3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა.ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებისა და ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების გზად განიხილავს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ოდენობასთან მიმართებით საკმაოდ სოლიდური ციფრია. ამასთან, შსს-ს განმარტებით, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს მეორადი – 5-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილები წარმოადგენს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პროექტის ავტორის – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოქმედი "საგადასახადო კოდექსით" განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს, ვერ ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სიტიმულირება და უფრო უკეთესი პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი ხდება."ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის არსებული განაკვეთები 2004 წელს დადგინდა, როდესაც სატრანსპორტო სფეროში დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო. გარდა ამისა, არსებული განაკვეთები იმ პერიოდში ბევრად უფრო მეტი ფისკალური ეფექტის მქონე იყო, ვიდრე დღეს. შესაბამისად, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთების ცვლილება, არსებული რეალობის გათვალიწინებით. აქციზის განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად, ძველი ავტომობილების იმპორტისათვის გარკვეული ბარიერის შექმნას, მაღალი გადასახადის სახით", - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ერთვის თან.გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და ძრავიანი ველოსიპედების იმპორტისა და მიწოდების გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან და მათი იმპორტის დაბეგვრას აქციზით, მათი წლოვანებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით."აღნიშნული ცვლილების მიზანია შედარებით ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებების ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმის შემოღება. კერძოდ, მოტოციკლეტების, მოპედებისა და ძრავიანი ველოსიპედების საშუალო საბაჟო ღირებულებისა და მასზე დასარიცხი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობიდან გამომდინარე, შემოთავაზებული განაკვეთების პირობებში საქონლის გაფორმებისას დასარიცხი იმპორტის გადასახდელები საკმაოდ შემცირებულია. ამასთან, ვინაიდან აქციზით მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების კატეგორია იბეგრება, განაკვეთების გაზრდა კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს ნაკლებად შეეხება და შესაბამისად, არ გახდება ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი. ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ავტოპარკის განახლების აუცილებლობით", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. |