გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, უწყების მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა და 2022 წლის გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ბრაკონიერობასთან ბრძოლის მიმართულებით. ცვლილებების მიზანი სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის მოწესრიგება, შედეგი კი - უკანონო თევზჭერის აღკვეთა და პრევენციაა. ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. ცვლილებების თანახმად, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად, ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღება 7, 10 ან 14 დღით. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხა აკრძალული ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებებით თევზჭერა კი, პირდაპირ დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის დანაშაულად, რისთვისაც სანქცია იქნება - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 320-400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები მომავალ წელსაც იგეგმება. ცვლილებათა პაკეტების მომზადებისას, იგეგმება აქტიური შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან, რათა მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ.
უკანონო ტყითსარგებლობის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, წიაღის უკანონო მოპოვების, ბრაკონიერობის და ზოგადად, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების კონტროლი, პრევენცია და აღკვეთა 2022 წელსაც რჩება დეპარტამენტის მთავარ პრიორიტეტად, რაც, მინისტრის განცხადებით, სრულ თანხვედრაშია გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის გრძელვადიან სტრატეგიასთან. ამ მიზნით, იგეგმება დეპარტამენტის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რაც უწყების ფუნქცია-მოვალეობებს გაზრდის, შესაბამისად, გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეეხო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, 2021 წელს (ნოემბრის მდგომარეობით), ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 418 ფაქტს, რომელთაგან 315 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გამოვლენილი სამართალდარღვევების მეტი წილი, უკანონო ტყითსარგებლობაზე მოდის. 2021 წელს, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1 227 574 ლარია.
2021 წელს, განხორციელდა რეგულირების ობიექტების 144 ინსპექტირება. გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოფხვრის ან რაიმე ქმედებებისგან თავის შეკავების მიზნით, დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინა რეგულირების 70 ობიექტს.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიზნით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევაზე. მას შემდეგ კი, რაც დეპარტამენტს ამგვარ შემთხვევებში ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვის უფლება მიენიჭა, საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით ადმინისტრაციული მიწერილობები რეგულირების 13 ობიექტს წარედგინა.
გარდა ამისა, ამოქმედდა დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ინსტუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების მიზნით, 2016-2021 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, 363 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულ იქნა საავტომობილო საწვავის 927 სინჯი.
#გარემოსდაცვა2021
#გზდ2021
წყარო: http://გარემოსდაცვა
|