2011 წლის „ჰიტი" - სათაფლიას ზღაპარი -თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის თბილისის გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯია" -ს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF 2011 გაიხსნა. კავკასიის მე-13 საერთაშორისო გამოფენა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნეს. გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გამოფენაზე სპეციალური საინფორმაციო კუთხე აქვს წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში საგამოფენო ცენტრში დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ქობულეთის, კინტრიშის, იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიებისა და კოლხეთის, ბორჯომის, მტირალას ეროვნული პარკების ტურისტულ ინფრასტრუქტურას და სერვისებს გაეცნონ. საგამოფენო სტენდებზე ტურისტული რუკების გარდა წარმოდგენილი არის ორიგინალური ექსპოზიციები, ბუნების უნიკალური ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების ფოტო, ვიდეო და ბეჭდვითი მასალები. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს შეუძლია თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანოს საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. წელს ჩვენ, გარდა სხვა ინფორმაციებისა წარმოდგენილი გვაქვს წლევანდელი „ჰიტი," ეს არის სათაფლიას ნაკრძალი. ყველას მოვუწოდებ, რომ ნახონ ეს თანამედროვე ზღაპარი, რომელიც სათავეს იღებს ძალიან, ძალიან ბევრი საუკუნის წინ." - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. 2011 წლის გამოფენის მთავარი მიზანია შიდა ტურისტული ბაზრის წარმოჩენა, ახალი ტურისტული პროდუქტების, კურორტების, პროექტების პრეზენტაცია-პოპულარიზაცია, ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, ქართული და უცხოური ტურისტული სააგენტოების შიდა და გარე ტურების შეთავაზება მომხმარებლისთვის. „ამ წელს გამოფენაში როგორც თურქეთიდან, ისე ირანიდან, ყაზახეთიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც პირველ კვარტალში, როდესაც 41 %-ით გაიზარდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა, მომავალშიც გაგრძელდება ვიზიტორების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ამ სფეროში განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი." - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. გამოფენა კომპანია "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, რესტორნები, სადაზღვევო კომპანიები, გამომცემლობები, ტურისტული ასოციაციები და სხვა. moe.gov.ge-ს მასალებიდან
წყარო:
|