22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) მხარდაჭერით საქართველოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით "ბაღის ფრინველთა საათი" გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს. "ბაღის ფრინველთა საათის" კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული. ღონისძიება საქართველოში მესამე წელია ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულების, სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეცნიერული მიდგომის ჩამოყალიბებას, ცოდნის გაღრმავებას გარემოსდაცვით საკითხებში და ფრინველთა სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივებას. ფართოდ გავრცელებული ფრინველების შესახებ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებით, კამპანია ხელს უწყობს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებული მჭიდრო კავშირის გაცნობიერებას, ვინაიდან ბაღის ფრინველთა არსებობა და რაოდენობა კარგი მანიშნებელია, თუ რამდენად ჯანსაღია ჩვენი საცხოვრებელი გარემო. გარემოს დაცვის სამინისტროში კი ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. დაცული ტერიტორიების სააგენტო კი მათ საჩუქრად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკო-ტურს მოუწყობს. ღონისძიება ევრაზიის ფონდის და BP-ის მხარდაჭერით გაიმართა. moe.gov.ge-ს მასალების მიხედვით
წყარო:
|