ქართველი მორაგბეების ნადირობა კურდღელზე ახალ ზელანდიაში
ქვინზთაუნთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი ვატანოა, ძირითადად ფერმერებითაა დასახლებული. აქ ქართველი მორაგბეები სარაგბო კლუბ "იუპერ რუთას" რეზიდენციაში ბარბექიუზე მიიწვიეს. გუნდი ორად გაიყო. ნაწილმა იქვე ტბაზე ნავებით სეირნობა და თევზის ჭერა გადაწყვიტა, მერე ჯგუფმა კი კურდღლებზე ნადირობა არჩია.
მასპინძლებმა ერთ-ერთი თავიანთი მეგობრის ფერმაში მიგვიყვანეს. აქაც ჯგუფი ორად გაიყო, ვინც ადგილზე დარჩა სასტენდო სროლით გაერთო. მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი, გივი ბერიშვილი და ლაშა მალაღურაძე კი კურდღლების გასანადგურებლად გაემართნენ.
ერთი უცნაური დეტალი. ახალზელანდიელები კურდღლის ხორცს არ გეახლებიან. მიაჩნიათ, რომ ის სარეველა ცხოველია და ძროხასა და ცხვარს ბალახს უჭამს. ეს ორი მსხვილფეხა შინაური ცხოველი კი ადგილობრივებისთის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. კურდღლისგან ხეირი ცოტაა. ამიტომ მუსრს ავლებენ, თუმცა ის მაინც ძალიან დიდი სისწრფით მრავლდება.
ჩვენს მასპინძელს ფერმაში სრულიად სხვა ცხოველის ბიზნესი აქვს. ფერმა რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული და მაღალ მთა-გორებს მოიცავს. აქ ექვსი ათასამდე შველ-ირემი ბინადრობს.
გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა, ნაწილმა ფეხდაფეხ, ნაწილმა კი პატარა ვერტმფრენით კურდღლებზე ინადირა. ყველაზე მეტი კურდღელი შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა მოინადირა. მის ანგარიშზე შვიდი კურდღელია. ორ-ორი მიითვალეს, მამუკა გორგოძემ, დავით კაჭარავამ და გივი ბერიშვილმა, ერთიც ჯაბა ბრეგვაძემ. მგეზავებმა მერაბ კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, რომლებიც ასევე საქართველოს ნაკრების მთავარი დამრტყმელები არიან, მიზანში ვერ გაარტყეს.
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!