"ამ ფასად ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?"
"დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება"
საქართველოს
ფაუნისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, - ასე შეაფასა მონადირეთა
ნაწილმა ცვლილება კანონში - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულებით, დაშვებულია
დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი
პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის
ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით დათვს 1.000 ლარად, შველს კი 5.00 ლარად
მოინადირებთ. ირმისთვის სროლის უფლება 1.300 ლარად მოგეცემათ, ყველაზე
ძვირი ჯიხვზე ნადირობაა, 1.500 ლარი დაგიჯდებათ.
საკითხავია, ვინ
დათვალა წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციები და რატომ დაიშვა ნადირობა
გაიშვიათებულ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე?
ჯანსუღ ბოჭორიშვილი (მონადირეთა წიგნის, ,"მონადირის გზამკვლევის", თანაავტორი, საქართველოს მონადირეთა კლუბ "მონადირის" წევრი):
- ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერ პოპულაციაზე ნადირობის
ლიცენზიის გაცემამდე, ზუსტად იციან ცხოველების რაოდენობა და გავრცელების
არეალი. შესაბამისად, კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულად არის განსაზღვრული
მათი ბუნებიდან ამოღების დასაშვები რაოდენობა. ამ კანონის მისაღებად თუ ამ
კრიტერიუმებით ისარგებლეს, იქნებ გაგვაცნონ ჩვენში ცხოველების ზუსტი
რაოდენობა.
- მგელზე, ტურაზე, მაჩვსა და კვერნაზე კარგა ხნის წინ
უნდა დაეშვათ ნადირობა. ძალიან დიდ ზარალს აყენებენ ფაუნას (ჩემი აზრით,
გამონაკლისი უნდა იყოს შველი, არჩვი და კურდღელი. რაოდენობიდან
გამომდინარე, დასაშვებია მათზე ლიმიტირებული ნადირობა). საქართველოში
თითზე ჩამოსათვლელი ირმის და ასევე გაიშვიათებული ჯიხვის მოკვლას პირადად
მე, სამშობლოს ღალატის ტოლფას დანაშაულად მივიჩნევ.
დაუშვებლად
მიმაჩნია ნადირობა კავკასიურ მურა დათვზეც. მიკვირს, ვინ და რა კრიტერიუმით
შეაფასა ირემი 1.300 ლარად? მაგ ფასად კარგ ძროხას ვერ იყიდი და
კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად
უნდა მოკლან?
ან ამ კანონებს ვინც წერს, საქმის მცოდნეს არაფერს ეკითხება? დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება.
ავთანდილ დარახველიძე (წიგნის "მონადირის გზამკვლევი"ს" თანაავტორი): - წინააღმდეგი ვარ ირემზე ნადირობისა.
მონადირეები
იმ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგებიან ამ განკარგულებას, თუ პროცესი
რეალურად კონტროლირებადი იქნება. მათ სწორედ კონტროლის იმედი არ აქვთ.
ეგერები ჩვენ არ გვყავს, გარემოს დაცვის ინსპექცია ფაქტობრივად არ
არსებობს, მათი 80% ჯიხვს და არჩვს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. უკონტროლობით
უკანასკნელ ეგზემპლარსაც მოვუსწრაფებთ სიცოცხლეს ისე, რომ არავის
ეცოდინება, ენდემური ჯიშის ბოლო წარმომადგენელი რომ გაანადგურა. ირემზე
ნადირობას იმ შემთხვევაში დავეთანხმებით, თუ მოხდება მათი საფუძვლიანი
შესწავლა, გამოვლინდება გადაბერებული და არაპროდუქტიული ხარ-ირმები,
რომლებიც ხელს უშლიან პოპულაციის ზრდას. მათი დახოცვა აუცილებელია. თუმცა,
პოპულაციის ზოგადი სიმცირის გამო, მთელ საქართველოში ასეთი ალბათ 4-5
ეგზემპლარი იქნება. ამას ეგერებმაც შეიძლება მიხედონ. თუ დასაბუთდება, რომ
ისინი ამოსაღებია, გასცენ ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები. სხვა
შემთხვევაში ირემზე, ჯიხვსა და შველზე, მით უფრო დედალ ეგზემპლარებზე
ნადირობა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს".
მონადირეთა და საზოგადოების კითხვების საფუძველზე "კვირის პალიტრა" ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ესაუბრა:
-
ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ სპეციალისტები აცხადებდნენ, "წითელ
წიგნში" შეტანილი სახეობები თანდათან მცირდებაო. სამინისტროს განკარგულებით
კი მათზე ნადირობა დაიშვა. რამ განაპირობა ამ განკარგულების მიღება?
-
ნადირობა საკმაოდ აზარტული მიმართულებაა, ამიტომ ამ დარგში ბევრი ტურისტის
მოზიდვა შეიძლება. ისინი დიდ თანხებს ხარჯავენ ნადირობისთვის. ამასთან,
იმის გამო, რომ შარშან სოფლები აიკლეს მგლებმა და ხალხი მათზე ნადირობის
ნებართვას მოითხოვდა, დავუშვით ეს უფლება. გარკვეულ სახეობებზე
ნადირობისთვის სპეციალური კვოტები დაწესდება.
- არის მეცნიერულად შესწავლილი გაიშვიათებული პოპულაციებიდან რომელიმეს გავრცელების არეალი, მათი ზუსტი რაოდენობა?
- ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. ყოველ წელს მოხდება კვოტების დადგენა და პოპულაციების შემოწმება.
- გაგვაცანით ამჯერად დადგენილი კვოტები.
- ამ ეტაპზე ვანგარიშობთ და ცოტა ხანში იქნება ინფორმაცია.
