”.
ექსპერტების თქმით, ბათუმის დელფინარიუმში შავი ზღვის აფალინას არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ფინანსური სანქციები ემუქრება, თითოეულ დელფინზე საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობა. "ACCOBAM -ი აუცილებლად ატეხავს საერთაშორისო სკანდალს, ასევე CMS -ის კონვენციაც. არანაკლები რეაქცია ექნებათ: CITES-ს WDCS-ს, WWF - ს", - აცხადებს ლომაშვილი.
ბათუმის დელფინარიუმის გახსნა გასული წლის 26 მაისისთვის იგეგმებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ზოოპარკის გახსნისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი: "დღეს ჩვენ ზოოპარკი აღვადგინეთ, მომავალი წლის ზაფხულში კი გაიხსნება დელფინარიუმი, რომელიც საუკეთესო იქნება არა მარტო შავი ზღვის რეგიონში, არამედ მსოფლიოში. პირობას ვდებ- ბათუმში დელფინები დაბრუნდებიან”.
დელფინარიუმის გახსნა გასულ წელს ვერ მოხერხდა. 2009 წლის 30 ივლისს ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ რადიო ”კომერსანტს” განუცხადა, რომ ამის მიზეზი დელფინების გარემოსთან შეგუება იყო: ”ამ ეტაპზე დელფინებს ახალ გარემოსთან ვაჩვევთ და პრაქტიკულად ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს”.
იზო მაჭუტაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭაობის" ხელმძღვანელი: ”დელფინები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, რადგან დელფინი ადამიანის შემდეგ ერთადერთი არსებაა, რომელიც სიკვდილის წინ აგონიაში ვარდება. დელფინებს ტყვეობასთან შეგუება ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ავადმყოფობის, ინფექციური დაავადებების მიმართ. ამიტომ, ბუნებრივ პირობებთან შედარებით, პატიმრობაში სამჯერ იზრდება მათი სიკვდილიანობა.
დელფინარიუმის მოწყობა იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ მას ექნება ზღვაში გასასვლელი და დელფინებს შეეძლებათ თავისუფლად გასვლა.
ბათუმის დელფინარიუმი ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მეცენატობით აშენდა. მოგვიანებით შენობა ბათუმის მერიას გადაეცა. ბიზნესმენმა ამ მშენებლობაში 10 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა.
მასალამომზადებულიაპროექტის ,,გადამოწმებადემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტიხორციელდებაფონდების „NED" და „B|S|T’’ ფინანსურიმხარდაჭერით. საავტოროუფლებაეკუთვნისშპს "გაზეთბათუმელებს".
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!