მთავარი » 2017»მარტი»15 » ოფისში მუშაობას გარეთ, ბუნებაში ყოფნა მირჩევნია
12:19:15
ოფისში მუშაობას გარეთ, ბუნებაში ყოფნა მირჩევნია
24 წლის ნატა ჯაფარიძე უკვე ორი წელია სვანეთში, კურორტ თეთნულდზე მაშველად მუშაობს. გოგონა მესტიაში დაიბადა, თბილისში კარგი სამსახურის მიუხედავად, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვლავ მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და მაშველობა დაიწყო. როგორც ამბობს, ამ საქმიანობამდე მთის, ბუნების და საკუთარი კუთხის სიყვარულმა მიიყვანა...
- მესტიაში დავიბადე, სკოლა აქვე დავამთავრე, შემდეგ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობაზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მესტიაში დავბრუნდი. ვმუშაობდი თბილისში, თუმცა მიყვარს აქაურობა და მინდოდა სამსახური ჩემს უსაყვარლეს კუთხეში დამეწყო. ვიდრე მაშველობას დავიწყებდი, გიდად ვმუშაობდი. 2016 წელს ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი გაიხსნა, განცხადება შევიტანე მაშველის პოზიციაზე, შემდეგ გავიარე მოსამზადებელი პერიოდი და ასევე ტრენინგები. ბოლოს სრიალში და საკაცით ადამიანის გადაყვანაში გამოცდაც ჩავაბარე და კონკურსანტებს შორის მე ამარჩიეს. იმდენად მომწონდა ეს საქმე, რომ ამ გადაწყვეტილებამდე, როდესაც სასრიალოდ ჰაწვალში ავდიოდი ხოლმე, იქ მომუშავე მაშველებს ხუმრობით ვეუბნებოდი, მაშველად დამაწყებინეთ მუშაობა-მეთქი. მალევე ჩემი ეს ხუმრობა რეალობად იქცა და უკვე მეორე წელია ხალხის სამსახურში ვარ.
- მიიჩნევა, რომ ეს პროფესია არათუ ქალისთვის, მამაკაცისთვისაც კი ძალიან რთულია...
- გეთანხმებით, რთული ნამდვილად არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო ამ საქმის კეთებაა. ბავშვობიდან თხილამურებზე ვდგავარ. ისიც არის ალბათ, რომ მიყვარს ხალხის დახმარება და რაც მთავარია, მსიამოვნებს ამის კეთება. სხვანაირი სამუშაო გარემო დიდად არ მომწონდა, ქალაქში ან თუნდაც ოფისში მუშაობას გარეთ, ბუნებაში ყოფნა მირჩევნია. ჩემგან შორს არის მთელი დღე ერთ ადგილას ჯდომა და ყოველდღე ერთი და იგივე საქმის კეთება. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი ეს პროფესია აღმოჩნდა. ამ საქმიანობამდე მთის და ბუნების სიყვარულმა მიმიყვანა... fb - მომიყევი შენი ერთი დღის განრიგის შესახებ.. რა შედის შენს მოვალეობაში?
- სამუშაო დღე დილით საბაგიროს გახსნისთანავე იწყება და საღამომდე გრძელდება. ჩემი მოვალეობა, საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებული ადამიანებისთვის პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა, შემდგომი ეტაპი კი უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამდე მიყვანაა. ჩემს მოვალეობაში ასევე, საბაგიროს გაჩერების შემთხვევაში ადამიანების ჩამოყვანა, სასრიალო ტრასის კონტროლი და მოწესრიგება შედის.
- ამ საქმის კეთება ხომ სეზონურად გიწევს.. სხვას რას საქმიანობ?
- აპირებენ საბაგირომ ზაფხულობითაც იმუშაოს. ამიტომაც მომიწევს, ზამთრის გარდა, წელიწადის სხვა დროსაც მუშაობა, რადგან მნახველი ამ კურორტს ყველა სეზონზე ჰყავს.. ამ საქმიანობის გარდა, ვცდილობ ბევრი რამ გავაკეთო, ვარ გიდიც და ტურისტებს ვათვალიერებინებ სხვადასხვა ადგილებს. დავდივარ მთაში მეგობრებთან ერთად და ვაკეთებ ჩემ საყვარელ საქმეებს.
- მძიმე შემთხვევები თუ გაქვს ხოლმე?
- საბედნიეროდ მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, მსუბუქი დაზიანებები კი ყოველდღიურად ხდება. ყველაზე მძიმე შემთხვევად შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ ერთხელ საკაცით მომიწია დაშავებულის სასწრაფო ბრიგადამდე ჩაყვანა.
- შენს გარდა გოგო მაშველი კიდევ ხომ არ არის თქვენთან?
- სულ 18 მაშველი ვართ, ჩემს გარდა კიდევ არის ერთი გოგონა - თათია ჯაფარიძე, რომელიც წელს შემოგვემატა, რაც ძალიან მიხარია...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!