-
ორიოდე წლის წინ გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის გარემოს დაცვის
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები ამბობდნენ,
ბრაკონიერების თარეშმა საქართველოს ტყეებში კატასტროფულად შეამცირა ირემი,
ჯიხვი და მურა დათვიო. ორ წელიწადში მათი რაოდენობა იმდენად ჭარბი გახდა,
რომ ნადირობა დასაშვებია?
- გარემოს დაცვის სპეციალისტები
ამას მეტი გრანტის მიღების იმედით ამბობდნენ და არა იმიტომ, რომ მართალა
ასეთ მდგომარეობაში იყო ეს პოპულაციები. თუმცა ბრაკონიერები გამალებით
ნადირობდნენ ჯიხვსა და ირემზე. განა დღეს იგივე არ ხდება? ამ პოპულაციების
რაღაც რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებიდან არის ამოსაღები.
მაგალითად, ხნიერი მამალი ჯიხვი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან, რომ
გამრავლებას არ შეუშალოს ხელი. ჩვენ ამას ვნერგავთ და არა იმას, რომ
მონადირემ ხელაღებით აკეთოს ის, რაც უნდა.
- მონადირეთა ნაწილი კატეგორიულად მიუღებლად თვლის ჯიხვზე, ირემსა და მურა დათვზე ნადირობას.
- მონადირეთა ეგ კატეგორია ნუ ივლის სანადიროდ. სხვები კი მოინადირებენ იმდენს, რამდენის დახოცვაც დასაშვები იქნება.
- რის საფუძველზე განსაზღვრეთ სალიცენზიო ფასები?
-
მეზობელ ქვეყნებში არსებული ტარიფებისა და იმის მიხედვით, რომ საქართველო
იყოს კონკურენტუნარიანი. აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთს ესაზღვრება.
ჯიხვს ხომ ვერ აუკრძალავ საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას? თუ ის
მონადირეები, რომლებსაც ჯიხვზე ნადირობა არ უნდათ, აკრძალავენ ამას? თუ
აზერბაიჯანში დაშვებულია ნადირობა, საქართველომ რაღა დააშავა?
აზერბაიჯანის მაღალმთიან სოფლებში ჯიხვზე ნადირობა დიდად შემოსავლიანია.
რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საქართველოში?
- რომელი სამსახური გააკონტროლებს ნადირობას?
- ვინც დღეს აკონტროლებს, ხვალაც ის გააკონტროლებს.
- რომელიმე კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება გაქვთ გამოყენებული სამონადირეო წესების ახალი მოდელის შექმნისას?
- ნახეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. იცით, რომ ავსტრიაში ირმებზე ნადირობა უფასოა?
-
ეს შესაძლებელია იქ, სადაც მგლის არარსებობის გამო ირემი ძალიან ბევრია.
მგონი, საქართველოს და ავსტრიის შედარება ამ მხრივ მიზანშეწონილი არ უნდა
იყოს.
- თქვენ მკითხეთ, რომელი ქვეყნების მაგალითზე მიიღეთ ეს
დადგენილებაო და გპასუხობთ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე, მათ
შორის - ავსტრიის.
- როგორც ვიცი, ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი.
-
თქვენ გგონიათ, ავსტრიის "წითელ წიგნში" არ არის? "წითელი წიგნი" "წითელი
წიგნია" ყველგან. ჩვენ ყველაფერი გადამოწმებული გვაქვს, თქვენც
გადაამოწმეთ.
P.S. ინფორმაციის მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ
საქართველოში არსებული პოპულაცია - კეთილშობილი ირემი ენდემურია,
დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიისთვის. შესაბამისად სხვა ქვეყნებში ვერ
იპოვით, მათ შორის, ავსტრიაში. მცირერიცხოვნობის გამო საერთაშორისო "წითელ
წიგნშია" შეტანილი. ასევე დაცულია "საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი
ნუსხის" მიხედვით. იმავე ნუსხის მიხედვით დაცულია დასავლეთკავკასიური
ჯიხვი და მურა დათვიც. ეს სახეობები გადაშენების პირას არის. გადაშენებას
იწვევს ბრაკონიერობა, საძოვრების გაფართოების გამო საარსებო არეალის
შევიწროება, უკონტროლო ტურიზმი, ნადირობა და სხვ.
მურა დათვი
მურა დათვი გვხვდება დიდ კავკასიონზე, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში
და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის
საზღვართან. დაფიქსირებულია ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარის, კინტრიშის,
ბორჯომის ნაკრძალებში, თუშეთში, არხოტის, დურუჯის და ლიახვის ხეობებში,
თრიალეთის ქედზე, ბორჯომის ხეობაში, გურია-აჭარის ქედზე, დუშეთის რაიონში.
პოპულაცია ყველა ზონაში საგანგაშოდ შემცირებულია.
დასავლეთკავკასიური ჯიხვი
დასავლეთკავკასიური ჯიხვი გვხვდება სვანეთში, შესაძლებელია შემორჩენილი
იყოს რაჭასა (სვანეთის საზღვართან) და აფხაზეთში (რიწის ნაკრძალი).
კეთილშობილი ირემი
კეთილშობილი ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი, როგორც იშვიათი
სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ
სახეობათა კატეგორიას.
ამჟამად ირემი შემორჩენილია ლაგოდეხის,
ბორჯომის, გარდაბნის, თუშეთის, ლიახვის ხეობის, ქვემო სვანეთის და რიწის
ტერიტორიებზე. ყველაზე მრავალრიცხოვანია ლაგოდეხის პოპულაცია. ბორჯომის,
თუშეთის და გარდაბნის პოპულაციები ძალზე მცირერიცხოვანია და საფრთხის
პირასაა.
ეკა ლომიძე